ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ საზოგადოების ნაწილი პოლიციაზე ძალადობას არ გმობს

2 weeks ago 8

შინაგან საქმეთა მინისტრის პირველი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე ამბობს, რომ თბილისის ქუჩებში დანაშაულის შემთხვევები შესაძლოა ყოფილყო დანაშაულის დაუსჯელობის განცდა. მათ შორის მან ისაუბრა პოლიციელებზე ძალადობის შემთხვევებზეც.

მან სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე ჩამოთვალა 28 ნოემბრის შემდეგ დედაქალაქის ცენტრში მომხდარი სავარაუდო დანაშაულის შემთხვევები და თქვა, რომ უწყება მიესალმება პრემიერ-მინისტრის ინიციიატივას, რომლის მიხედვითაც აქციის მონაწილეებს აეკრძალებათ სახის დაფარვა.

„ამ ქმედებების შედეგად დაშავებულია 150-ზე მეტი პოლიციელი, რომლის შესახებაც სამწუხაროდ ოპოზიციური პარტიები, აქციის მონაწილეები და სამწუხაროდ ზოგიერთი მედია საშუალებები არ საუბრობენ და ვერც აღნიშნული ფაქტის დაგმობა ნახა საზოგადოებამ...

მარტივი ანალიზიც კი ნათლად აჩვენებს, რომ აღნიშნული ძალადობის წამახალისებელი და განმაპირობებელი ფაქტორი შეიძლება ყოფილიყო დაუსჯელობის განცდა, რაც ძალადობრივი ქმედებების ჩამდენ პირებს სწორედ სახის დაფარვისა და იდენტიფიცირების შეუძლებლობა უჩენდათ“, - თქვა მინისტრის პირველმა მოადგილემ.

მან მედიისთვის ინფორმაციის გაცნობა დაიწყო „TV პირველის“ გადამღებ ჯგუფზე მომხდარი ძალადობის შემთხვევაზე საუბრით, თუმცა არ უხსენებია, არც დაშავებული ჟურნალისტისა და ოპერატორის სახელები და გვარები და არც ის მედია, რომელსაც ისინი წარმოადგენდნენ.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის 372 მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა, მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადა.

სრულად წაკითხვა