აქციის შემდეგ დაკავებულ ექიმ გიორგი ახობაძეს 2-თვიანი პატიმრობა შეეფარდა

1 week ago 6

პროევროპული აქციების მონაწილეს, ნარკოდანაშაულის ბრალდებით დაკავებულ ექიმს, გიორგი ახობაძეს მოსამართლე ნინო მარიდაშვილის აღკვეთის ღონისძიების სახით 2-თვიან პატიმრობა შეუფარდა.

პატიმრობის შუამდგომლობით სასამართლოს პროკურატურამ მიმართა, როგორც პროკურორი შმაგი გობეჯიშვილი განუმარტავდა მოსამართლეს არსებობდა დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის საფრთხე.

პროკურორის მტკიცებით, გიორგი ახობაძემ უკანონოდ შეიძინა 3 გრამზე მეტი ნარკოტიკული საშუალება "ალფა პევეპე". შმაგი გობეჯიშვილს განმარტებით გამოძიების დასადგენია რა მიზნით ესაჭიროებოდა მას ეს ნივთიერება, სად და რა ვითარებაში შეიძინა ის.

პროკურორი ხაზს უსვამდა, რომ გიორგი ახობაძე მანამდეც იყო დაკავებული ნარკოდანაშაულისთვის.

ახობაძის ადვოკატის ლაშა ცუცქირიძის თქმით, ახობაძის მიმართ განჩინება და დაკავების ოქმი უკანონოა და საქმეში არ არსებობს ვიდეომტკიცებულება.

მანამდე ის რადიო თავისუფლებას ეუბნებოდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა დაკავებისთანავე იგრძნო, როგორ ჩაუდეს მარცხენა ჯიბეში "რაღაც სახის ნივთიერება".

როგორც მან განმარტა სასამართლო სხდომაზე დამაჯერებელი არ არის, რომ ადგილზე მყოფმა პოლიციელებმა ტექნიკური რესურსის არქონის გამო ვერ გადაიღეს ნივთმტკიცების ამოღება. მისი განმარტებით საქმეში ნეიტრალური მტკიცებულება უნდა არსებობდეს.

ადვოკატი ახობაძის წარსულში ნასამართლეობის საკითხსაც გამოეხმაურა და თქვა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი იმ დანაშაულებს აღიარებდა, ახლა კი არა აღიარებს მას რაც არ ჩაუდენია. ამასთან განმარტა, რომ ახობაძეს ნარკოტიკებთან შეხება არ აქვს.

ადვოკატი მოითხოვდა დაკავებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას ან 30 000-ლარის გირაოს გამოყენებას. მან სასამართლოს იმ პოლიტიკოსების სიაც წარუდგინა,რომლებიც ახობაძეს თავდებში უდგებოდნენ. მათ შორის, იყო ზურაბ-გირჩი ჯაფარიძეც.

გიორგი ახობაძე ბრალს არ აღიარებს და ის პროტესტის ნიშნად შიმშილობს.

ახობაძემ სასამართლოს სხდომაზე "სპექტაკლი" უწოდა მის დაკავებას და ნარკოტიკების "ჩადებას".

გიორგი ახობაძის თქმით, მისი დაკავება ამ ბრალდებით საზოგადოებისთვის ადვილად დასაჯერებელი იქნებოდა, მიუხედავად იმისა, რომ წლების ნარკომომხმარებელი აღარაა.

მისი თქმით, აფრთხილებდნენ, რომ სამოქალაქო და პოლიტიკური აქტიურობების გამო შესაძლოა, მსგავსი რამ შემთხვეოდა და გაიმეორა, რომ ბიოლოგიური მასალა უკანონოდ "ამოღეს".

ახობაძემ სასამართლო პროცესზე სხდომაზე დედის ჯანმრთელობის არსებულ მდგომარეობაზე ისაუბრა და თქვა, რომ მას ინსულტი აქვს გადატანილი, წართმეული აქვს მეტყველება, მწოლიარე მდგომარეობაშია და მისი მოვლისა და მზრუნველობის პასუხისმგებლობა აქვს.

გიორგი ახობაძე 7 დეკემბერს, რუსთაველზე გამართული საპროტესტო აქციიდან სახლში დაბრუნებისას დააკავეს.

მას ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარედგინა, რაც დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალებების უკანანო შეძენა-შენახვას გულისხმობს.

აღნიშნული დანაშაული 8-დან 20-წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

მეთერთმეტე დღეა, თბილისსა და სხვა ქალაქებში დემონსტრაციები იმართება პრემიერ-მინისტრის 28 ნოემბრის განცხადების გამო. აქციის მონაწილეები მოითხოვენ ხელახალი საპარლამენტო არჩევნების ჩატარებას და საპროტესტო აქციებზე დაკავებული ადამიანების გათავისუფლებას. დემონსტრანტები მათ "პოლიტპატიმრებად" მოიხსენიებენ.

„ქართულ ოცნებაში“ გადაწყვიტეს, რომ 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დააყენონ ევროკავშირთან საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხი და 2028 წლის ბოლომდე უარს ამბობენ ევროკავშირის საბიუჯეტო გრანტებზე.

28 ნოემბრის შემდეგ პოლიციამ აქციის ოთხასამდე მონაწილე ადმინისტრაციული წესით დააკავა - 8 დეკემბრის მონაცემებით მათგან 62-ს სასამართლომ ადმინისტრაციული პატიმრობა შეუფარდა, 100-ზე მეტი კი დააჯარიმა. სხვა საქმეებზე განხილვები გრძელდება.

გარდა ამისა, პოლიციამ სისხლის სამართლის წესით დააკავა 30-ზე მეტი ადამიანი. მათ რამდენიმეწლიანი პატიმრობა ემუქრებათ. დაკავებულთა შორის არ არიან პოლიციელები, მათ შორის ისინიც, ვინც ჟურნალისტებზე პირდაპირ ეთერში მუშაობის დროს იძალადეს.

სრულად წაკითხვა