შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა დაგმო ირანის ხელისუფლების მიერ რეზა ვალიზადეს წინააღმდეგ 10-წლიანი პატიმრობის მსჯავრის დადება. ვალიზადე ორმაგი მოქალაქეა - ამერიკის შეერთებული შტატებისა და ირანის. ის ასევე ყოფილი ჟურნალისტია, რომელიც „რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების“ რადიო „ფარდა“-ს ყოფილი ჟურნალისტია.
„ჩვენ მტკიცედ ვგმობთ ამ განაჩენს და მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლებისკენ და ირანში ყველა პოლიტიკური პატიმრის გათავისუფლებისკენ მოვუწოდებთ“, - უთხრა სახელმწიფო დეპარტამენტის პრესმდივანმა რადიო „ფარდა“-ს 17 დეკემბერს.
სასამართლო დოკუმენტების თანახმად, რომელიც ჟურნალისტის ადვოკატს 10 დეკემბერს გაეგზავნა და შემდგომ ის „რადიო თავისუფალმა ევროპა/რადიო თავისუფლებამ“ შეისწავლა, თეირანის რევოლუციურმა სასამართლომ ვალიზადეს განაჩენი “მტრულ მთავრობასთან თანამშრომლობის“ ბრალდების საფუძველზე გამოუტანა.
ვალიზადე რადიო „ფარდა“-დან 2022 წლის ნოემბერში, ათწლიანი მუშაობის შემდეგ წავიდა. ის ირანში 2024 წლის დასაწყისში, ოჯახის წევრების მოსანახულებლად ჩავიდა, მაგრამ 22 სექტემბერს დააპატიმრეს.
პატიმრობასთან ერთად, ვალიზადეს სასჯელის მოხდის შემდეგ ორი წლის განმავლობაში თეირანში და მიმდებარე პროვინციებში ცხოვრება, ქვეყნის დატოვება და პოლიტიკურ ან სოციალურ ორგანიზაციებში გაწევრიანება აეკრძალა.
ჟურნალისტის ახლობლების ცნობით, ის „უსაფრთხოების ხაფანგში“ გაება იმის მიუხედავად, რომ ირანის უშიშროების სამსახურების ოფიციალური პირებისგან მიიღო არაოფიციალური გარანტიები, რომ ირანში დაბრუნებისას იურიდიული პრობლემები არ შეექმნებოდა.