აქტივისტ ნიკო მანაგაძეს 4-დღიანი პატიმრობა შეუფარდეს

6 days ago 9

თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე ლელა მილდენბერგერმა, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტს, სამოქალაქო აქტივისტ ნიკო მანაგაძეს 4-დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა.

ნიკოლოზ კალანდაძეს, რომელიც ნიკო მანაგაძესთან ერთად დააკავეს და პოლიცია მასაც დაუმორჩილებლობას ედავებოდა, მოსამართლე ზვიად ცეკვავამ, ასევე სამართალდამრღვევად სცნო და 2000 ლარით დააჯარიმა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები პროცესზე ირწმუნებოდნენ, რომ 14 დეკემბერს, კოსტავას ქუჩაზე, 22:27 საათზე შეაჩერეს მანაგაძე მოწმის სახით გამოკითხვის თაობაზე, რა დროსაც, მათი მტკიცებით, იგი "გახდა აგრესიული" და პოლიციას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე კანონიერ მოთხოვნას არ დაემორჩილა, არ წარადგინა დოკუმენტები.

ნიკო მანაგაძის თქმით, იგი არ ეთანხმება ოქმში აღწერილ გარემოებებს.

"აქ რაც წერია, სრული აბსურდი და უტიფრობაა. რატომაც ვითხოვდით ვიდეოჩანაწერების ამოღებას, ისაა, რომ კომუნიკაციაც კი არ გვქონია მე და პატრულის თანამშრონლებს. დღის 4 საათზე დამიკავშირდნენ პოლიციიდან, რომ 17:00 საათზე უნდა მივსულიყავი დაკითხვაზე. მე ვიყენებდი ჩემს უფლებას, რომ არ გამოვცახადებულიყავი იქ და გამოვეკითხე მაგისტრანტ მოსამართლესთან.

ამავე დღეს აქციიდან ვბრუნდებოდი სახლში, კოსტავას ქუჩაზე. უცებ ვხედავ კედლად ჩამდგარ პოლიციელს, წამიერად მაჩვენებს პოლიციელის საბუთს, მაშინვე მკიდებს ხელს და მეუბნება, წამოდიო. ამ ბატონებს არ ეცვათ პოლიციის ფორმა, არ ჰქონდათ რაიმე საიდენტიფიკაციო ნიშანი. იმ მოცემულობაში, რომ ჩემ მიმართ არაერთხელ განხორცირლებულა თავდასხმა, იმ მომენტში ვერც აღვიქვი, რომ შეიძლებოდა პოლიციელი ყოფილიყო.

ჩამტენეს მანქანაში, მიუხედავად იმისა, რომ წინააღმდეგომა არ გამიწევია. არც აუხსნიათ, რა საქმეზე უნდა წავყოლოდი მოწმედ... ეს არ იყო დაკავება, ეს იყო გატაცება. მანქანაში ჩხრეკა დამიწყეს, ამომიბრუნეს ჯიბეები", - თქვა მანაგაძემ პროცესზე.

მისივე სიტყვებით, პოლიციელებმა ადვოკატთან დარეკვის უფლება "თითქოს მისცეს", მაგრამ შემდეგ ტელეფონის წართმევა დაუპირეს.

"კოდი რომ ჩავწერე და ვრეკავდი, წართმევა სცადეს, მაშინ მოვასწარი დაბლოკვა. შემდეგ იმეი კოდი მომთხოვეს და პარამეტრებში შედიო, მითხრეს. ამის შემდეგ ტელეფონი წამართვეს, დაბლოკვა ვეღარ მოვასწარი. ნახევარი საათით ჰქონდათ ტელეფონი წაღებული", - თქვა მან.

აქტივისტ ნიკო მანაგაძეს პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას წვრილმან ხულიგნობას ედავებიან.

„სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ ადვოკატ, მარიამ პატარიძის თქმით, მანაგაძე მეგობართან ერთად ბრუნდებოდა სახლში, რა დროსაც სამოქალაქო ფორმაში გამოწყობილმა, ნიღბიანმა პოლიციელებმა გააჩერეს.

დაკავებამდე რამდენიმე საათით ადრე, ის შსს-მ გამოკითხვაზე დაიბარა. ნიკო მანაგაძე იმ დროს რუსთაველის გამზირზე აქციაზე იყო. აქტივისტმა სამმართველოში მისვლაზე უარი თქვა და მაგისტრანტი მოსამართლის წინაშე გამოკითხვა მოითხოვა.

გამომძიებელს არ უთქვამს მანაგაძისთვის, რა საქმეზე იბარებდნენ მოწმედ. თუმცა ადვოკატს ეჭვი აქვს, რომ ეს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და მონაწილეობას შეიძლება ეხებოდეს. ამ საქმის ფარგლებში, რომელიც 28 ნოემბრის შემდეგ აღიძრა, უკვე გამოკითხეს ათობით ადამიანი, მათ შორის ჟურნალისტები და პოლიტიკოსები. დაკავებულია 30-ზე მეტი დემონსტრანტი.

სრულად წაკითხვა