წაკითხვა: 1
საპარლამენტო უმრავლესობის წევრი კახა კახიშვილი ეხმიანება ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის მიერ, შინაგან საქმეთა მინისტრისა და მისი მოადგილეების დასანქცირების გადაწყვეტილებას,
“წლებია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სუს-ისა და პროკურატურის ხელშეწყობით ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტანეთისა და სხვა ევროპული ქვეყნების სპეც სამსახურებს, საქართველოში კონტრტერორისტული საქმიანობისა და სხვადასხვა, განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთან ბრძოლის მიმართულებით ბევრი წარმატებული ღონისძიება აქვთ განხორციელებული.
საქმეში ჩახედულმა პროფესიონალებმა კარგად იციან, რომ საქართველოს სამართალდამცავი სისტემის უშუალო მონაწილეობით არაერთი განსაკუთრებით მძიმე, მნიშვნელოვანი სისხლის სამართლის საქმე იქნა გახსნილი და პრევენციულად თავიდან აცილებული. ამ ყველაფრის ფონზე, ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრისა და უწყების სხვა მაღალჩინოსნების დასანქცირება ცოტა არ იყოს გაუგებარი და აუხსნენელია. იბადება სამართლიანი კითხვა – ხომ არ შეუქმნის სანქციების დაწესება სამომავლოდ თავად
ამ ტიპის თანამშრომლობასა და საერთაშორისო ტრანსატლანტიკურ დანაშაულთან ბრძოლას საფრთხეს ?!
ასეთი არამეგობრული ჟესტის გამოხატვის შემდეგ, საინტერესოა, როგორ აპირებენ ამ ქვეყნების სპეცსამსახურები, მათ შორის საელჩოს წარმომადგენლები საქართველოში კოლეგებთან ურთიერთობის გაგრძელებას?!
იმედს ვიტოვებ, რომ ნერვებსა და ემოციებს აყოლილი ქვეყნის ლიდერები, რომლებიც, როგორც ჩანს, ძალიან განიცდიან ბაიდენის ადმინისტრაციის წაგებასა და ტრამპის მოსვლას, მსოფლიოს უსაფრთხოებაზე ზრუნვას პირად კეთილდღეობასა და ამბიციებზე წინ დააყენებენ.
ამასთან უნდა ითქვას, რომ ამერიკის შეერთებული შტატების, ბრიტნეთისა და ევროპის პოლიტიკა რომ ყოფილიყო თანმიმდევრული, მეტად გასაგები იქნებოდა მათი მხრიდან, თუნდაც ასეთი არასამართლიანი რეაგირება. მაშინ, როდესაც წლების მანიძილზე ვერ იმჩნევდნენ აბსოლუტურად ვერც ერთ დანაშაულს, მათ შორის ახალგაზრდების ჩაცხრილვას, საპატიმროებში არსებულ მდგომარეობას, არაფერს ვამბობ აქციებზე ხალხის დარბევასა და მკვლელობაზე, დღეს ყველაფერზე ასეთი გაუგებარი, მწვავე რეაქციები იწვევს უსამართლობის განცდას და უფრო მეტად არწმუნებს მოსახლეობის უდიდეს ნაწილს, რომ სამართალდამცავი სტრუქტურების ჩამოსაშლელად და ხელისუფლების შესაცვლელად, უბრალოდ პოლიტიკურ ბრძოლაში არიან ღიად ჩართულები.”- წერს კახა კახიშვილი.
Multimedia.ge-ს დამფუძნებელი და მთავარი რედაქტორი.
ინტერნეტ რესურსი 2018 წლიდან ფუნქციონირებს