აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები დამასკოში „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ლიდერს, მოჰამედ ალ-ჯულანის შეხვდნენ

16 hours ago 3

აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლები დამასკოში „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამის“ ლიდერს, მოჰამედ ალ-ჯულანის შეხვდნენ.

აშშ-ს სახელმწიფო მდივნის თანაშემწემ ახლო აღმოსავლეთის საკითხებში ბარბარა ლიფმა განაცხადა, რომ ალ-ჯულანთან მოლაპარაკებების შედეგად აშშ-ი გააუქმებს 10 მილიონი დოლარის ოდენობის ჯილდოს, რომელიც მისი ადგილსამყოფლის შესახებ ცნობების სანაცვლოდ იყო გამოცხადებული.

ბარბარა ლიფმა ხაზი გაუსვა, რომ შეხვედრა „დადებით ატმოსფეროში“ წარიმართა. მხარეებმა შეძლეს, განეხილათ სირიაში პოლიტიკური გარდამავალი პერიოდის პრინციპები, ასევე რეგიონში ტერორისტული საფრთხის ზრდის პრევენციის ზომები. ბარბარა ლიფის თქმით, ალ-ჯულანმა გამოხატა მზადყოფნა ამ პირობების შესასრულებლად.

გარდა ამისა, შეხვედრაზე განიხილეს სირიის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების მოხსნის საკითხი. ბარბარა ლიფმა ასევე აღნიშნა, რომ აშშ-ი არ დაუშვებს ირანის გავლენას სირიის ახალი მთავრობის ფორმირებაზე.

ცნობისთვის, დაჯგუფება „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ გაერო-ს მიერ ტერორისტული ორგანიზაციების სიაშია შეყვანილი და ტერორისტულად არის აღიარებული აშშ-ის, დასავლეთის სხვა ქვეყნებისა და რუსეთის მიერ.

სირიის პრეზიდენტის, ბაშარ ასადის რეჟიმის დამხობის შემდეგ „ჰაიათ თაჰრირ აშ-შამი“ ქვეყნის მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს.

სრულად წაკითხვა