აქციებზე დაკავებული 8 პირი ე.წ. წინასწარ პატიმრობაში დატოვეს

4 hours ago 3

თბილისის საქალაქო სასამართლოში პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის პროცესი ბრალდებულების, ადვოკატებისა და ბრალდებულების ოჯახის წევრების გარეშე დასრულდა.

გამართლა მოლოდინი, რომელიც ბრალდებულთა ოჯახის წევრებსა და ადვოკატებს ჰქონდა და მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ რვავე დაკავებული კვლავ ე.წ. წინასწარ პატიმრობაში დატოვა. ისინი სასამართლო პროცესის განმავლობაში, განაჩენი გამოცხადებამდე ციხეში იქნებიან.

ბოლოს ბრალდებულების დაცვას სახაზინო ადვოკატები ახორციელებენ.

“სრული ბარდაგია არანაირი სასამართლო და არანაირი სამართალი”, – ამბობს დაკავებული ზვიად ცეცხლაძის მამა.

სხდომა დილით ჩაიშალა, რადგან მოსამართლემ უარი თქვა პროცესის უფრო დიდ დარბაზში გადატანაზე.

ბრალდებულები გადაიყვანეს ციხეში, შესაბამისად ისინი საკუთარ პროცესზე გადაწყვეტილების გამოცხადებას. ვერ დაესწრნენ. პროცესზე არ იყვნენ არც მათი ადვოკატები და ადგილზე მხოლოდ სახაზინო ადვოკატები იმყოფებოდნენ.

თბილისის საქალაქო სასამართლოში მიმდინარეობდა პროევროპულ აქციებზე დაკავებული 8 პირის სხდომა, სადაც უნდა გარკვეულიყო, დატოვებდა თუ არა მათ მოსამართლე ე.წ. წინასწარ პატიმრობაში.

სასამართლო დარბაზი ვერ იტევდა დასწრების მსურველებს. დარბაზი გადაჭედილი იყო, გარეთ ადამიანები მოითხოვდნენ სხდომაზე დასწრების უფლებას და უფრო დიდ დარბაზში სხდომის გადატანას, ხოლო ერთი დაკავებული, 19 წლის სტუდენტი, ირაკლი მიმინოშვილი შეუძლოდ გახდა ჩახუთული ჰაერის გამო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის ჯგუფი გამოიძახეს.

ირაკლი მიმინოშვილმა ითხოვა, რომელიმე მანდატური ან ბადრაგი დამდგარიყო მათთან ერთად კაბინაში 5 წუთით, იმის შესამოწმებლად, გაძლებდნენ თუ არა. მიუხედავად ამისა, მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ სხდომის უფრო დიდ დარბაზში გადატანის შუამდგომლობა არ დააკმაყოფილა, რის შემდეგაც ადვოკატებმა პროტესტის ნიშნად სხდომათა დარბაზი დატოვეს. მათ გაჰყვნენ დამსწრეებიც, სხდომათა დარბაზიდან გაიყვანეს დაკავებულებიც.

სხდომა ადვოკატების გარეშე ვერ გაგრძელდებოდა. ამას კანონი არ ითვალისწინებს, თუმცა მოსამართლემ სხდომა გააგრძელა ისე, რომ ბრალდებულებს არა მათ მიერ არჩეული, არამედ სახელმწიფო, ე.წ. სახაზინო ადვოკატი დაუნიშნა.

სასამართლო იხილავდა შემდეგ დაკავებულების საქმეებს:

თორნიკე გოშაძე, ნიკოლოზ ჯავახიშვილი, ირაკლი მიმინოშვილი, გიორგი გიორგაძე და ისლამ ალიევი, ზვიად ცეცხლაძე, ვეფხია კასრაძე და ვასილ კაძელაშვილი.

გამოძიება თორნიკე გოშაძეს, ნიკოლოზ ჯავახიშვილს, ირაკლი მიმინოშვილს, გიორგი გიორგაძეს და ილსამ ალიევს ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობაში სდებს ბრალს [სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილი – ისჯება ოთხიდან 6 წლამდე], ხოლო ზვიად ცეცხლაძეს, ვეფხია კასრაძეს და ვასილ კაძელაშვილს ჯგუფური ძალადობის ორგანიზებასა და ხელმძღვანელობაში [225-ე მუხლის პირველი ნაწილი – ისჯება 6-დან 9 წლამდე ციხით]. დაკავებულთა ადვოკატები ითხოვენ, რომ შეიცვალოს ბრალდებულთა აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა და ისინი გათავისუფლდნენ. ადვოკატთა ნაწილი მოსამართლის აცილებასაც ითხოვს

სრულად წაკითხვა