გიორგი საკარული
ისტორია მეორდება… საზოგადოება საქართველოში მიმდინარე მოვლენებს 1937 წელს ადარებს _ კომუნისტური დიქტატურა. 1937 წელი _ ეს არის რეპრესიების გიგანტური მასშტაბი, რომელმაც მოიცვა ყველა რეგიონი და გამონაკლისის გარეშე საზოგადოების ყველა ფენა, დაწყებული ქვეყნის უმაღლესი ხელმძღვანელობით, დამთავრებული გლეხებითა და მუშებით, რომლებიც შორს იყვნენ ყოველგვარი პოლიტიკისგან. 1937-38 წლებში პოლიტიკური ბრალდებით დააპატიმრეს 1.7 მილიონზე მეტი ადამიანი.
რა ხდება დღეს? ქუჩაში გამოსულ ათასობით მოქალაქეს „ოცნების“ რუსული რეჟიმი სასტიკად უსწორდება და არბევს. არ ინდობენ ჟურნალისტებს, აქტივისტებს უვარდებიან სახლებში, არის დარბევები, ჩხრეკა, დაჭერები. თბილისში გადავსებული იზოლატორების გამო სამართალდამცველებს რეგიონებში უწევთ ბორკილებდადებული ახალგაზრდების გადაყვანა.
მოკლედ, სისტემა ებრძვის ყველას, ვისაც თავისუფალ, ევროპულ საქართველოში სურს ცხოვრება. ქვეყანაში არსებულ მიმდინარე სასტიკ მოვლენებს ახალგაზრდებთან ერთად ქუჩაში აპროტესტებენ ხელოვანი ადამიანები, მომღერლები, არტისტები, რეჟისორები, მხატვრები, მუსიკოსები და მათ რიცხვს ნელ-ნელა უამრავი სხვა ადამიანი ემატება.
რეპერი და მომღერალი ლექსო ქავთარაძე (ლექსენი) აქციების დაწყების პირველივე დღიდან რუსთაველის გამზირზე დგას, თუმცა მისი კოლეგებისგან განსხვავებით, „ოცნების“ რეჟიმს ის 2013 წლიდან ებრძვის.
„ქრონიკა+“-თან ლექსენი ამ მოვლენებს კოშმარს უწოდებს და ფიქრობს, რომ ერთად დგომით ქართველი ხალხი აუცილებლად გაიმარჯვებს რუსული რეჟიმის წინააღმდეგ:
_ ერთი სიტყვით რომ გამოვხატო ეს ყველაფერი, კოშმარია, რაც დღეს ხდება. ის, რაც მრავალი საუკუნის მანძილზე ცალ-ცალკე ეპოქებში გადახდენია ჩვენს ქვეყანას, წარსულს მოვერიეთ, ეტაპები შეიცვალა და მოვიდა ქვეყანა აქამდე, ახლა უკვე ამ ქვეყანას ყველაფერი ერთად დაატყდა თავს და ამ კოშმარს ვებრძვით, საიდანაც უნდა გამოვიდეთ და დავამარცხოთ. სხვა გზა არ გვაქვს.
_ 30 წელია, ერთ წრეზე ვტრიალებთ, თითქოს ერთ ადგილას გაჩერდა და გაიყინა ქვეყანა, არანაირი განვითარება და პერსპექტივა არ არის ამ ეტაპზე…
_ საქმეც ესაა, რომ ბოლო 12 წელია, უკან-უკან სვლა იყო და დროზე უნდა გამოვფხიზლდეთ. მე ამ რეჟმს 2013 წლიდან ვებრძვი, მაგრამ კარგია, რომ ზოგიერთი გვიან მიხვდა და შემოუერთდა ამ ყველაფერს. ეს იქნება სამუდამო დასამარება.
_ ერთ კვირაზე მეტია, რაც თბილისში, რუსთაველის გამზირზე, ასევე საქართველოს მასშტაბით იმართება აქციები. როგორ შეაფასებდი ამ ყველაფერს და როგორ ფიქრობ, რამდენად სწორია პროტესტის ასეთი ფორმა?
