აფხაზეთში “ქართველ აგენტს” 15 წლიანი პატიმრობა მიესაჯა

6 hours ago 3

21 იანვარს, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის უზენაესმა სასამართლომ კახა მურადოვის წინააღმდეგ გამამტყუნებელი განაჩენი გამოაცხადა. ის დამნაშავედ ცნეს სისხლის სამართლის კოდექსის ორი მუხლით – “სამშობლოს ღალატი” და “ცეცხლსასროლი იარაღით უკანონო ვაჭრობა”. მას 15 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა მაქსიმალური უსაფრთხოების მქონე გამოსასწორებელ კოლონიაში.

აფხაზეთის პროკურატურის ინფორმაციით, თავად მურადოვმა დანაშაული არც წინასწარი გამოძიების დროს და არც სასამართლოში არ აღიარა.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მურადოვი “აფხაზეთის მოქალაქეა”. თუმცა, გასულ წელს, დაკავების შემდეგ, აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა განაცხადა, რომ მას ქართული პასპორტიც ჰქონდა.

მურადოვის სოხუმში დაკავების შესახებ ინფორმაცია 2024 წლის 14 მაისს გავრცელდა. აფხაზეთის დე ფაქტო სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა მისი დაკავებისა და დაკითხვის ვიდეო გამოაქვეყნა. მან ქართული სპეცსამსახურების წარმომადგენლებთან კავშირებზე ისაუბრა.

“მურადოვის საცხოვრებელი ადგილის ჩხრეკისას აღმოაჩინეს და ამოიღეს ტექნიკური აღჭურვილობა, რომელიც მიუთითებდა მის მონაწილეობაზე ქართული სპეცსამსახურების სასარგებლოდ ჯაშუშურ საქმიანობაში. მურადოვი ცდილობდა აფხაზეთის მცხოვრებლების ჩართვას ფარულ სამუშაოებში, მათი აზრით, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის ინტერესებიდან გამომდინარე. კითხვაზე, სად მალავდა მურადოვი ქართულ პასპორტს, მან უპასუხა, რომ ნათესავებთან საქართველოში, თუმცა მათი სახელები არ დაასახელა,” – წერდა მაშინ სააგენტო “აფსნიპრესი”.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ მურადოვს, სავარაუდოდ, “კონტაქტი ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო საბჭოს ე.წ. გაგრის ბატალიონის ყოფილ მეთაურებთან, რადიკალური ნაციონალისტური დაჯგუფება “მხედრიონის” წევრებთან, ასევე უკრაინის შეიარაღებული ძალების მხარეს სამხედრო ოპერაციებში მონაწილე ქართული ლეგიონის მიერ დაქირავებულებთან”.

“მურადოვს ევალებოდა რუსეთიდან აფხაზეთში შემოსული მატარებლების მონიტორინგი, რომ გაერკვია, გადაჰყავდა თუ არა იქ ჯავშანტექნიკა ან სხვა სამხედრო ტექნიკა,” – იტყობინება სააგენტო “აფსნიპრესი”.

სრულად წაკითხვა