„საოცარი ხიბლი აქვს პოეზიას – მკაფიო და თანაც ნისლიანი… ადამიანის სულის ხვეულებში მალულად დაბორიალობს და „სულ უმნიშვნელო ბიძგმა, სულ უბრალო შემთხვევამ შეიძლება შეარხიოს ჩვენში ის პოეტური სიმი, რომელიც თითქოს ამ გარეგან ფაქტორს ელოდებაო“. პოეტ ანა კალანდაძის ცხოვრებაში ამგვარი შემთხვევა ზაფხულის ერთ მშვენიერ საღამოს უკავშირდება. შემდეგ?.. შემდეგ უამრავი ტკივილი და სიხარული დაიტია ლექსებში ამეტყველებულმა წლებმა… თაობები იზრდებიან ანას პოეზიაზე. მისი ყოველი სიტყვა გულის სიღრმიდან მოდის, თითოეული ჩვენგანის სულში დაგმანულ სარქველს აღებს და რაღაც ახლის, სულიერად ფასეულის აღმოჩენისკენ გვიბიძგებს…
– ეს შემთხვევა გავიხსენო?.. კარგი, მხოლოდ წინდაწინვე გეტყვით, რომ ამ შემთხვევამ თითქმის იმთავითვე განსაზღვრა ჩემი მომავალი. რომ არა იგი, შეიძლება პოეზიას არც დავკავშირებოდი.
ჩემი პირველი პოეტური შთაგონება, ჩემი პირველი პოეტური სიტყვა ჩემს მშობლიურ სოფელს, ხიდისთავს უკავშირდება. იგი გურიაშია, ჩოხატაურის რაიონში. ამ სოფელში ვარ დაბადებული მოსამსახურის ოჯახში. დედა პედაგოგი იყო, მამა – პროვიზორი… ორი ძმა მყავდა (ერთი აღარ არის ცოცხალი), უფროსი მე ვიყავი..
ჩვენი ოჯახი ქუთაისში ცხოვრობდა. ზაფხულის არდადეგებს ბავშვები თითქმის ყოველთვის ხიდისთავში ვატარებდით, სადაც ჩვენი უფროსი მამიდა ცხოვრობდა. ჩემი ბავშვობა ძალიან უფერული იქნებოდა, რომ არა ხიდისთავში გატარებული უბედნიერესი დღეები!
მახსოვს, ზაფხულის ერთ საღამოს ბავშვები ჩვენი ძველებური ფართოაივნიანი ოდის წინ, ეზოში ვისხედით და დიდი გულისყურით ვუსმენდით ფოცია მამიდას, რომელიც მშობლიურ ენას და ლიტერატურას ასწავლიდა თბილისის ერთ-ერთ საშუალო სკოლაში. იმ ზაფხულს ისიც ჩვენთან ერთად ისვენებდა. მოულოდნელად ჩვენი ყურადღება მიიპყრო საოცარმა ნათელმა, მთათა წვერებს რომ ეფინებოდა. მთვარე ამოდიოდა, სავსე, ბადრი მთვარე! ბავშვები მოჯადოებულივით შევყურებდით ამ დიდებულ სურათს, ყურადღება გაგვეფანტა.. მამიდამ იგრძნო: „მშვენიერია, არა?!“ – გვკითხა და მეორე დღისთვის ყოველივე ამის აღწერა გვთხოვა.
დილისთვის ორსტროფიანი ლექსი მზად მქონდა. ლექსს, რა თქმა უნდა, „ბადრი მთვარე“ დავარქვი. მამიდამ დიდად გაიხარა. ლექსი მომიწონა და შინაურებსაც წაუკითხა. სიხარულით მეცხრე ცაზე ვიყავი მხოლოდ იმიტომ, რომ დავალების შესრულება შევძელი და რომ მამიდას ვასიამოვნე.
ლექსი ჩვენი სკოლის გაზეთშიც მოხვდა (დედამ „გამცა“). ეს იყო ჩემი პირველი ლექსის პირველი „პუბლიკაცია“. ქუთაისის პირველ საცდელ-სანიმუშო სკოლაში ვსწავლობდი. მეხუთე კლასში ვიყავი, 11 წლისა, იდგა 1935 წელი.
ასე რომ, ლიტერატურაში ჩემი გზის დამლოცველი მამიდაჩემი გახლდათ, საქართველოს სკოლის დამსახურებული მასწავლებელი, ლენინის ორდენოსანი ოლღა (ფოცია – მას უფრო ამ სახელით იცნობდნენ) კალანდაძე. სხვა დროსაც არაერთხელ აღმნიშნავს მისი დიდი როლი ჩემი სულიერი ცხოვრების წარმართვაში…
საერთოდ რას ანიჭებთ უპირატესობას პიროვნების ჩამოყალიბებაში, ქალბატონო ანა, ინდივიდუალურ მონაცემებს, გარემო პირობებს თუ ადამიანებს, რომელთა შორისაც ბავშვი იზრდება?
