აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა 12 დეკემბერს გამოაცხადა დამატებითი ზომები სავიზო შეზღუდვის პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც კრძალავს ვიზის გაცემას მათთვის, ვინც პასუხისმგებელი ან თანამონაწილეა საქართველოში დემოკრატიიის ძირის გამოთხრაში. ეს ქმედება მიემართება დაახლოებით ოც პირს, მათ შორის იმ პირებს, რომლებიც მუშაობენ მთავრობის მინისტრებად და პარლამენტში, ასევე, სამართალდამცავ და უსაფრთხოების წარმომადგენლებსა და კერძო პირებს. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს კონკრეტული პირები არ დაუსახელებია.
სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ „შეერთებული შტატები მკაცრად გმობს პარტია „ქართული ოცნების“ მიერ მიმდინარე, სასტიკ და გაუმართლებელ ძალადობას საქართველოს მოქალაქეების წინააღმდეგ, მათ შორის: მომიტინგეების, მედიის წარმომადგენლების, უფლებადამცველებისა და ოპოზიციის წევრების მიმართ“.
აღნიშნა რა, რომ „ქართულმა ოცნებამ“ ზურგი აქცია საქართველოს ევროატლანტიკურ მომავალს, „რომელიც ქართველი ხალხის აბსოლუტურ უმრავლესობას სურს და, რომელიც ასახულია საქართველოს კონსტიტუციაში“, მილერმა განაცხადა, რომ აშშ მზად არის, „გავაგრძელოთ სავიზო შეზღუდვების დაწესება იმ მაღალი თანამდებობის პირებისთვის, რომლებიც პასუხისმგებელი ან თანამონაწილე არიან დემოკრატიის ძირის გამოთხრაში“.
„ჩვენი დღევანდელი ქმედებები მაგალითია ამერიკის მტკიცე გადაწყვეტილებისა, რომელიც ემატება აქამდე გამოცხადებულ გადაწყვეტილებებს „ქართულ ოცნებასთან“ დაკავშირებული 100-ზე მეტი პირისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ“, – დასძინა მილერმა.
სახელმწიფო დეპარტამენტის ქმედებები სავიზო შეზღუდვების დაწესებასთან დაკავშირებით ეფუძნება „იმიგრაციისა და მოქალაქეობის აქტის” 212(a)(3)(C) პუნქტს, სახელმწიფო მდივან ბლინკენის მიერ 2024 წლის მაისში გამოცხადებული პოლიტიკის შესაბამისად.
ასევე წაიკითხეთ:
- 09/12/2024 – აშშ-ის საელჩო: ყველამ, ვინც პასუხისმგებელია ძალადობაზე, პასუხი უნდა აგოს
- 05/12/2024 – აშშ-ის სახელმწიფო მდივანი გმობს „ქართული ოცნების“ ძალადობას და დამატებით სანქციებს აანონსებს
- 04/12/2024 – ჯო უილსონი აქტივისტებისა და ოპოზიციის დარბევაზე პასუხისმგებელი ოფიციალური პირების მიმართ სანქციების დაწესებას მოითხოვს
- 16/09/2024 – აშშ საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის ახალ სანქციებს აწესებს
- 06/06/2024 – აშშ-მა ათობით საქართველოს მოქალაქეს სანქციების პირველი ტრანში დაუწესა
This post is also available in: English (ინგლისური)