ადგურ არძინბა და სხვები – ვის უნდა პრეზიდენტობა აფხაზეთში

2 weeks ago 15

ბეჟან მატუა სოხუმიდან


ვინ შეიძლება გახდეს აფხაზეთის [აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკა – რედ.] საპრეზიდენტო კანდიდატი?

2025 წლის 15 თებერვალს, აფხაზეთში ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები გაიმართება. 19 ნოემბერს ასლან ბჟანიამ პრეზიდენტის თანამდებობა დატოვა, ადმინისტრაციული შენობის კომპლექსში 4 დღიანი არეულობისა და ოპოზიციასთან მოლაპარაკების შედეგად. კანონის მიხედვით, პარლამენტმა ვადამდელი არჩევნები ორ კვირაში დანიშნა. შემდეგი არჩევნები მარტში უნდა გამართულიყო, თუმცა პოლიტიკური დაძაბულობის გამო, თარიღი შეიცვალა. საპრეზიდენტო კანდიდატების საინიციატივო ჯგუფების რეგისტრაცია 17 დეკემბერს დაიწყება. თუმცა, დღეს მხოლოდ ორ მათგანზეა დანამდვილებით ცნობილი. ეს არის ერთიანი კანდიდატი ოპოზიციიდან, ადგურ არძინბა, რომელიც კანდიდატად ხუთმა ორგანიზაციამ დაასახელა. ესენია პარტია “ФНЕА”, პარტია “АПСНЫ”, საზოგადოებრივი ვეტერანთა ორგანიზაცია “АРУАА”, საზოგადოებრივი ორგანიზაცია “აფხაზეთის სახალხო მოძრაობა” და “Аидгылара”.

ადგურ არძინბა

არძინბას საპრეზიდენტო ამბიციები ჯერ კიდევ სამთავრობო კარიერის დაწყებიდან ჰქონდა, როდესაც ის ეკონომიკის მინისტრად მუშაობდა რაულ ხაჯიმბას პრეზიდენტობის დროს 2014 წლიდან 2019 წლამდე.

“მახსოვს, ადრეულ ახალგაზრდობაში როგორ ამბობდა, რომ მისი ორი მთავარი ოცნება მდიდარი ოჯახის შვილზე დაქორწინება და პრეზიდენტობა იყო.  მან მიაღწია თავის პირველ მიზანს. მეორე მიზანიც ახლოსაა,” – ამბობს ერთ-ერთი ადამიანი, ვინც კარგად იცნობს არძინბას.

ამჟამად, არძინბას რეიტინგი ყველაზე მაღლად შესაძლოა ჩაითვალოს აფხაზ პოლიტიკოსებს შორის. ვინც ნეიტრალურ პოზიციას ინარჩუნებდა ან პოლიტიკიდან გასული იყო, სოხუმში ბოლო მოვლენების შემდეგ, ამბობენ, რომ ადგურ არძინბას უჭერენ მხარს და ხმას სწორედ მას მისცემენ, რადგან მასში ყოფილი პრეზიდენტის ალტერნატივასა და პიროვნებას ხედავენ, რომელსაც შეუძლია შეცვალოს სიტუაცია რუს ოლიგარქებთან მიმართებაში.

“არძინბაში ჯანსაღ ამბიციებს ვხედავ და სურვილს, გახდეს ხალხის პრეზიდენტი, როგორც ვლადისლავი (არძინბა). ის არ ვაჭრობს სამშობლოთი, რადგან ვხედავ, რომ მისი რეპუტაცია მისთვის უფრო ღირებულია,” – ამბობს სოხუმის ერთ-ერთი მცხოვრები.

ასლან ბჟანია

ჯერჯერობით უცნობია, იყრის თუ არა კენჭს ასლან ბჟანია საპრეზიდენტო არჩევნებში. ერთის მხრივ, ის საჯაროდ აცხადებდა, რომ აპირებდა საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, მეორე მხრივ, კულუარებში საუბრისას ნათქვამი იყო, რომ მისი გარემოცვა წინააღმდეგი იყო, რადგან ყოფილი პრეზიდენტის რეიტინგი იმდენად დაბალია, რომ მას მეორე ტურში გადასვლის შანსიც მცირე აქვს. ამომრჩევლებს შორის, რომლებიც ხელისუფლებას უჭერენ მხარს, ასევე არსებობს მოსაზრება, რომ იმ გუნდის შესანარჩუნებლად, რომელიც ახლა საკვანძო პოზიციებს იკავებს მთავრობაში, საპრეზიდენტო კანდიდატი სხვა ადამიანი უნდა იყოს.

