„აღარ გვაქვს უკან დასახევი გზა“ — სალომე ზურაბიშვილი მზია ამაღლობელის საქმესა და მიმდინარე პროტესტზე

6 hours ago 4

სალომე ზურაბიშვილი აღნიშნავს, რომ სამოქალაქო საზოგადოებას უკან დასახევი გზა აღარ აქვს, „ოცნების“ რეჟიმი საზოგადოების ყველა სეგმენტსა და გამორჩეულ ფიგურებს ესხმის თავს, მათ შორის მზია ამაღლობელს, რომლის საქმეს სერიოზულობას და განსაკუთრებულობას ისიც სძენს, რომ იგი რეგიონულ მედიას წარმოადგენს.

ამის შესახებ სალომე ზურაბიშვილმა მაკკეინის ინსტიტუტში ისაუბრა, სადაც იგი ჟურნალისტებს შეხვდა.

ჟურნალისტ ნანა საჯაიას კითხვა შეეხებოდა ბათუმელებისა და ნეტგაზეთის დამფუძნებელსა და ხელმძღვანელს, მზია ამაღლობელს: იმ პირობებში, რომ „ოცნების“ ხელისუფლება არ თმობს, მიუხედავად ადგილობრივი და საერთაშორისო საზოგადოების წნეხისა, მზია ამაღლობელი კი უკვე 11 დღეა შიმშილობს, რა შეიძლება გაკეთდეს აშშ-დან და ჰქონდა თუ არა სალომე ზურაბიშვილს აშშ-ში მისი ვიზიტის მიმდინარეობისას ამ თემაზე საუბარი?

სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტს უპასუხა, რომ იმ ტიპის შეხვედრებზე, რაც მას ამერიკაში ვიზიტის ფარგლებში ჰქონდა, სადაც ის ჯო უილსონის მიწვევით პრეზიდენტ დონალდ ტრამპის ინაუგურაციას ესწრებოდა, აქამდე არ ჰქონია შესაძლებლობა, რომ მზია ამაღლობელზე ესაუბრა, თუმცა დარწმუნებულია, რომ ამის შესაძლებლობა მომდევნო შეხვედრებზე ექნება.

„ვფიქრობ, რომ ჟურნალისტთა უფლებადამცველი ორგანიზაციები აქტიურად უნდა ჩაერთონ. მზია ამაღლობელის საქმე ძალიან მნიშვნელოვანია, არამარტო იმიტომ, რომ ის იდევნება, როგორც ჟურნალისტი, არამედ იმიტომაც, რომ ის რეგიონულ მედიას წარმოადგენს. რეგიონული მედია კი ისედაც რთულ მდგომარეობაშია. ეს მედიები არსებითი მნიშვნელობისაა ქართული დემოკრატიის მომავლისთვის. ამერიკულ ორგანიზაციებთან მე ვისაუბრე იმაზე, რომ დახმარება, რასაც ისინი გასცემენ დემოკრატიის განვითარებისთვის, უნდა კონცენტრირდეს ასევე რეგიონულ მედიაზე, რეგიონულ ტელევიზიაზე, პრესაზე. სწორედ რეგიონებშია მეტი პრობლემა ინფორმაციაზე წვდომის თვალსაზრისით, რადგან იქ უფრო ძლიერია სამთავრობო პროპაგანდა. შესაბამისად, მე ვთვლი, რომ მზია ამაღლობელის საქმე ძალიან სერიოზული საქმეა. გამოხატულებაა სისტემის პოლიტიკისა, რომ საცეცებით ყველა სეგმენტი მოიცვას, მთელი მოსახლეობა.

ერთ მხარეს არიან მსახიობები, ცნობილები, პოპულარულები, ეს ხალხი პოლიტაქტივისტები არ ყოფილან, არ არსებობს არანაირი საფუძველი, რომ ისინი 9 წლამდე გამოკეტო ციხეში. აქეთ არის ჟურნალისტი, ცდილობენ რეპრესიებში მოაქციონ ყველა, პოლიტიკოსებიც, ყოფილი პრემიერ-მინისტრიც, მათ შორის და ა.შ. მიზანში იღებენ გამორჩეულ ფიგურებს, რომ ყველა მიხვდეს, რეჟიმი ყველასთან მივა. ამასთან, აჩვენებენ სამოქალაქო საზოგადოებას, რომ გზა უკან არ არსებობს. კედელთან დგახარ, არ არსებობს უკან დასახევი გზა, რომც გინდოდეს, რომც დაიღალო და გაჩერება მოგინდეს, ამის შესაძლებლობა უბრალოდ აღარ არსებობს“, — თქვა სალომე ზურაბიშვილმა ჟურნალისტის პასუხად.

„ნეტგაზეთისა“ და „ბათუმელების“ თანადამფუძნებელი და დირექტორი, მზია ამაღლობელი 11-12 იანვრის ღამეს ორჯერ დააკავეს. პირველად საპროტესტო შინაარსის პლაკატის გაკვრის გამო, რომელზეც ეწერა „იფიცება საქართველო”, მეორედ – ბათუმის პოლიციის უფროს ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით, რაც 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. ინციდენტს წინ უძღოდა დაპირისპირება და ჭყლეტა მონაწილეებსა და პოლიციას შორის, რაც პოლიციის მხრიდან პროვოკაციულ ქმედებებს მოჰყვა. 14 იანვარს ბათუმის საქალაქო სასამართლომ მზია ამაღლობელს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეუფარდა. გადაწყვეტილება მოსამართლე ნინო სახელაშვილმა გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ კი არც კი განიხილა სარჩელი, რომლითაც მზია ამაღლობელისთვის პატიმრობის შეფარდება გასაჩივრდა. მზია ამაღლობელი დაკავების დღიდან, 12 იანვრიდან შიმშილობს.

სრულად წაკითხვა