_ თუ რამე სასწაული არ დამემართა და ცუდად არ გავხდი, ყოველდღე აქციებზე ვარ და რასაც ახლა ვუყურებ, არ ვიცი, სიტყვები არ მყოფნის. იმდენად მაგარი ხალხია, იმდენად მაგარი თაობაა, რომ ეს მშვიდობიანი პროტესტი ძალიან კარგი გზა არის ნაპოვნი, სხვა ბერკეტი ახლა არ არის. გამძლეობით გამარჯვება _ ეს არის ის, რამაც უნდა დაანგრიოს რეჟიმი. აქციაზე დგას განათლებული ხალხი, იქ არის ევროპული თაობა, ევროპული მენტალიტენტის ახალგაზრდები არიან, ხელოვანები, მომღერლები, აბსოლუტურად ყველა სფეროს წარმომადგენელი დგას დღეს რუსთაველზე, ყველა მოაზროვნე ხალხი იქაა და ამ ხალხის მენტალიტეტსა და აზროვნებაში არ ჯდება ძალადობა და სხვა ფორმით ვერც გააპროტესტებ. ძალიან სწორად, კარგად და სამართლიანად მიმდინარეობს ეს პროცესები. ეს რომ სამართლიანი არ იყოს, მაშინ დასავლეთი და ამერიკა არ დაგიჭერდა მხარს. ამ ყველაფერს იმიტომ უჭერენ მხარს, რომ ხედავენ, ეს არის მართალი ხალხის მართალი პროტესტი. მართალი სულისკვეთებაა და ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი. დანარჩენი უკვე ინსტრუმენტი რაც იქნება, ყველაფერი ჯდება ნორმების ფარგლებში.
_ ეს არის აქცია, რომელიც წინასწარ არავინ იცის, სად და რომელ საათზე დაიგეგმება. საღამო მოდის და უკვე ყველამ იცის, რომ პარლამენტთან უნდა იდგეს. დამეთანხმებით, ეს დიდ სულისკვეთებასა და ერთიანობას ნიშნავს, რაც ამ ახალგაზრდებში დიდი დოზით არის. როგორ ფიქრობთ, სად უნდა იდგეს და რა როლი უნდა ეკავოს ოპოზიციას ამ პროცესებში? სჭირდება თუ არა ამ ყველაფერს ლიდერი?
_ ძალიან საინტერესო კითხვაა და ამის გარშემო მიდის კამათი და სხვადასხვა სახის მსჯელობა, მეც მსმენია რაღაცები, მაგრამ რასაც ვხედავ იქ, არის ასეთი მომენტი: ერთი ყველასათვის და ყველა ერთისათვის. ყველა ხედავს, რომ მიზანი არის ერთი და თუ ვინმე აიღებს საკუთარ თავზე ლიდერობას, ეგეც არ იქნება ცუდი, თუმცა ამ პროცესებს არ სჭირდება, რადგან ეს ყველას საბრძოლი არის, ჩვენი მოვალეობა და ვალდებულებაა. პროცესმა თვითონ აჩვენა, რომ ამ ახალ თაობას არავის თვალში ქულების დაწერა არ უნდა და რაც შეეხება ოპოზიციას, მინდა გითხრათ, რომ ოპოზიცია ასეთი ადეკვატური არასდროს ყოფილა. ვიღაცას მოსწონს, ვიღაცას _ არა, ეს გასაგებია და კამათიც შეიძლება, მაგრამ ეს უფრო პოლიტიკური ცოდნის საკითხია, რადგან ყველას არ ესმის პოლიტიკა, ისევე როგორც ყველა ადამიანს, ვისაც მანქანა ჰყავს, არ ესმის, ძრავი როგორ მუშაობს, პირობითად. შესაბამისად, ამ ეტაპზე ეს პროცესები როგორც მიმდინარეობს, არის იდეალური, _ ვერავის აშავებენ, ვერავის წინააღმდეგ პროპაგანდა ვერ მუშაობს და ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი სწორად მიდის. ოპოზიციაც ამ შემთხვევაში რიგითი მებრძოლია, ისევე როგორც ნებისმიერი იქ მდგომი ადამიანი.