“მე მჯერა ბჟანიასი, ის ყველაზე ადეკვატური პოლიტიკოსია. მას ესმის, რომ რუსეთი სერიოზულად აღგვიქვამს და ცდილობს ორმხრივად მომგებიან თანამშრომლობას, რომ ბედის წყალობაზე არ დავრჩეთ. ოპოზიციას კი, არ ესმის რა პოლიტიკური ვითარებაა, ისინი ამ ურთიერთობებს აფუჭებენ. მაგრამ ახლა ბჟანიას, სამწუხაროდ, არც თუ ისე მაღალი რეიტინგი აქვს. ამ გუნდიდან კიდევ ერთი კანდიდატი გვჭირდება,” – ამბობს აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტის ერთ-ერთი მხარდამჭერი.

ბადრა გუნბა

ამჟამად ვიცე-პრეზიდენტი ბადრა გუნბა პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის პოსტს იკავებს. აფხაზეთში მას ყოველთვის “ანქვაბის კაცად” მიიჩნევდნენ. მისი წყალობით, გუნბა ერთ დროს კულტურის მინისტრის პოსტს იკავებდა, დანარჩენ დროს კი  იყო “რუხი კარდინალი”, როგორც ალექსანდრ ანქვაბს უწოდებენ. არიან ისეთებიც, ვინც გუნბას ბჟანია-ანქვაბის გუნდის იდეალურ კანდიდატად მიიჩნევს, თუმცა მისი რეიტინგი მოსახლეობაში უცნობია. თანამდებობაზე კენჭისყრის სურვილის შესახებ კი, ჯერ ინფორმაცია არ ვრცელდება.

და სხვები

არჩევნებში მონაწილეობის სურვილი გამოთქვა რუსეთის ფედერაციაში აფხაზეთის ყოფილმა წარმომადგენელმა სავაჭრო საკითხებში ოლეგ ბარციცმა. მის სახელსაც ყოველთვის ალექსანდრ ანქვაბის სახელს უკავშირებდნენ. მაგრამ ისინი, ვინც პირდაპირ კავშირშია ორივე პირთან, ამტკიცებენ, რომ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, ბარციცსა და ანქვაბს შორის არანაირი კავშირი არ ყოფილა.

არსებობს ვერსია, რომ მარადიული კანდიდატები – შამილ აძინბა და ლეონიდ ძაფშბა, რომლებიც 2011 და 2014 წლიდან იღებენ არჩევნებში მონაწილეობას, წარადგენენ თავიანთ კანდიდატურებს, მაგრამ ერთ ათეულ პროცენტსაც კი ვერ აგროვებენ ხოლმე.

შამილ აძინბა დღეს აფხაზეთის სახალხო პარტიას ხელმძღვანელობს და პერიოდულად აკეთებს ნებისმიერ განცხადებას იმასთან დაკავშირებით, რაც ხდება აფხაზეთში. აქედან გამომდინარე, შესაძლებელია ვივარაუდოთ, რომ მას შეუძლია დაარეგისტრიროს კანდიდატურა. რაც შეეხება ძაფშბას, ის ამჟამად საინფორმაციო ველიდან გასულია და შექმნილ ვითარებაზე თავის მოსაზრებას არ გამოხატავს.

როგორც ანალიტიკოსები აცხადებენ, თუ სამი კანდიდატი იქნება, ანუ არძინბა, ბარციცი და ბჟანია, მაშინ ადგურ არძინბას გამარჯვება პირველ ტურში გარანტირებულია. მაგრამ თუკი მეტი იქნება, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლის ხმები შესაძლოა გაიყოს კანდიდატებს შორის და არჩევნები აფხაზეთში ორ ტურად ჩატარდეს.

სრულად წაკითხვა