„ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, „ქართულმა ოცნებამ“ წინ წასწია კრემლის ინტერესები და საქართველო ევრო-ატლანტიკური ტრაექტორიის რელსებიდან გადაიყვანა, რაც პირდაპირ ეწინააღმდეგება იმას, რასაც ითვალისწინებს საქართველოს კონსტიტუცია და ქართველი ხალხი“, - აცხადებს სახაზინო დეპარტამენტი.
გადაწყვეტილება აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის უცხოური აქტივების კონტროლის ოფისმა (OFAC-მა) გამოაქვეყნა თბილისის დროით 20:00 საათზე.
რას ეხება სანქციები?
შტატების დღევანდელი გადაწყვეტილების შედეგად, OFAC-ის განმარტებით, ივანიშვილის „მთელი ქონება, რომელიც განთავსებულია შეერთებულ შტატებში, ან აშშ-ის პირების მფლობელობაში ან კონტროლში, დაიბლოკება (ანუ გაიყინება)“.
გადაწყვეტილება მიღებულია პრეზიდენტ ჯო ბაიდენის 2021 წელს მიღებული 14024-ე განკარგულების საფუძველზე.
ეს არის განკარგულება, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა 2021 წლის 15 აპრილს გამოსცა რუსეთის ფედერაციის „საზიანო ქმედებების საპასუხოდ“.
მასში ხვდებიან ისინი, ვინც „ახორციელებენ ქმედებებს, რომლებიც ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებსა და ღირებულებებს და ჩართულნი არიან საერთაშორისო კორუფციაში“.
ამ საფუძვლით დაწესებული სანქციები ეხება ამერიკულ დოლარში ფინანსური ტრანზაქციების განხორციელებასაც.
ბიძინა ივანიშვილის ქონება, - Bloomberg-ის მილიარდერების ინდექსის თანახმად, - 2024 წლის ბოლოსთვის $7.5 მილიარდს აღწევს, რაც მისი ქონების რეკორდული მაჩვენებელია.
რა არის განკარგულება #14024
14024-ე აღმასრულებელი განკარგულება 2023 წლის 22 დეკემბერს „შესწორდა“ - როგორც სახაზინო დეპარტამენტი განმარტავს, კიდევ უფრო გაძლიერდა და დაემატა უნარი, სანქციები დაუწესოს ფინანსურ ინსტიტუტებს, რომლებიც:
- „ან ხელს უწყობენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს რუსეთის ეკონომიკის ძირითად სექტორებში მოქმედი იმ პირების სახელით, რომლებიც მხარს უჭერენ ქვეყნის სამხედრო-სამრეწველო ბაზას;
- ან ხელს უწყობენ რუსეთის სამხედრო-სამრეწველო ბაზასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს“.
გარდა ამისა, განკარგულებით, სანქციები წესდება მათზე, ვინც:
- ჩართულნი არიან მავნე კიბერაქტივობებში
- ერევიან აშშ-სა თუ სხვა უცხოური მთავრობების არჩევნებში
- ქმედებებითა თუ პოლიტიკით ძირს უთხრიან დემოკრატიულ პოლიტიკურ პროცესებს აშშ-სა თუ საზღვარგარეთ
ვის შეხებია #14024 განკარგულება?
სწორედ 14024-ე ბრძანებაზე დაყრდნობით დაუწესეს სანქციები 2023 წლის სექტემბერში საქართველოს ყოფილ გენერალურ პროკურორს, ოთარ ფარცხალაძეს.
ამავე ბრძანების საფუძველზე დაუწესეს სანქციები:
- კრემლის პრესსპიკერ დმიტრი პესკოვს 2022 წლის 3 მარტს;
- 2022 წლის 11 მარტს პესკოვის მეუღლეს, ტატიანა ალექსანდროვნა ნავკას, და შვილებს, ნიკოლაი და ელიზავეტა პესკოვებს.
- ვიქტორ ვეკსელბერგს, კომპანიების ჯგუფ Renova-ს დირექტორთა საბჭოს თავმჯდომარეს - „გავლენიან ბიზნესმენსა და კრემლის ახლო ქსელის წარმომადგენელს“;
- „სბერბანკს“ რუსეთის უკრაინაში შეჭრის დღესვე, 2022 წლის 24 თებერვალს;
- VTB ბანკს ასევე 24 თებერვალს და მოგვიანებით, მარტში, ამავე ბანკის მმართველი საბჭოს 10 წევრს.
ინფორმაცია განახლდება
შეერთბულ შტატებს აქამდე სანქცირებული ჰყავდა:
- 2023 წლის აპრილიდან - „სასამართლო კლანის“ წევრებად მიჩნეული მოსამართლეები: მიხეილ ჩინჩალაძე, ლევან მურუსიძე, ირაკლი შენგელია და ვალერიან ცერცვაძე; მათ სავიზო სანქციები შეეხოთ;
- 2023 წლის სექტემბრიდან - ყოფილი გენერალური პროკურორი ოთარ ფარცხალაძე საქართველოში „რუსეთის მანკიერი ზეგავლენის“ გამო; ის დაასანქცირეს პრეზიდენტ ჯო ბაიდენის #14024 ბრძანების საფუძველზე, რომელიც სანქცირების ავტორიზაციას გასცემს „რუსეთის ფედერაციის მთავრობის კონკრეტულ საზიანო უცხოურ საქმიანობასთან დაკავშირებით“.
- 2024 წლის ივნისიდან, „აგენტების კანონის“ მიღებიდან ორ კვირაში - აშშ-მა სავიზო აკრძალვები დაუწესა „20-დან 30-მდე პირს“ - მათი ვინაობა უცნობია.
- 2024 წლის 16 სექტემბრიდან - 60-ზე მეტი პირი, მათ შორის - „ქართული ოცნების“ ცენტრალური და მუნიციპალური ხელისუფლების წარმომადგენლები. სანქცირებულთა ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
- 16 სექტემბრიდანვე: „მაგნიტსის სიაში“ შეიყვანეს შსს-ის განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი, ზვიად ხარაზიშვილი (ხარებას), მისი ერთ-ერთი მოადგილე მილერი ლაგაზაური; ასევე „ალტ-ინფოს“ ლიდერები, კონსტანტინე მორგოშია და ზურაბ მახარაძე;
- 12 დეკემბრიდან, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, სავიზო შეზღუდვების მორიგი პაკეტი დაუწესა საქართველოს 20-მდე მოქალაქეს, მათ შორის - „ოცნების“ მაღალჩინოსნებს. ეს ეხება „მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, სამართალდამცავ უწყებებს, უსაფრთხოების სამსახურის თანამდებობის პირებსა და კერძო მოქალაქეებს“. ვინაობა ამ შემთხვევაშიც უცნობია.
- 19 დეკემბრიდან, აშშ-ის სახაზინო დეპარტამენტის გადაწყვეტილები, შინაგან საქმეთა მინისტრ ვახტანგ გომელაურსა და განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის დირექტორის მოადგილეს, მირზა კეზევაძეს „გლობალური მაგნიტსკის სანქციები“ შეეხოთ;
შეერთებული შტატების გარდა, ქართველი თანამდებობის პირებისთვის სანქციები დაწესებული აქვთ გაერთიანებულ სამეფოს, ლიეტუვას, ლატვიას, ესტონეთსა და უკრაინას.