_ ლექსო, იმის მაგივრად რომ ჩვენ ახლა საუბარი გვიწევდეს შემოქმედებაზე, მუსიკაზე, სიმღერაზე და კონცერტებზე, ვსაუბრობთ პოლიტიკასა და ქვეყანაში არსებულ ამ რთულ მდგომარეობაზე… (მაწყვეტინებს)
_ არა უშავს, რას ვიზამთ? როცა დგება ჟამი, ჩვენმა წინამორბედებმა და გენიოსებმა თქვეს, რომ კალამი უნდა გადადო და მახვილი უნდა აიღო. ეს ყველას მოვალეობაა, ყველა შემოქმედის, სიმღერებითაც არ დამიკლია მე ჩემი პროტესტი, ძალიან ბევრი სიმღერა თემატურად ამ მოვლენებს ეხმაურება და ემსახურება. ეს დრო რომ გადაივლის, უფრო მეტი ენერგიით და კრეატიულობით გავაგრძელებთ ყველანი ჩვენს მოღვაწეობას. ახლა მთავარია, ერთიანები ვიყოთ იმ საერთო მტრის წინააღმდეგ, რასაც ჰქვია რუსეთი და რუსული რეჟიმი.
_ სად უნდა იდგეს დღეს საზოგადოება? ვგულისხმობ თქვენს კოლეგებს, არტისტებს, მსახიობებს, მიუხედავად იმისა, რომ დღეს ძალიან ბევრი მსახიობი თუ მომღერალი სცენის მაგივრად რუსთაველზე დგას და უკვე ხმამაღლა აფიქსირებს თავის პოზიციებს, ესეც უკვე ერთგვარი გამარჯვებაა, თუმცა არიან ისეთებიც, რომლებიც მაინც კულისებში ყოფნას ამჯობინებენ. რას ეტყვით ამ ადამიანებს? რას ეტყვით იმ ხელოვანებს, რომლებიც უსირცხვილოდ ამბობენ, რომ პოლიტიკა მათი საქმე არაა?
_ ეს ბლეფია. ძალიან მიხარია და მსიამოვნებს, როდესაც ვხედავ, რომ სკოლის მოსწავლეები გაიფიცნენ, რადგან ჩვენ რომ გაგვზარდეს, პოლიტიკა ჩვენი საქმე არაა და სამშობლო მარტო წიგნებში ეწერა და მერე ვერ ვიგებდით, სად იყო ეს სამშობლო, წიგნში, მერხის ქვეშ თუ სადმე სხვაგან, აი, ეს თაობა, ეს მოსწავლეები ახლა ნახავენ, რომ სამშობლო არის ის, რასაც შენ ქმნი, რასაც შენ მოიპოვებ და ეს ბავშვები ამ თავიანთი პროტესტით რომ მოიპოვებენ სამშობლოს, მათ ვეღარავინ აუკრძალავს და ეტყვის, რომ პოლიტიკა შენი საქმე არააო. პოლიტიკა დღეს არის ყველას ვალდებულება. თუ მედროვე და მოღალატე არ ხარ, დღეს ყველას ადგილი არის თავისუფლების სადარაჯოზე _ რუსთაველზე და მერე უკვე ყველამ თავისი უნდა გააკეთოს.
მგონია, რომ ყველა სფეროდან უმრავლესობამ გაიღვიძა და ყველამ გამოხატა თავისი პროტესტი. რაც არ უნდა პოლიტიკაში ვერ ერკვეოდეს ადამიანი, არ მგონია, რომ დღეს ვინმე ვერ ხვდებოდეს, თუ რა პროცესები მიდის ქვეყანაში და რა კატასტროფის წინაშე დგას ქვეყანა. მომწონს უკვე ის აქტიურობა, რაც დღეს ბევრისგან დავინახე, იმ ადამიანებისგან, რომლებიც ადრე თუნდაც თავს იკავებდნენ.
_ ლექსო, აქციაზე იცემა ძალიან ბევრი ჟურნალისტი, მათი ნაწილი მძიმედ დაშავდა და ასევე დაშავებულებს შორის არიან აქციის მონაწილეებიც. ამასთან, უკვე ყველას უვარდებიან სახლში, ჩხრეკენ, ახალაგზრდებს იჭერენ. როგორ ფიქრობთ, რისი თქმა უნდა ამით ხელისუფლებას? ეს არის ახალგაზრდების დაშინების მცდელობა, რომ აღარ გამოვიდნენ ქუჩაში რუსული რეჟიმის გასაპროტესტებლად?
