ბაიდენი უკრაინის დახმარების პაკეტს ხელს დღეს მოაწერს

7 months ago 12

ვაშინგტონში მოელიან, რომ პრეზიდენტი ჯო ბაიდენი ოთხშაბათს, 24 აპრილს, ხელს მოაწერს უკრაინის მხარდაჭერის კანონპროექტს, რომელიც სენატში დამტკიცების შემდეგ, წარმომადგენელთა პალატაში თვეობით იყო შეყოვნებული. პაკეტი ითვალისწინებს რუსეთის თავდასხმის ქვეშ მყოფი უკრაინისთვის მილიარდობით დოლარის ახალი დახმარების გამოყოფას.

პოლიტიკურად, შეერთებულ შტატებში ეს პრეზიდენტ ბაიდენის ორპარტიულ შეთანხმებასთან დაკავშირებული გამარჯვება იქნება, რასაც დემოკრატები ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნებზე მისი ხელახლა არჩევის არგუმენტაციისთვის გამოიყენებენ. ამას გარდა, ეს ფაქტი შეერთებული შტატების მოკავშირეებსაც გააძლიერებს, რომლებიც კიევის მხარდაჭერის საქმეში ანგარიშს უწევენ ვაშინგტონის აზრს.

დემოკრატი ჯო ბაიდენი, რომელიც 2024 წლის ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევენებზე სავარაუდოდ, ამერიკის ყოფილ პრეზიდენტს, რესპუბლიკელ დონალდ ტრამპს დაუპირისპირდება, ექვს თვეზე მეტია უკრაინის დამატებითი დახმარების დამტკიცებას ცდილობს. უმეტესად ორპარტიული მხარდაჭერის მიუხედავად, კანონპროექტს რესპუბლიკელი კანონმდებლების ნაწილი ეწინააღმდეგებოდა, უმეტესად დონალდ ტრამპის ახლო მოკავშირეები, რომლებიც სანაცვლოდ ამერიკის სასაზღვრო პოლიტიკაში მნიშვნელოვან ცვლილებებს ითხოვდნენ.

საბოლოო ჯამში, რესპუბლიკელების მიერ კონტროლირებულმა წარმომადგენელთა პალატამ გასულ უქმეებზე დაამტკიცა ოთხი კანონპროექტი. ის მოიცავს უკრაინის, ისრაელისა და ტაივანის სამხედრო დახმარებას, ასევე ამერიკის სამხრეთ საზღვრების დაცვის მიმართულებას.

23 აპრილს, საღამოს, წარმომადგენელთა პალატის ყოვლისმომცველი კანონპროექტი შეერთებული შტატების სენატმაც დაამტკიცა. ის უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარებას ითვალისწინებს. ბაიდენმა განაცხადა, რომ ის საბიუჯეტო კანონპროექტს ხელს ოთხშაბათს, 24 აპრილს მოაწერს, რის შემდეგაც მას კანონის ძალა ექნება.

„კონგრესმა დაამტკიცა ჩემი კანონმდებლობა, რათა გავაძლიეროთ ჩვენი ეროვნული უსაფრთხოება და გავუგზავნოთ მსოფლიოს ამერიკის მძლავრი ლიდერობის გზავნილი: ჩვენ მტკიცედ ვდგავართ დემოკრატიისა და თავისუფლების დაცვის სადარაჯოზე, ტირანიისა და ჩაგვრის წინააღმდეგ“, - განაცხადა პრეზიდენტმა ბაიდენმა სამშაბათს, სენატში გამართული კენჭისყრის შემდეგ.

სრულად წაკითხვა