აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკისა და რუსეთის შეიარაღებული ძალების მონაწილეობით, 12-16 ოქტომბერს მასშტაბური ოპერატიულ-ტაქტიკური სწავლება მიმდინარეობს.
დე ფაქტო ხელისუფლებასთან დაკავშირებული გამოცემა „apsadgil.info“-ს ცნობით, სწავლება ჯარების საბრძოლო მზადყოფნის უმაღლეს დონეზე მოყვანით დაიწყო.
13 ოქტომბერს აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა ბადრა გუნბამ სამხედრო დაჯგუფებების მეთაურებთან თათბირი გამართა, სადაც “სწავლების გეგმის განხორციელება, სამხედრო ქვედანაყოფების მართვა და მათი მოქმედებების კოორდინაცია განიხილეს”.
ასევე, ადგილობრივი მედიის ცნობით, “განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო აფხაზეთისა და რუსეთის შეიარაღებულ ძალებს შორის ურთიერთქმედებასა და თანამედროვე საბრძოლო მოქმედებების პირობებში ახალი ტაქტიკური მიდგომების გამოყენებას”.
რუსეთს აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე სამხედრო ბაზა აქვს განთავსებული. 2010 წლის 17 თებერვალს მოსკოვმა და სოხუმის დე ფაქტო ხელისუფლებამ აფხაზეთში რუსეთის გაერთიანებული სამხედრო ბაზის შექმნის შესახებ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. 2014 წლის 24 ნოემბერს კი ვლადიმირ პუტინმა და რაულ ხაჯიმბამ მოკავშირეობისა და სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გააფორმეს, რომელიც თავდაცვისა და უსაფრთხოების საერთო სივრცის შექმნას ითვალისწინებდა. 2015 წელს მხარეებმა ერთობლივი სამხედრო ძალების დაჯგუფების შექმნის შესახებ შეთანხმებაც გააფორმეს. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ამ შეთანხმებებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დარღვევად და ოკუპირებული ტერიტორიების ანექსიისკენ მიმართულ ნაბიჯებად აფასებდა
netgazeti