ბათუმში პოლიციამ დააკავა ელენე ხოშტარია, გიორგი კირთაძე და საპროტესტო აქციის კიდევ რამდენიმე მონაწილე

3 days ago 5

“სტიკერის ასფალტზე გაკვრის გამო დააკავეს აქციის მონაწილეები. არაფრის გამო. გუშინდელი რეპრესიები დღესაც გრძელდება. - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ციალა ქათამიძემ.

ბათუმში მთავრობის სახლთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც „კოალიცია ცვლილებისთვის" ერთ-ერთი ლიდერი, ელენე ხოშტარია ადგილზე სტიკერის (წარწერით „გაიფიცე!“) დაკვრას ცდილობდა, რის საშუალებაც პოლიციამ მას არ მისცა.

პოლიციამ ავტომობილში ჩასვა ელენე ხოშტარია და ოპოზიციის კიდევ ერთი წარმომადგენელი, გიორგი კირთაძე, რომელიც, აქციის მონაწილეების თქმით, ხოშტარიას დახმარებას ცდილობდა.

„კოალიცია ცვლილებისთვის" პრესსამსახურის ინფორმაციით, ხოშტარიასთან და კირთაძესთან ერთად, დაკავებულია შუშანა მაცაბერიძე. პოლიციამ ასევე დააკავა ლუკა ნაცვლიშვილი, ლევან ხორავა, კახა სურგულაძე, ელიზბარ ჩხიკვაძე.

"ესენი არიან მონები, რომლებიც, საქართველოს ნაცვლად, ემსახურებიან კრემლს“, - განაცხადა შუშანა მაცაბერიძემ, ვიდრე მას პოლიცია დააკავებდა.

„სტიკერების გაკვრისას დაიჭირეს ელენე ხოშტარია და გიორგი კირთაძე. ეს არის რუსული მილიცია, მაგრამ ყველას ვერ დაგვიჭერენ", - განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, ნათია ლეთოდიანმა.

სრულად წაკითხვა