მოსამართლე მანანა კობახიძემ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო დატოვა მას შემდეგ, რაც სასამართლომ არ დააკმაყოფილა მისი შუამდგომლობა „ქართული ოცნების“ მიერ ოპოზიციური პარტიების აკრძალვის მიზნით შეტანილი სარჩელის განხილვიდან აცილების შესახებ.
„საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს, ქალბატონ მანანა კობახიძეს, პირადი განცხადების საფუძველზე, საკონსტიტუციო სასამართლოს თავმჯდომარის განკარგულებით N 2, 2026 წლის 13 ოქტომბრიდან, ვადაზე ადრე შეუწყდა საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის უფლებამოსილება“, – განაცხადა სასამართლომ 13 ოქტომბერს.
კობახიძე „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი წევრია და 2017 წლის თებერვალში საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე პარლამენტის წევრი იყო. საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეები 10-წლიანი ვადით ინიშნებიან. კობახიძე 2018 წელს სასამართლოს მდივნად აირჩიეს, მოგვიანებით კი სასამართლოს თავმჯდომარის მოადგილე და, 2021 წლის დეკემბერში, მეორე კოლეგიის თავმჯდომარე გახდა.
კობახიძემ აცილების შესახებ შუამდგომლობა იმ არგუმენტით წარადგინა, რომ მისმა მონაწილეობამ შესაძლოა მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით „გონივრული ეჭვები“ გააჩინოს. მან ასევე ყურადღება გაამახვილა წარსულში გაკეთებულ განცხადებებზე, როგორც უფლებადამცველი ადვოკატის, ისე „ქართული ოცნების“ დეპუტატის რანგში, რომლებიც „ერთიან ნაციონალურ მოძრაობასა“ და მის წევრებს ეხებოდა.
თავის შუამდგომლობაში კობახიძემ განაცხადა, რომ იგი „საჯაროდ, აქტიურად აკრიტიკებდა“ მათ „მათი მმართველობის პერიოდთან დაკავშირებული სისტემური დანაშაულებისა და ადამიანის ფუნდამენტური უფლებების დარღვევების გამო“. პოლიტიკური დებატებისას კი, მათგან ღიად მოითხოვდა პასუხისმგებლობის აღებას სწორედ იმ ქმედებებზე, რომლებიც კონსტიტუციური სარჩელის მიხედვით, ამ პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობისა და აკრძალვის მთავარ არგუმენტებად არის დასახელებული.
„ქართულმა ოცნებამ“ სარჩელი თავდაპირველად 2025 წლის ნოემბერში შეიტანა, სადაც „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ (ენმ), „ლელო/ძლიერი საქართველოსა“ და „ახალი/კოალიცია ცვლილებისთვის“ აკრძალვას ითხოვდა. მოგვიანებით, 2026 წლის აპრილში, სარჩელს პარტია „ფედერალისტები“, ხოლო სექტემბერში პარლამენტში წარმოდგენილი ერთადერთი ოპოზიციური პარტია „საქართველოსთვის“ დაემატა. ამ ცვლილებების გამო „ქართულ ოცნებას“ ყოველ ჯერზე თავიდან შეჰქონდა სარჩელი, რითაც ნულდებოდა სასამართლოს მიერ საქმის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების მაქსიმალური 9-თვიანი ვადა.
This post is also available in:
civil ახალი ამბები