დედას!.. არავითარი სკოლა, არავითარი ინსპექტორი, არავითარი მეზობელი… თუ დედა არ კითხულობს, სად არის მისი შვილი ღამის თორმეტ-პირველ საათზე, რა უნდა გითხრას სხვამ?!.. დედა თავისი შვილის ცხოვრებით უნდა ცხოვრობდეს! შეიძლება ვიღაცამ მითხრას, შენთვის ადვილია მაგის თქმა, შვილი არ გყავსო, მაგრამ ასეა და რა ვქნა… მე ხომ ვიცი, როგორ ფეხდაფეხ დაგვდევდა დედაჩემი, განსაკუთრებით ჩემს ძმებს.
ქალბატონო ანა, როგორც ვიცი, თქვენი სამწერლო ასპარეზზე გამოსვლისას მწერალთა კავშირის თავმჯდომარე სიმონ ჩიქოვანი იყო…
მართალი ხართ. მე ხშირად მიფიქრია ამ შემთხვევითობაში გამჟღავნებულ აუცილებლობაზე… იყო კია ეს შემთხვევითობა? ალბათ არა! იმ დროს „იქ“ სწორედ მხოლოდ სიმონ ჩიქოვანი უნდა ყოფილიყო და სხვა არავინ! დიახ, ეს ბედისწერა იყო!
ბედი… ბედისწერა… ბედნიერება… როდის იყავით ყველაზე ბედნიერი?
ერთ-ერთ ინტერვიუში ეს კითხვა ასეთი სახით დამისვეს, თქვენთვის რა არის ბედნიერებაო. ჩემს პასუხს მოგახსენებთ: ბედნიერებაა, როდესაც შენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობა ხელშეუხებელია და მშვიდობა – საიმედოდ დაცული! როდესაც შეგეძლება თქვა: „როგორ მოეღო ბოლო მტარვალს! როგორ მოეღო ბოლო მძლავრობას! დაისვენა, დამყუდროვდა ქვეყანა!“
ბედნიერებაა, როდესაც ერი შენი ერთ მუშტადაა შეკრული საერთო ჭირის წინააღმდეგ და არა გათიშული და გათითოკაცებული („ჭკუაზე მოგიყვანს შენი დანაშაული და შენი განდგომილება გამხელს შენ“… „მე დაგრგე რჩეულ ვენახად, ჭეშმარიტ თესლად დაგთესე, როგორ გადაჯიშდი და უცხო ვაზად როგორ შემეცვალე!“).
როგორც შემოქმედი, ბედნიერი ვიქნები, თუ მკითხველი გულთან ახლოს მიიტანს ჩემს სტრიქონებს, – ეს ხომ უმაღლესი ჯილდოა ყოველი შემოქმედისთვის!
ქალბატონო ანა, რადგან გათითოკაცებული და გათიშული ერი ვახსენეთ, იქნებ თქვენი, როგორც შემოქმედის, აზრი გეთქვათ ქართულ პოლიტიკაზე?
პოლიტიკა ძალიან დიდი ხელოვნებაა. დიდი პოლიტიკოსი ისევე იბადება, როგორც იბადება ხელოვანი… „ცუდი მშვიდობა მირჩევნია კარგ ომსო“, – მშვენივრად უთქვამს ხალხს. დღეს ჩვენ ბეწვზე ვართ გადარჩენილები.
შემოქმედებას დავუბრუნდეთ: გალაკტიონს ჰკითხეს, ლექსს როგორ წერთო? ანგელოზი ყურში ჩამჩურჩულებსო, უპასუხა. თქვენ რა პასუხს გასცემდით იმავე შეკითხვას?
დიახ, შემოქმედება შთაგონების შედეგია, შთაგონებით კი… ზენაარი გვწყალობს!
რა თემაზე არ შეგიძლიათ წერა?
წარმოიდგინეთ, იგივე ზენაარი „გვაწვდის“ თემასაც (შეკვეთილ თემებზე წერა მიჭირს).
ოცნება რა არის პოეზიისთვის?
„პური არსობისა“.
ლექსის წერის დროს კონკრეტულ მკითხველზე თუ ფიქრობთ?
ეს რომ ასე იყოს, მაშინ ალბათ ვერაფერს შევქმნიდი!
