არც უიმედოდ უნდა ვიყოთ, არც ზედმეტად იმედიანად - მდინარაძე ტრამპის ინაუგურაციაზე

8 hours ago 3

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელი მდივანი, მამუკა მდინარაძე აცხადებს, რომ საქართველომ აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის პრეზიდენტობის მეორე ვადაზე „ზედმეტი იმედები“ არ უნდა დაამყაროს.

„ჩვენ არც უიმედოდ უნდა ვიყოთ და არც ზედმეტი იმედები უნდა დავამყაროთ 20 იანვრის შემდგომ პერიოდზე“, - თქვა მდინარაძემ 23 დეკემბერს ჟურნალისტებთან საუბრისას.

აქამდე „ქართული ოცნების“ ლიდერები, მათ შორის მდინარაძე და პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობდნენ, რომ 20 იანვრის, - ტრამპის ინაუგუცარიის, - შემდეგ საქართველოსთან მიმართებით აშშ-ის დამოკიდებულება შეიცვლება.

მამუკა მდინარაძემ პარლამენტში ჟურნალისტებთან საუბრისას „ტრამპის ორი მთავარი დაპირება“ ახსენა და თქვა, რომ ორივე დაპირების შინაარსი საქართველოს აწყობს:

  1. „ერთი - ომის დამთავრება, სადაც ბუნებრივად ქრება საქართველოს მეორე ფრონტად ქცევის ინტერესი;
  2. მეორე – „დიპ სტეიტის“ დამარცხება“.

„ჩვენი ქვეყნის პოზიციონირება დამოკიდებული იქნება 20 იანვრის შემდეგ იმ მოვლენებზე, რამდენად შეძლებს დონალდ ტრამპი თავისი დაპირებების შესრულებას“, - განაცხადა მან და დასძინა:

„თუ ის შეძლებს, მთლიანად ამოძირკვოს და დაამარცხოს [არაფორმალური გავლენები/„დიპ სტეიტი“], შესაბამისად, ჩვენზე წნეხი ნებისმიერი მიმართულებით იხსნება. მაგრამ სამწუხაროდ, თუ ეს ვერ მოხდა, მაშინ ბუნებრივია, ტურბულენტობა გაგრძელდება“.

ტერმინი „დიპ სტეიტი“ (Deep State - „ჩრდილოვანი სახელმწიფო“) ქართულ-ამერიკული ურთიერთობების კონტექტსში პირველად პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გამოიყენა და ამით ჩაანაცვლა მანამდე გამოყენებული ტერმინი, „გლობალური ომის პარტია“.

მამუკა მდინარაძემ დღეს განაცხადა: „ომის პარტიას ჩვენ რომ ვამბობდით, გლობალურს ვამატებდით მხოლოდ და მხოლოდ იმიტომ, რომ ხალხს გაერჩია, ვინ იყო ადგილობრივი, ლოკალური ომის პარტია – „ნაცმოძრაობა“ და მის კლასტერი, აგენტურა. გლობალური ომის პარტია – გარეთ მოქმედი დავალების მიმცემები“.

„ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა განმარტა, რომ როდესაც „დიპ სტეიტზე“ საუბრობენ, საუბრობენ „ბიუროკრატიაში ჩაბუდებულ არაფორმალურ გავლენებზე“.

მმართველი პარტიის მესვეურები შეერთებულ შტატებთან ურთიერთობების გაუარესებას „გლობალური ომის პარტიას“ აბრალებენ და აცხადებდნენ, რომ 2025 წლის 20 იანვრიდან, - არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციიდან, - შტატების მიდგომები შეიცვლებოდა.

2024 წლის 1 დეკემბერს ირაკლი კობახიძემ „დროებითი მოვლენა” უწოდა აშშ-ის გადაწყვეტილებას, საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერების შესახებ.

„როგორც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. მანამდე სხვა ვიღაც ამბობდა რაღაცას და იმას მიყვებოდა ჰელსინკის კომისია. რასაც იტყვის ტრამპი, იქნება ისე. ამიტომ ჩვენთვის მთავარია დონალდ ტრამპთან ურთიერთობა“, - განაცხადა მან რადიო თავისუფლების კითხვაზე პასუხად.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებს დღემდე არ ჰქონიათ აშშ-ის არჩეულ პრეზიდენტთან ან მის მომავალ ადმინისტრაციასთან პირდაპირი კომუნიკაცია.

19 დეკემბერს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ „მაგნიტსკის სიაში“ შეიყვანეს.

სამი თვით ადრე, 16 სექტემბერს, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაცხადა, რომ დემოკრატიის ძირის გამოთხრისთვის, დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა 60-ზე მეტ პირს, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლებს, „რომლებმაც ბოროტად გამოიყენეს თავიანთი უფლებამოსილება ქართველი ხალხის ფუნდამენტური თავისუფლებების შეზღუდვის მიზნით“.

სრულად წაკითხვა