ადვოკატის თქმით, ელისაშვილს დაკავებისას სცემეს

2 weeks ago 5

„ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთი ლიდერის, ალეკო ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ოპოზიციონერი პოლიტიკოსი, რომელიც 4 დეკემბერს დააკავეს, ნაცემია.

როგორც ადვოკატი გიორგი რეხვიაშვილი აცხადებს, ელისაშვილს დაზიანებები აქვს, როგორც სახეზე ისე, გვერდებში. ის ვარაუდობს, რომ პოლიტიკოსს ნეკნი აქვს მოტეხილი.

ელისაშვილის უფლებადამცველი მის კლინიკაში გადაყვანას ითხოვს.

„სახეზე აღენიშნება მძიმე დაზიანებები, როგორც ჩანს, ის დაკავების მომენტში არის ნაცემი. აგრეთვე აქვს ზურგის არეში დაზიანებები მიყენებული და ვვარაუდობთ, რომ ნეკნი აქვს დაზიანებული, მოტეხილი და ვითხოვთ, რომ გადაიყვანონ სამედიცინო დაწესებულებაში“, – განუცხადა „ტვ პირველს“ გიორგი რეხვიაშვილმა.

ალეკო ელისაშვილი, გუშინ, 4 დეკემბერს, თბილისში, თავისუფლების მოედანზე მდებარე სასტუმრო ქორთიარდ მარიოტთან დააკავეს, სადაც ის ოპოზიციის შეხვედრაზე იმყოფებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ელისაშვილი სისხლის სამართლის 156-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვისაა დაკავებული, რაც ძალადობის გამოყენებით ჩადენილ დევნას გულისხმობს. დანაშაული 3 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

როგორც შსს აცხადებს, ალეკო ელისაშვილმა 2 დეკემბერს, თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მდებარე ერთ-ერთ აფთიაქთან, „ქართული ოცნების“ წევრს, ალი ბაბაევს თავს დაესხა და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა პარტიული შეხედულების გამო.

თუმცა ელისაშვილის ადვოკატი აცხადებს, რომ ბაბაევმა ოპოზიციონერ პოლიტიკოსს პროვოკაცია მოუწყო. მისი თქმით, ალეკო ელისაშვილი თავს უდანაშაულოდ მიიჩნევს.

„ის არ იცნობდა ბაბაევს. მისი მხრიდან იყო პროვოკაცია და პროვოკაციიდან გამომდინარე, მან შეაგინა. ალეკო ელისაშვილმა მას საკადრისი პასუხი გასცა. ჩვენ გაგვაჩნია შესაბამისი მტკიცებულებები, სადაც ჩანს, რომ ალი ბაბაევი იღებს რკინის მეტალს და მიდის ალეკო ელისაშვილისთვის დასარტყმელად და ზიანის მისაყენებლად. მან მოახდინა რეაგირება, თავი დაიცვა, თუმცა ამის მიუხედავად, ბრალი წაუყენეს არა ალი ბაბაევს, არამედ ალეკო ელისაშვილს“, – აცხადებს „ტვ პირველთან“ გიორგი რეხვიაშვილი.

სრულად წაკითხვა