_ ეს არის შიშისა და სტრესის დათესვა, მაგრამ იმდენად ბევრი ადამიანია და იმდენად ვაჟკაცები არიან, რომ თვითონ გავოცდი. ეს არის ნამდვილი ევროპული საზოგადოება. ჩვენ უკვე ვყოფილვართ ევროპა, უბრალოდ, ვიღაცები გვიშლიან ხელს, რომ იმ ეკლიან მავთულს გადავაბიჯოთ. საოცრად ლამაზი და დახატული თაობა დგას დღეს ქუჩაში, როგორი ჩაცმულები, თავისუფლები, ლაღები, გამბედავები, მიზანდასახულები, არ ვიცი, რა ვთქვა, გაოცებას ვერ მალავს ვერავინ, ასეთი მხოლოდ ქართველი შეიძლება იყოს. როგორ შეიძლება, ამ ხალხის ცემა, მე ამ პროცესში ვხედავ 3 მილიონ ადამიანს და როგორ შეიძლება, ამდენი ადამიანი დაიჭირო. ვიღაცები რომ ითვლიან 20 ათასი 200 ათასი, არ არის ეს სწორი. იქ სრულიად საქართველოა და მინდა ყველა იმ ადამიანს გამოჯანმრთელება ვუსურვო, ვინც აქციებზე დაშავდა, ვინც ძალოვნების მიერ არიან ნაცემები. ზუსტად ვიცი, რომ ყველას ერთი სული აქვს _ რაც შეიძლება მალე გამოვიდნენ და ისევ ბრძოლის ხაზზე დადგნენ. ქართველი ხალხი არ დათმობს თავის იდენტობას, ჩვენ სხვანაირი ხალხი ვართ, ჩვენ არ ვართ რუსები, შეიძლება რაღაც პროცესები ცოტათი გაიწელოს, მაგრამ ფინალი მხოლოდ ის იქნება, რაც ამ თაობასა და ხალხს წარმოუდგენია.
_ დაბოლოს, რა არის დღეს თქვენი მთავარი სათქმელი როგორც ერთი რიგითი მოქალაქის, როგორც რეპერის, როგორც შემოქმედის, რას ეტყვით ხალხს, განსაკუთრებით მათ, ვისაც ჯერ კიდევ არ გადაუწყვეტია გარეთ გამოსვლა?
_ ხალხს ვეტყვი იმას და მეც ამ ხალხის ნაწილი ვარ, რომ პირველ რიგში მადლიერი ვარ ყველასი, რომ ასე უდგანან ერთმანეთს გვერდით, ეს პირველ რიგში ყევლას ვალია და თავისუფლება ხომ ლომთა ხვედრია და იქ თითოეული ადამიანი ლომის ფასად იბრძვის. იქით მხარეს რა უნდა ვუთხრა, განათლებასაც ბევრს ვერ მოსთხოვ და რაღაცა გამონათქვამები ხომ მაინც გაუგონიათ, რომ დრონი მეფობენ და არა მეფენიო, იცოდნენ, რომ ეს არის ბუნების კანონზომიერება, ეს ისეთი ისტორიული წახნაგია, რომ ეს ყველაფერი აუცილებლად შეიცლვება. ჩემი რჩევა იქნება, რომ რაც უფრო დროზე მიხვდებიან და რაც უფრო მალე მოინანიებენ ღვთისა და ერის წინაშე ან თუნდაც იმას მიხვდებიან, რომ უბრალოდ გვერდით დადგნენ, ისევ მათ გამოადგებათ მომავალში, როცა ნორმალური სიბერე ექნებათ. ახალი თაობა მოდის და ვინ უფრო ძლიერი იქნება, _ ის ბებერი თუ ეს ახალგაზრდა, ენერგიული, რომელმაც შური უნდა იძიოს?
The post „ახლა მთავარია, ყველანი ერთიანები ვიყოთ საერთო მტრის _ რუსეთის წინააღმდეგ“ appeared first on QronikaPlus.