ალიევი: კარგია, რომ საქართველოში ვითარება სტაბილურდება, მაკრონს ყურები გამოუჩნდა

4 days ago 5

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, კარგია, რომ საქართველოში ვითარება „სტაბილურობისკენ მიდის“. იგი ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებში საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის კვალზე საუბრობს.

„კარგია, რომ ვითარება [საქართველოში] უკვე სტაბილიზაციის მიმართულებით მიდის. და აქაც, კიდევ ერთხელ, ხედავთ, რომ მაკრონის ყურები გამოჩნდა. კაცი თავის ქვეყანაში ვერ ისვენებს, უნდა, აუცილებლად შეძვრეს საქართველოში“, - განაცხადა პრეზიდენტმა ალიევმა რუსეთის სამთავრობო მედიასთან ინტერვიუში.

ინტერვიუ ალიევთან რუსეთის სამთავრობო პროპაგანდისტული არხებისთვის - „სახელმწიფო ტელერადიო კომპანიისა“ (ВГТРК) და „რია ნოვოსტისთვის“ (РИА Новости) ჩაწერა ტელეწამყვანმა დმიტრი კისელიოვმა.

ამავე ინტერვიუში ილჰამ ალიევმა განაცხადა, რომ 2022 წლის 22 თებერვალს [უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიან შეჭრამდე ორი დღით ადრე] მისი და ვლადიმერ პუტინის მიერ რუსეთ-აზერბაიჯანის „სამოკავშირეო თანამშრომლობის შესახებ დეკლარაციის“ ხელმოწერა დადებითი მოვლენა იყო.

„მას შემდეგ სიტუაცია ჩვენს რეგიონში და მსოფლიოში საკმაოდ შეიცვალა. მაგრამ ეს გავლენას ვერ ახდენს რუსეთ-აზერბაიჯანის თანამშრომლობაზე… ეს უფრო მაღალი ფორმაა თანამშრომლობის, იმის გათვალისწინებით, რომ მეზობელი ქვეყნები ვართ კავკასია და კავპიის ზღვის რეგიონში“, - განაცხადა ალიევმა.

პრეზიდენტმა ალიევმა კისელიოვთან საუბრისას არაერთხელ გააკრიტიკა ემანუელ მაკრონის ხელისუფლება სომხეთ-აზერბაიჯანის კონფლიქტში საფრანგეთის პოზიციების გამო, მათ შორის იარაღის მიწოდების გამო.

„იარაღი, რასაც მაკრონის მთავრობა აწვდის სომხეთს, არის თავდასხმითი იარაღი, ლეტალური იარაღი, რაც ტაქტიკურ საფრთხეს უქმნის აზერბაიჯანს“, - განაცხადა მან.

საფრანგეთსა და სომხეთს წლებია, თბილი ურთიერთობები აქვთ, აზერბაიჯანსა და საფრანგეთს კი - დაძაბული დიპლომატიური ურთიერთობები.

2024 წლის გაზაფხულზე საფრანგეთმა რუსეთი და აზერბაიჯანი ახალ კალედონიაში - საფრანგეთის ტერიტორიაზე, რომელიც წყნარ ოკეანეში, ავსტრალიასა და ფიჯის შორის მდებარეობს - შიდა საქმეებში ჩარევასა და ანტიფრანგული, ძალადობრივი ქმედებების წახალისებაში დაადანაშაულა.

21-ე დღეა, საქართველოში პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციები გრძელდება.

დემონსტრაციების დარბევისა და დაშლის, დემონსტრანტების დაკავებისას ცემაზე გავრცელებული ცნობების შემდეგ, 11 დეკემბერს, საფრანგეთის პრეზიდენტმა ბიძინა ივანიშვილს დაურეკა და ერთი საათის განმავლობაში ესაუბრა.

მაკრონისა და ივანიშვილის სატელეფონო ზარამდე რამდენიმე დღით ადრე, 7 დეკემბერს, პრეზიდენტმა მაკრონმა პარიზში, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის პარალელურად, მიიღო საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, რომელიც „ქართულ ოცნებასთან“ და ბიძინა ივანიშვილთან დაპირისპირებულია. ის, ოპოზიციის მსგავსად, 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებს.

სწორედ აქ შეხვდა პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტ დონალდ ტრამპს.

სრულად წაკითხვა