„მედიის საერთაშორისო მხარდაჭერა“ (IMS), რომელიც საერთაშორისო ორგანიზაციაა პრესის თავისუფლებისა და ჟურნალისტების უფლებების დასაცავად, მზია ამაღლობელის დაკავებას ეხმაურება და მის დაუყოვნებლივ გათავისუფლებას ითხოვს.
„გამოვთქვამთ ღრმა შეშფოთებას „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ დამფუძნებლისა და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაკავებისა და იმ პრობლემური გარემოებების გამო, რასაც მისი დაკავებისას ჰქონდა ადგილი
მზია ამაღლობელმა 20 წელზე მეტი მიუძღვნა სიტყვის თავისუფლებისათვის და დამოუკიდებელი ჟურნალისტიკისთვის ბრძოლას საქართველოში. მისმა ურყევმა ერთგულებამ დემოკრატიისადმი და გამოხატვის თავისუფლებისადმი განაპირობა ის, რომ კრიტიკული ხმა ისმის ქვეყანაში. მის მიმართ წაყენებული ბრალდება და მისდამი არასათანადო მოპყრობა, რასაც იზოლატორში ჰქონდა ადგილი, სერიოზულ შეშფოთებას იწვევს საქართველოში მედიის თავისუფლებასა და ჟურნალისტების უსაფრთხოებასთან დაკავშირებით. ეს ქმედებები მიუთითებს უფრო ფართო კონტექსტზე, როგორი ზეწოლა ხდება დამოუკიდებელ მედიასაშუალებებზე.
მზია ამაღლობელის დაკავება და პატიმრობაში დატოვება არის მისი უფლებების პირდაპირი შელახვა და სასტიკი დარტყმა დამოუკიდებელ ჟურნალისტიკაზე, რაც მნიშვნელოვნად აფერხებს „ბათუმელებისა“ და „ნეტგაზეთის“ მუშაობას საქართველოსთვის ასეთ კრიტიკულ პერიოდში.
IMS მოუწოდებს „ქართული ოცნების“ რეჟიმს, დაიცვას გამჭვირვალობის, სამართლიანობისა და კანონის უზენაესობის პრინციპები.
„დაუყოვნებლივ გაათავისუფლეთ მზია ამაღლობელი, არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ის წარმოადგენს საფრთხეს გამოძიებისთვის.
სოლიდარობას ვუცხადებთ მზია ამაღლობელს, მოვუწოდებთ ყველას, ვინც პრესის თავისუფლებას უჭერს მხარს, შემოგვიერთდით და დავიცვათ პრესის თავისუფლება და დემოკრატია საქართველოში“, — წერს ორგანიზაცია.