„არანაირ პრობლემას არ წარმოადგენს“ - კალაძე ესტონეთის ახალი სანქციების შემდეგ

1 week ago 5

თბილისის მერი კახა კალაძე ესტონეთის მიერ „ქართული ოცნების“ წარმომადგენლებისათვის დაწესებული ახალი სანქციების შემდეგ ამბობს, რომ სანქცირება „საერთოდ არანაირ პრობლემას არ წარმოადგეს“.

„ეს არის დროებითი პროცესი... სიბინძურის კადრების სრული პიკი. თეთრზე გვიმტკიცებენ, რომ შავია. კარგად ვხედავთ, რა ბინძური ძალა ებრძვის საქართველოს“, - განაცხადა მან ჟურნალისტებთან საუბრისას 15 დეკემბერს.

მან, „ქართული ოცნების“ სხვა ლიდერების მსგავსად, განაცხადა, რომ 2025 წლის 20 იანვრის შემდეგ - აშშ-ში დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ, მსოფლიოსა და საქართველოში ვითარება შეიცვლება:

„როცა ახალი ადმინისტრაცია დაიწყებს მუშაობას, იქნება რადიკალურად განსხვავებული მოცემულობა მსოფლიოშიც, ევროპაშიც და საქართველოში“, - უთხრა მან ჟურნალისტებს.

სანქცირებას „სამარცხვინო გადაწყვეტილება“ უწოდა „ქართული ოცნების“ პარლამენტარმა გივი მიქანაძემაც და განაცხადა, რომ ეს არის „მორიგი უხეში ჩარევა ჩვენი ქვეყნის შიდა საქმეებში“.

„ისინი არიან ორიენტირებული კონფრონტაციაზე და ადგილობრივ დონეზე გარკვეულწილად სიტუაციის რადიკალიზაციაზე“, - განაცხადა მან ესტონეთის ხელისუფლებაზე საუბრისას.

15 დეკემბერს ცნობილი გახდა, რომ ესტონეთმა სანქციები დაუწესა კიდევ 14 ქართველ თანამდებობის პირს, მათ შორის პრემიერ-მინისტრ კობახიძეს.

ამის შესახებ სოციალ ქსელ „X“-ში ინფორმაციას ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრი მარგუს ცაჰკნა ავრცელებს.

„ესტონეთმა კიდევ 14 ქართველი თანამდებობის პირი დაასანქცირა, მათ შორის პრემიერ-მინისტრი კობახიძე. ხელისუფლების მიერ დემონსტრანტების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ განხორციელებული ძალადობა არის დანაშაული და ადამიანის უფლებების წინააღმდეგ მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას რეაგირებისა და ქმედებებისკენ“, - წერს ცაჰკნა.

ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს არ გაუსაჯაროვებია დასანქცირებულების სია. ოფიციალურ განცხადებაში დაწერეს:

„ძალადობა, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება იყენებს მომიტინგეების, ჟურნალისტების და ოპოზიციის ლიდერების მიმართ, მიუღებელია, დანაშაულია და ადამიანის უფლებების წინააღმდეგაა მიმართული. მოვუწოდებ ევროკავშირის ყველა ქვეყანას, რეაგირება მოახდინონ იმაზე, რაც საქართველოში ხდება და დააწესონ კონკრეტული ზომები მათ წინააღმდეგ, ვინც მიმართავს არასათანადო ძალას და სასტიკ ძალადობას საქართველოს ხალხის მიმართ და ძირს უთხრის დემოკრატიას“, - წერია ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

ესტონეთმა უკვე დაასანქცირა 11 მაღალი თანამდებობის პირი, 2 დეკემბერს ლიეტუვასთან და ლატვიასთან ერთად, მათ შორის სავიზო სანქციები დაუწესეს ბიძინა ივანიშვილსა და შსს-ს 10 მაღალჩინოსანს. დასანქცირებულების სია ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრმა, გაბრიელიუს ლანდსბერგსმა გასააჯაროვა.

სრულად წაკითხვა