ამერიკის სავაჭრო პალატა პრემიერსა და პარლამენტის თავმჯდომარეს „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტის უკან გაწვევისკენ მოუწოდებს

8 months ago 7

16 აპრილს საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძისა და პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილისადმი მიწერილ წერილში ამერიკის სავაჭრო პალატამ შეშფოთება გამოხატა „უცხოელი აგენტების“ შესახებ კანონპროექტთან დაკავშირებით, რომელიც, მისი თქმით, ძირს უთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს, და მისი უკან გაწვევისკენ მოუწოდა.

ამერიკის სავაჭრო პალატა ყველაზე დიდი საერთაშორისო ბიზნეს ასოციაციაა საქართველოში, რომელიც ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს აერთიანებს.

წერილის დასაწყისში საუბარია 2023 წელს იმავე კანონის ჩაგდებაზე: „ამიტომ, ჩვენ გაოცებულნი და იმედგაცრუებულნი ვიყავით, როდესაც არსებითად იგივე კანონის ხელახლა ინიცირება მოხდა“, – ნათქვამია სავაჭრო პალატის განცხადებაში.

პალატა შეშფოთებას გამოხატავს კანონპროექტთან დაკავშირებით და ხაზს უსვამს, რომ „კანონი დააზარალებს უცხოური მხარდაჭერის მქონე პროგრამებს და მათთან მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებს“. „ის ძირს გამოუთხრის საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების მისწრაფებებს და დააზარალებს ქვეყნის რეპუტაციას და საინვესტიციო გარემოს“.

პალატა ხაზს უსვამს ქართული სსო-ების დადებით როლს ქვეყანაში დემოკრატიის განვითარების საქმეში. ის ხაზს უსვამს, რომ ევროკავშირისა და აშშ-ის მიერ დაფინანსებული პროექტები მხარს უჭერს საქართველოს განვითარებას მრავალ სფეროში, როგორიცაა ეკონომიკა, განათლება, საჯარო პოლიტიკა და ა.შ. განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ამ პროექტების განხორციელება მხოლოდ საქართველოს ინტერესებშია.

„მათთვის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლის“ იარლიყის მიკერება ძირს უთხრის მათ ლეგიტიმურობას. ბევრი ორგანიზაცია უარს იტყვის ასეთ იარლიყზე და დაიხურება. ეს კი ცალსახად საზიანო იქნება საქართველოსთვის”, – ნათქვამია განცხადებაში.

ამერიკის სავაჭრო პალატა ხაზს უსვამს ევროკავშირში გაწევრიანების მნიშვნელობას საქართველოს კეთილდღეობის, დემოკრატიისა და უსაფრთხოებისთვის და აცხადებს, რომ კანონის მიღება „ძალიან გაართულებს ევროკავშირში გაწევრიანებას“. წერილი ციტირებს საქართველოში ევროკავშირის ელჩს, პაველ ჰერჩინსკის, რომ კანონი „შეუთავსებელია ევროპულ ნორმებთან და ევროპულ ღირებულებებთან“.

„ჩვენ ასევე მიგვაჩნია, რომ ეს კანონი უცხოელების სტიგმატიზაციას უწყობს ხელს და შედეგად, მხოლოდ საზიანო იქნება  საქართველოს მიერ უცხოური ინვესტიციების მოზიდვის საქმეში“, – ნათქვამია წერილში, რომლის თანახმადაც, უცხოური ინვესტიციები და გამოცდილება საქართველოს ეკონომიკური განვითარების „ქვაკუთხედია“.

აღნიშნავს რა „ქართული ოცნების“ არგუმენტს, თითქოს კანონის ხელახლა ინიცირება გამჭვირვალობის გაზრდის აუცილებლობით მოხდა, ამერიკის სავაჭრო პალატა ამბობს, რომ „გაურკვეველია, რატომ უნდა იყოს ის მიმართული კონკრეტულად სსო-ებზე“. იგი ასევე აღნიშნავს: „ყველანაირი უცხოური მხარდაჭერის „უცხო ძალის ინტერესების გამტარებლად“ მოხსენიებას არაფერი აქვს საერთო გამჭვირვალობასთან. თუ საზრუნავი გამჭვირვალობაა, მაშინ შესაბამისი მექანიზმი იქნებოდა კორპორატიული მმართველობის და ფინანსური ანგარიშგების არსებული სტრუქტურების შეცვლა“.

წერილში ხაზგასმულია, რომ კანონი არ აკმაყოფილებს გამჭვირვალობის საერთაშორისო სტანდარტებს, რადგან მისი სამიზნე სსო-ები არიან და არა ლობისტები, როგორც ეს სხვა დემოკრატიულ ქვეყნებში ხდება. „თანამედროვე დემოკრატიულ ქვეყნებში, როგორიცაა აშშ და ევროკავშირი, მართალია, რომ უცხოელ ლობისტებს ხშირად დარეგისტრირებას სთხოვენ. თუმცა, ეს კანონები არ ეხება სსო-ებს და არ ვრცელდება ყველა სუბიექტზე, რომელიც დაფინანსებას ქვეყნის გარედან იღებს“. წერილში ასევე ნახსენებია აშშ-ის უცხოელი აგენტების რეგისტრაციის აქტი (FARA), სადაც აღნიშნულია, რომ ის ეხება მხოლოდ ლობისტებს, საზოგადოებასთან ურთიერთობის კომპანიებს და იურიდიულ ფირმებს, რომლებიც დაქირავებულნი არიან უცხოური ძალების მიერ როგორც მათი აგენტები. „სსო-ები რეგისტრირებული სუბიექტების მცირე პროცენტს შეადგენენ“, – ნათქვამია წერილში.

„იმ დიდი უარყოფითი გავლენის გათვალისწინებით, რომელიც ამ კანონს მოყვება, ის ფაქტი, რომ ის არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და საერთაშორისო დემოკრატიულ საუკეთესო პრაქტიკას, გთხოვთ, რაც შეიძლება მალე გაიწვიოთ ის უკან“, -ნათქვამია წერილში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური)

სრულად წაკითხვა