განახლება: შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესცენტრში რადიო თავისუფლებას განუცხადეს, რომ კონსტანტინე ჩახუნაშვილი პოლიციელებმა დააკავეს პოლიციის „კანონიერი მოთხოვნის დაუმორჩილებლობის“ მუხლით, ადმინისტრაციული წესით.
მეგობრები და ახლობლები ეძებენ ექიმს, პედიატრს, საპროტესტო დემონსტრაციების ერთ-ერთ მონაწილეს, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრს, კონსტანტინე (კოტე) ჩახუნაშვილს.
მისი კუთვნილი ავტომობილი - შევროლე ვოლტი - ცარიელი იპოვეს საბურთალოზე, ნუცუბიძის ქუჩის #69-სთან.
ახლობლების თანახმად, მან დაახლოებით საღამოს რვა საათზე მარტომ დატოვა საცხოვრებელი სახლი და მას შემდეგ კონტაქტზე არ გამოსულა.
მანქანასთან გამოიძახეს პოლიციაც.
წინა დღით ცნობილი გახდა, რომ პოლიციის თანამშრომლები კოტე ჩახუნაშვილთან მივიდნენ და დაკითხვაზე დაიბარებენ სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც არ დაუკონკრეტებიათ.
მისი თქმით, მან უარი თქვა განყოფილებაში მისვლაზე და სასამართლოში აპირებდა გამოკითხვაზე მისვლას.
რადიო თავისუფლება ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ინფორმაციის გარკვევას ამ ამბავზე.
კოტე ჩახუნაშვილი არის ინსტაგრამ გვერდის, „პედიატრი ძმების“ ერთ-ერთი დამფუძნებელი; ასევე, მოძრაობა „ჯიუტის“ წევრი.