აზერბაიჯანში, სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვის წინააღმდეგ გამოხატული პროტესტის შემდეგ, ნახიჩევანის მცხოვრებს, გუდრატ აბდულაევს, 25-დღიანი, ხოლო აფშერონის რაიონის მცხოვრებს, 29 წლის რაფაელ ჰუსეინზადეს 30-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდეს. ამის შესახებ გამოცემა „კავკაზსკი უზელი“ დაკავებულების ოჯახის წევრებზე დაყრდნობით წერს.
გამოცემის ცნობით, აბდულაევი 7 ოქტომბერს, დილით, ნახიჩევანში დააკავეს. მისი დედის, ანტიგა აბდულაევას თქმით, შვილის დაკავების შესახებ თავდაპირველად მეგობრებისგან შეიტყო, რომლებმაც სახლში მისი ავტომობილი მიიყვანეს. მოგვიანებით გაირკვა, რომ აბდულაევი TikTok-ზე გამოქვეყნებული ვიდეოს გამო დააკავეს, რომელშიც ის სკოლებში ჰიჯაბის ტარების შეზღუდვას აკრიტიკებდა.
მეორე დაკავებული, რაფაელ ჰუსეინზადე, აფშერონის რაიონის სოფელ მაჰამადიში ცხოვრობს. მისი მამა, ფიზული ჰუსეინოვი, გამოცემასთან საუბარში ამბობს, რომ შვილმა 11 ოქტომბრის ღამეს ადგილობრივი სკოლის შენობაზე წარწერა „თავისუფლება ჰიჯაბს!“ გააკეთა, გადაიღო და სოციალურ ქსელებში გაავრცელა. იმავე დილით პოლიციამ ის სახლიდან წაიყვანა.
ჰიჯაბის შეზღუდვა და საპროტესტო გამოსვლები
აზერბაიჯანის მთავრობამ 21 სექტემბერს სახელმწიფო სკოლების მოსწავლეთა ჩაცმულობის წესებში ცვლილებები შეიტანა. ახალი მოთხოვნების თანახმად, მოსწავლეებს ეკრძალებათ ისეთი სამოსის ტარება, რომელიც ერთიანი სასკოლო ფორმის სტანდარტს არღვევს ან განათლების სეკულარულ პრინციპს არ შეესაბამება. ოფიციალურ დოკუმენტში ჰიჯაბი პირდაპირ ნახსენები არ არის, თუმცა უფლებადამცველები და მორწმუნეთა უფლებების დამცველები მიიჩნევენ, რომ შეზღუდვა სწორედ მუსლიმი მოსწავლე გოგონების თავსაბურავსაც ეხება.
პარლამენტის წევრის, ჯეიჰუნ მამედოვის განმარტებით, ცვლილებების მიზანია სკოლებში რელიგიური, ეთნიკური და სოციალურ-ეკონომიკური განსხვავებების აღმოფხვრა. შეზღუდვის მოწინააღმდეგეები კი აცხადებენ, რომ ის რელიგიის თავისუფლებასა და განათლების მიღების უფლებას ზღუდავს.
ახალი წესების ამოქმედებას მოსწავლეებისა და მშობლების პროტესტი მოჰყვა. ზოგიერთ სკოლაში ჰიჯაბიანი გოგონები გაკვეთილებზე არ შეუშვეს, რის შემდეგაც მოსწავლეებმა საპროტესტო აქციები გამართეს და ზოგან გაკვეთილებს სკოლის გარეთ ატარებდნენ.
აზერბაიჯანის შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ახალი წესების წინააღმდეგ გამართულ გამოსვლებთან დაკავშირებით 37 ადამიანი დააკავეს. აქტივისტები კი აცხადებდნენ, რომ დაკავებულთა რაოდენობა 200-ს აჭარბებდა. გავრცელდა ცნობები სკოლის დირექტორის ავტომობილის დაწვისა და სხვა ავტომობილების დაწვის შემთხვევების შესახებაც.
ჰიჯაბის ტარების შეზღუდვის გარშემო დაპირისპირება აზერბაიჯანში რელიგიური თავისუფლებისა და განათლების სეკულარული ხასიათის შესახებ დისკუსიის ფონზე მიმდინარეობს.
netgazeti