აშშ-ისა და ბრიტანეთისგან სანქცირების შემდეგ, მინისტრი გომელაური ჩინეთის ელჩს შეხვდა

2 days ago 2

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური და მისი მოადგილე, ალექსანდრე დარახველიძე, - რომლებსაც წინა დღეს აშშ-მა და გაერთიანებულმა სამეფომ სანქციები დაუწესეს, - 20 დეკემბერს საქართველოში ჩინეთის ელჩს შეხვდნენ.

შსს-ის პრესცენტრის ცნობით, ჩინეთის ელჩმა ჭოუ ციენმა შინაგან საქმეთა მინისტრს ახალ თანამდებობაზე დანიშვნა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა.

რამდენიმე საათით ადრე გომელაური ვიცე-პრემიერად დაინიშნა ირაკლი კობახიძის ბრძანებით. ეს გადაწყვეტილება პრემიერმა გომელაურის სანქცირების შემდეგ მიიღო.

შსს-ის ცნობით, შეხვედრის ფარგლებში, „მხარეებმა საქართველოსა და ჩინეთის სახალხო რესპუბლიკას შორის არსებულ ნაყოფიერ საგარეო-პოლიტიკურ და სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებზე ისაუბრეს“.

„ხაზი გაესვა ორ ქვეყანას შორის სტრატეგიული პარტნიორობის შედეგად ჩამოყალიბებულ ურთიერთობებს“, - წერს სამინისტრო.

შეხვედრის მონაწილეებმა ასევე აღნიშნეს „სამართალდაცვით სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების მნიშვნელობა“.

სამინისტროს თანახმად, შეხვედრის დასასრულს, ვახტანგ გომელაურმა ჭოუ ციენს „საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობისადმი ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის მტკიცე მხარდაჭერისა და ორი ქვეყნის ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა“.

გუშინ, 19 დეკემბერს, გვიან საღამოს ცნობილი გახდა, რომ აშშ-მა, რომელიც წლების განმავლობაში საქართველოს მთავარი სტრატეგიული პარტნიორი იყო, სანქციები დაუწესა შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის, სანქცირებული ზვიად ხარაზიშვილის („ხარებას„) მოადგილეს, მირზა კეზევაძეს. ორივე მათგანი გლობალურ "მაგნიტსკის სიაში" შეიყვანეს.

მანამდე რამდენიმე საათით ადრე, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და უწყების კიდევ ოთხ მაღალჩინოსანს დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებულმა სამეფომ დაუწესა სანქციები.

ბრიტანეთის მთავრობის განმარტებით, მათ სანქციებს უწესებენ, რადგან პასუხისმგებელნი არიან ჟურნალისტებსა და მშვიდობიან დემონსტრანტებზე ძალადობრივ თავდასხმებზე.

სანქცირებული არიან:

  1. ვახტანგ გომელაური - შინაგან საქმეთა მინისტრი;
  2. ალექსანდრე დარახველიძე - შსს-ის მინისტრის პირველი მოადგილე;
  3. სულხან თამაზაშვილი - თბილისის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი;
  4. ზვიად ხარაზიშვილი („ხარება“) - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსი;
  5. მილერი ლაგაზაური - განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის უფროსის, ზვიად ხარაზიშვილის მოადგილე.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ საერთაშორისო სანქციების დაწესება დაიწყო 2023 წელს და 2024 წელში გააქტიურდა.

სრულად წაკითხვა