ქალბატონო ანა, ვიცი, რომ თქვენი ერთი უსათაურო ლექსი – „ვნახე ზმანება უჩვეულო“ – სიზმრითაა ნაკარნახევი… საერთოდ, რა არის სიზმარი თქვენთვის?
სიზმარი (რა თქმა უნდა, არა ყოველგვარი) უეჭველად რაღაცის მიმანიშნებელია, იდუმალი ენაა ამ ხილულ ქვეყანასა და „იმ“ უხილავ სოფელს შორის, ძნელად ამოსაცნობი, მაგრამ ხშირად საოცრად ნაღდი და უტყუარია მისეული „ნიშანი“!
თქვენ სწორედ ბრძანეთ, ერთხელ ისეთი სიზმარი ვნახე, რომელიც ჩემივე შთაგონების წყაროდაც კი იქცა! მანტიით მოსილმა ახალგაზრდა კაცმა, რომელსაც თმები ჰქონდა მხრებზე ჩამოშლილი, სამი წიგნი მომაწოდა. ერთი მათგანი ვითომ პეტრე იბერისა იყო, ცნობილი ქართველი ფილოსოფოსისა, დანარჩენები არ მახსოვს (ვერც მაშინ გამოვიტანე). უცნობმა მკითხა, პეტრე იბერის ტოლა კაცი რუსებს თუ ჰყავთო? როდესაც გამეღვიძა, ვიფიქრე, ის მანტიამოსხმული „კაცი“ სულაც მაცხოვარი ხომ არ იყო-მეთქი? ლექსში ყველაფერი, როგორც სიზმარში ვნახე, ისე, ფოტოგრაფიული სიზუსტით გადმოვიტანე (ჩემი პასუხიც), მხოლოდ სიტყვა „რუსები“ შევცვალე „სხვებით“. ლექსი 1980 წელსაა დაწერილი. ეს სიზმარი ალბათ იმით „ამიხდა“, რომ იგი „ლექსად გარდავთქვი“.
პოეტი ალბათ ის ადამიანია სამყაროში და ადამიანებს შორის, ჩვენი „მეს“ უიმედო მარტოობას სხვებზე მწარედ რომ შეიგრძნობს…
მარტოობის გრძნობაზე ხშირად უკითხავთ. რამდენიმე ავტორის შეხედულებას გავიხსენებ.
ილია ჭავჭავაძე წერდა: „არიან ადამიანის ცხოვრებაში იმისთანა წუთნი მარტოობისა, როცა ბუნებას შენ თითქოს შენსას აგებინებ და იგი თავისას შენ გაგებინებს, ამიტომაც შეგიძლია სთქვა, რომ მარტოობაშიც არსად მარტო არა ხარ“…
ერთი თანამედროვე ფრანგი მწერალი ქალი წერს: „ჩვენ ყველანი მარტონი ვართ, მაგრამ არა მგონია, რომ მწერალი სხვაზე მეტ სიმარტოვეს განიცდიდეს. ცხოვრებაში მარტოობა ძალიან იშვიათად მიგრძნია, ისიც მხოლოდ ნაწილობრივ. მარტო ვარ მუშაობისას, თუ მარტოობას დავარქმევთ იმას, როცა საკუთარი აზრებითა და შენივე ფანტაზიით შექმნილი არსებები გახვევიან ირგვლივ“…
უფრო ადრე კი დიდმა რუსთაველმა გვითხრა: „მარტოობა ვერას მიზამს, მცავს თუ ცისა ძალთა დასი“… თუ მკრეხელობად არ ჩამომერთმევა, მეც „ცისა ძალთა დასის“ იმედით ვარ!
ერთიც… – გთხოვთ, კარგად გამიგოთ, – ვოცნებობ საკუთარ თავთან (თუნდაც დილიდან საღამომდე) მარტო დარჩენაზე!
ყველაზე მეტად რას აფასებთ ადამიანში?
ადამიანში ვაფასებ იმ გრძნობას, რასაც დიდმა ილიამ „კაცებურის ღირსების გრძნობა“ უწოდა.
ყველაზე დიდ ცოდვად რას თვლით?
