ჯაჭვაძე ჭიჭინაძესთან ერთად კიდევ 10 ბრალდებულის საქმეს განიხილავს - თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ უნდა გადაწყვიტოს დატოვებს თუ არა მათ პატიმრობაში.
„ძალიან უცნაური პროცესია.... ჩვენ ადამიანებად გვაყალიბებს არა მხოლოდ წარსული, არამედ როგორ აღვიქვამთ და ვხედავთ მომავალს“, - თქვა ანდრო ჭიჭინაძემ.
დღეს, 10 იანვარს, თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციაზე დაკავებული 44 ადამიანიდან 11-ის (ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, გურამ მირცხულავას, ლუკა ჯაბუას, ჯანო არჩაიას, რუსლან სივაკოვის, რევაზ კიკნაძის, გიორგი ტერაშვილის, ვალერი თეთრაშვილის, სერგეი სივაკოვისა და ირაკლი ქერაშვილის) აღკვეთის ღონისძიების საკითხი განიხილება - მოსამართლე ქეთევან ჯაჭვაძემ უნდა გადაწყვიტოს, დატოვებს მათ პატიმრობაში თუ გაათავისუფლებს. მათი საქმის არსებითი განხილვის დაწყება, პროკურატურის შუამდგომლობით, 5 მარტამდე გადაიდო.
უკვე თვეზე მეტია, საქართველოში უწყვეტად იმართება პროევროპული აქციები ახალი არჩევნების ჩატარებისა და აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლების მოთხოვნით. მოქალაქეები ასევე აპროტესტებენ 28 ნოემბერს „ქართულ ოცნებაში“ მიღებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც, მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში დღის წესრიგში აღარ დააყენებენ ევროკავშირთან გაწევრიანებისთვის მოლაპარაკების გახსნის საკითხს.
პოლიციამ პროევროპულ აქციებზე ადმინისტრაციული წესით დააკავა 500-მდე ადამიანი, სისხლის სამართლის წესით კი - 44. აქციების პერიოდში „ქართული ოცნების“ პარლამენტმა, რომლის ლეგიტიმაციასაც არ ცნობენ არც ოპოზიციური პარტიები, არც მეხუთე პრეზიდენტი და არც სამოქალაქო სექტორის დიდი ნაწილი, დემონსტრანტების წინააღმდეგ კანონები გაამკაცრა.