აშშ საქართველოსთან სტრატეგიულ პარტნიორობას აჩერებს

3 weeks ago 14

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა მეთიუ მილერმა განაცხადა, რომ შეერთებულმა შტატებმა საქართველოსთან სტრატეგიული პარტნიორობა შეაჩერა. გადაწყვეტილებას წინ უძღოდა „ქართული ოცნების“ განცხადება, რომ მან გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანების საკითხი დღის წესრიგიდან ამოიღოს.

„აშშ ევროკავშირთან ერთად სინანულს გამოთქვამს ქართული ოცნების გადაწყვეტილების გამო შეაჩეროს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი. ჩვენ ვგმობთ გადაჭარბებული ძალის გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც სამართლიანად აპროტესტებენ თავიანთი კონსტიტუციის ღალატს – ევროკავშირი არის საყრდენი ძალა კრემლის წინააღმდეგ“, – წერს მილერი.

სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ განცხადებაში ნათქვამია, რომ „ქართული ოცნების სხვადასხვა ანტიდემოკრატიულმა ქმედებებმა დაარღვია აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ძირითადი პრინციპები, რომელიც ეფუძნებოდა დემოკრატიის, კანონის უზენაესობის, სამოქალაქო საზოგადოების, ადამიანის უფლებების პატივისცემის, ფუნდამენტური თავისუფლებებისა და ანტიკორუფციული ძალისხმევის თაობაზე საერთო ღირებულებებსა და ვალდებულებებს“. შედეგად, ნათქვამია განცხადებაში, შეერთებულმა შტატებმა ეს მექანიზმი შეაჩერა.

განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ ქართული ოცნების გადაწყვეტილება შეაჩეროს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანების პროცესი „ეწინააღმდეგება კონსტიტუციაში ასახულ დაპირებას ქართველი ხალხისადმი, რომელიც ევროკავშირსა და ნატოში სრულ ინტეგრაციას გულისხმობს“. სახელმწიფო დეპარტამენტი აღნიშნავს, რომ ევროკავშირში გაწევრიანების პროცესის შეჩერებით, „ქართულმა ოცნებამ უარი თქვა  ევროპასთან მჭიდრო კავშირების შესაძლებლობაზე და საქართველო უფრო დაუცველი გახადა კრემლის წინაშე“.

აღნიშნა რა, რომ ქართველი ხალხის დიდი უმრავლესობა მხარს უჭერს ევროპასთან ინტეგრაციას, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ „აშშ გმობს პოლიციის მიერ ძალის გადამეტებულ გამოყენებას ქართველების მიმართ, რომლებიც ცდილობენ გამოიყენონ შეკრებისა და გამოხატვის უფლება, მათ შორის მშვიდობიანი პროტესტის თავისუფლება, და მოუწოდებს ყველას მხარეს უზრუნველყონ, რომ პროტესტი მშვიდობიანი იყოს“.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი გამოეხმაურა: „აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის შეჩერება „ქართული ოცნების“ ანტი-დემოკრატიული, ანტი-დასავლური, ანტი-ევროპული და ანტი-ქართული პოლიტიკის ტრაგიკული შედეგია. ახლა როგორც არასდროს ნათელია, რომ ის კურსი, რომელსაც ისინი ატარებენ, მხოლოდ ერთი მიმართულებით მიდის – და ეს რუსეთია“.

სტრატეგიული პარტნიორობა, რომელიც აშშ-საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობის ქარტიაშია ასახული, 2009 წლის 9 იანვარს გაფორმდა. სტრატეგიული პარტნიორობის კომისიის პირველ შეხვედრაზე, რომელიც 2009 წლის ივნისში გაიმართა, ოთხი ორმხრივი სამუშაო ჯგუფი ჩამოყალიბდა ქარტიაში განსაზღვრულ პრიორიტეტულ სფეროებზე სამუშაოდ. ეს სფეროებია: დემოკრატია, თავდაცვა და უსაფრთხოება; ეკონომიკური, სავაჭრო და ენერგეტიკული საკითხები; და ხალხთა შორის და კულტურული გაცვლა.

„ქართული ოცნების“ ხელისუფლების ურთიერთობა თავის მთავარ სტრატეგიულ პარტნიორთან ბოლო წლებში ხელისუფლების დემოკრატიული უკუსვლის შედეგად გაუარესდა, რაც, სხვა საკითხებთან ერთად, გამოიხატა რიგი ნაბიჯებით, როგორიცაა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის მიღება, ანტიდასავლური რიტორიკა, საქართველოს ომში ჩათრევის შესახებ სპეკულაციები, მედიის, სამოქალაქო საზოგადოებისა და ოპოზიციის წინააღმდეგ რეპრესიების კამპანია და 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნების გაყალბება.

2023 წლის აპრილში შეერთებულმა შტატებმა სანქციები დაუწესა კორუმპირებულ მოსამართლეებს, რომლებიც ე.წ. „სასამართლო კლანს“ წარმოადგენენ, ასევე ბიძინა ივანიშვილის ხელდასმულს და ყოფილ გენერალურ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს. გასული წლის მაისში აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა ბლინკენმა სავიზო შეზღუდვის პოლიტიკა გამოაცხადა საქართველოში დემოკრატიის შელახვისთვის და აშშ-საქართველოს თანამშრომლობის ყოვლისმომცველი გადახედვა დააანონსა.  შეზღუდვები ეხება პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოში სამოქალაქო საზოგადოებისა და მშვიდობიანი შეკრების თავისუფლების ჩახშობაზე ძალადობის ან დაშინების გზით. წელს შეერთებულმა შტატებმა ასევე დამატებითი სავიზო შეზღუდვები დაუწესა ქართული ოცნების მაღალჩინოსნებს და იმ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან საქართველოს დემოკრატიულ უკუსვლაზე და ადამიანის უფლებების დარღვევებზე. იმავდროულად, ქართული ოცნების ანტი-დემოკრატიული პოლიტიკის საპასუხოდ აშშ-ის კონგრესში ორი კანონპროექტი – „ქართველი ხალხის აქტი“ და MEGOBARI აქტი იქნა ინიცირებული. 2024 წლის ივლისში შეერთებულმა შტატებმა „განუსაზღვრელი ვადით გადადო“ ერთობლივი წვრთნები „ღირსეული პარტნიორი“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

სრულად წაკითხვა