სულმდაბლობას! ისევ გავიხსენებ: ჩემი სტუდენტობის დროს მეორე მსოფლიო ომი მძვინვარებდა (ჩვიდმეტი წლის ვიყავი, ომი რომ დაიწყო), ცხადია, ყველას გვიჭირდა. მახსოვს, ერთხელ შინ რაღაცაზე დავიწუწუნე, დავიჩივლე… რა სულმდაბლობააო, თითქოს თავისთვის ჩაილაპარაკა მამიდამ (მასთან ვცხოვრობდი სტუდენტობის წლებში), არც ხმისთვის აუწევია და, მით უფრო, არც ჭკუა დაურიგებია ჩემთვის. შემრცხვა. მე ახლაც კი მახსოვს ის სირცხვილის გრძნობა! დიახ, სულმდაბლობა მიმაჩნია ყველაზე სამარცხვინო გრძნობად და, თუ გნებავთ, ყველაზე დიდ ცოდვადაც (მართლაცდა, მარტო შენ ხომ არ ხარ ამ დღეში?!).
ამბობენ, დღევანდელ საქართველოში პოეტის სიტყვამ დაკარგაო თავისი ძველი წონა და ფასი…
უნდა გითხრათ, ჩემს უდიდეს გაოცებას იწვევს სწორედ ის, რომ დღესაც კი, ჩვენი ეროვნული ნიჰილიზმის ეპოქაშიც, ქართულ პოეზიას არ მოჰკლებია მკითხველის სითბო, სიყვარული და ყურადღება. პაწაწინებსაც კი ჩააგონებენ და ასწავლიან (მშობლები და მასწავლებლები) ლექსის აღქმას და მისი სილამაზის შეცნობას! ეს დღეს ხდება, სწორედ დღეს, ჩემ თვალწინ! ამ გაზაფხულზე მომიყვანეს 7 წლის და ცოტა მეტი ასაკის ბავშვები (გოგონები), რომელთაც ჩემი გაცნობა მოუსურვებიათ!
საერთოდ, რა აზრის ბრძანდებით ქართველ ახალგაზრდებზე?
„და მრავალნი ცრუ წინასწარმეტყველნი აღდგენ და აცთუნებდენ მრავალთა“… მაინც დიდი გონიერება და წინდახედულობა მართებს ჩვენს ახალგაზრდობას (და არა მხოლოდ მათ), რომლის მოზღვავებულ ენერგიას ნგრევაც შეუძლია და შენებაც! მან უნდა შეძლოს თავის გზაზე ამოცნობა იმ „მაცთუნებელთა“, რომლებიც (ხშირად საკუთარი ინტერესებისათვის) გულნათელ ახალგაზრდებს ქვეყნისათვის სასიკეთო ენერგიას საკუთარი ქვეყნის ნგრევისაკენ წარამართვინებენ! ჩვენმა ახალგაზრდობამ, დიახაც, უნდა ამოიცნოს და ქვეყნის სამსჯავროზე გამოიყვანოს ისინი, რომლებზეც მახარობელი ბრძანებს: „ეკრძალენით ცრუ წინასწარმეტყველთაგან, რომელნი მოვიდოდიან თქუენდა სამოსლითა ცხოვართაითა, ხოლო შინაგან იყვნენ მგელ მტაცებელ!“
როგორ ფიქრობთ, რით შეიძლება დავძლიოთ ცხოვრების უფერულობა?
მოვიგონოთ ნეტარი ავგუსტინეს ნათქვამი: „ნუ დახეტიალობ შენი სამყაროს მიღმა, შედი საკუთარი სულის სიღრმეში“… საკუთარი სული კი მაშინ გვექნება, როდესაც შევიცნობთ საკუთარ თავს. შეიცან თავი შენიო, მოგვიწოდებდა (თუ გვირჩევდა) სოკრატე… საკუთარი სულის სიღრმეებში წვდომა თუ გვიხსნის ცხოვრებისეული უფერულობისაგან!
ქალბატონო ანა, გული თუ გწყდებათ რამეზე?
გული არაფერზე მწყდება, რადგანაც ვიცხოვრე ჩემი ბუნების შესაფერისად, მხოლოდ „მისი“ კარნახით! მამშვიდებს ანდაზა: „წყალნი წავლენ და წამოვლენ, ქვიშანი დარჩებიანო!“
დაბოლოს…
დაე, მალე აღდგენილიყოს საქართველოს ტერიტორიული მთლიანობა, ლტოლვილები მშვიდობით დაბრუნებოდნენ თავიანთ კერას და საერთოდ აღარასოდეს „გვსმენოდეს ბუკის ხმა!“
თამარ ოთიაშვილი
P. S. ანა კალანდაძეს კარგად ჰქონდა „დაცდილი“ 13 რიცხვი და ჩვენი ეს ინტერვიუც 13 აგვისტოს შედგა. მეტიც, ამ მასალას ჩემს „არქივში“ წელს სწორედ 13 რიცხვში (13 დეკემბერს) გადავაწყდი. ალბათ ესეც არ იყო შემთხვევითი!