ავსტრიულმა კომპანია OMV-მ რუსული გაზის მიწოდებაზე უარი განაცხადა

1 week ago 7

ცენტრალურ ევროპაში უმსხვილესი ავსტრიული ნავთობისა და გაზის კომპანია OMV-მ გაწყვიტა კონტრაქტი რუსულ კომპანია "გაზპრომ ექსპორტთან" ბუნებრივი აირის მიწოდების თაობაზე. ხელშეკრულება 2006 წელს გაფორმდა და 2040 წლამდე უნდა ყოფილიყო ძალაში. ამის შესახებ კომპანიამ თავის ვებგვერდზე განაცხადა. OMV-ის მენეჯმენტმა თავისი გადაწყვეტილება "გაზპრომ ექსპორტის" (გაზპრომის შვილობილი კომპანია) მხრიდან სახელშეკრულებო ვალდებულებების მრავალი მნიშვნელოვანი დარღვევით ახსნა.

კომპანია OMV-ის ვებგვერდზე აღნიშნულია, რომ მისი გაზსაცავი ობიექტები 85%-ით არის სავსე და კომპანია ირწმუნება, რომ მას შეუძლია შეასრულოს თავისი ვალდებულებები ალტერნატიული წყაროების საშუალებით. მათ შორის, ნორვეგიასა და ავსტრიაში საკუთარი გაზის მოპოვებითა და თხევადი ბუნებრივი აირის დამატებითი გრძელვადიანი მიწოდების გზით.

უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის დაწყების შემდეგ გაზის მიწოდებაში შეფერხებებმა იჩინა თავი. კომპანია OMV-მ "გაზპრომის" წინააღმდეგ სარჩელი შეიტანა საერთაშორისო არბიტრაჟში განსახილველად და 243 მილიონ ევროზე მეტი ზიანის კომპენსაციას მიაღწია. გარდა ამისა, ავსტრიის გაზის ქსელის ოპერატორებსა და "გაზპრომს" შორის ხელშეკრულება 2024 წლის სექტემბერში დასრულდა.

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ავსტრიული კომპანიის ქცევას უსამართლო უწოდა და ხაზი გაუსვა, რომ მოსკოვი არ აპირებს "ქველმოქმედების კეთებას."

ავსტრია ევროკავშირის იმ მცირერიცხოვან ქვეყნებს შორის ერთ-ერთია, რომელიც კვლავაც რუსულ გაზზეა დამოკიდებული. ავსტრიას რუსეთის ბუნებრივი აირი მიეწოდება გაზსადენების მეშვეობით, მათ შორის - უკრაინის ტერიტორიის გავლით. კიევმა არაერთხელ განაცხადა, რომ არსებული კონტრაქტების ამოწურვის შემდეგ, "გაზპრომთან" ხელშეკრულებას არ გაახანგრძლივებს

სრულად წაკითხვა