ამერიკამ საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერი მეთიუ მილერი ავრცელებს.
„ქართული ოცნების გადაწყვეტილება, შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი, ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში აღბეჭდილ დაპირებას ევროკავშირსა და ნატოში სრული ინტეგრაციის მიღწევის შესახებ. ამ გადაწყვეტილებით, ოცნებამ უარი თქვა ევროპასთან უფრო ახლო კავშირის შესაძლებლობაზე და საქართველო კრემლის წინაშე უფრო მოწყვლადი აქცია.
ქართველი ხალხის აბსოლოტური უმრავლესობა უჭერს მხარს ევროინტეგრაციას. აშშ გმობს პოლიციის მიერ მომიტინგეების წინააღმდეგ ზედმეტი ძალის გამოყენებას. მოვუწოდებთ ყველა მხარეს, უზრუნველყოს პროტესტის მშვიდობიანობა.
ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიული ქმედებები არღვევს აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირეულ პუნქტებს, რომელიც დაფუძნებული იყო ერთობლივ ღირებულებებზე – დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის ერთგულება, ადამიანის უფლებების პატივისცემა, კორუფციასთან ბრძოლა. შედეგად, აშშ-მ შეაჩერა ეს მექანიზმი.
კვლავაც მოვუწოდებთ მთავრობას, დაუბრუნდეს ევროატლანტიკურ გზას, გამჭვირვალედ გამოიძის საარჩევნო დარღვევები და გააუქმოს ანტიდემოკრატიული კანონები, რომლებიც ზღუდავს შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლებას“, – ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოსა და აშშ-ის შორის სტრატეგიული პარტნიორობის ქარტია 2009 წელს გაფორმდა. შედეგად, შეიქმნა ორმხრივი კომისიები დემოკრატიის, ეკონომიკის, უსაფრთხოების, ვაჭრობის, ენერგეტიკის და თავდაცვის, ასევე კულტურული გაცვლის საკითხებში.