გაეროს გენერალური მდივნის, ანტონიო გუტიერეშის პრესსპიკერის განცხადებით, ორგანიზაცია შეშფოთებით აკვირდება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს. სტეპფანი დუიარიჩის თქმით, ადამიანის უფლებების დარღვევები გამოძიებული უნდა იყოს.
„შეშფოთებით ვაკვირდებით საქართველოში მიმდინარე მოვლენებს და ხაზს ვუსვამთ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებების პატივისცემის მნიშვნელობას. აგრეთვე მნიშვნელოვანია, რომ ადამიანის უფლებების დარღვევის ყველა შეტყობინება გამოძიებული იყოს სწრაფად და სრულად გამჭვირვალედ. გენერალური მდივანი მოუწოდებს ყველა აქტორს, თავი შეიკავონ ისეთი ქმედებებისგან, რომლებმაც ძალადობა შეიძლება გამოიწვიონ და შეეცადონ, უთანხმოებები დიალოგის მეშვეობით დაძლიონ“, — აცხადებს იგი.
მეთორმეტე დღეა ასობით ათასი ადამიანი გამოდის თბილისში და საქართველოს სხვა ქალაქებში. დემონსტრაციები, როგორც წესი, ძალადობრივად ირბევა გამთენიისას. დაკავებულია და სასტიკად ნაცემი ასობით ადამიანი, მათ შორის, მედიის წარმომადგენლები, სახელოვნებო სივრცის წარმომადგენლები. არაიდენტიფიცირებადი პირები ჯგუფურად თავს ესხმიან ქუჩებში მოქალაქეებსა და მედიის წარმომადგენლებს.
მასობრივი პროტესტი მოჰყვა ირაკლი კობახიძის 28 ნოემბრის განცხადებას, რომ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დაწყების საკითხის დღის წესრიგიდან მოხსნის შესახებ.