ბაიდენმა თავისი შვილი, ჰანტერი შეიწყალა

2 weeks ago 11

შეერთებული შტატების პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა, 1 დეკემბერს, თავისი შვილი შეიწყალა. დეკემბერში ჰანტერ ბაიდენს, რომელსაც სასამართლომ ბრალი ორ ფედერალურ საქმეზე წაუყენა, განაჩენის სისრულეში მოყვანა ემუქრებოდა.

ბაიდენმა, რომელსაც ვადა ორ თვეზე ნაკლებ დროში, 20 იანვარს ეწურება, ადრე პირობა დადო, რომ ასეთ გადაწყვეტილებას არ მიიღებდა. მაგრამ, კვირას გავრცელებულ განცხადებაში მან აღნიშნა, რომ ეს ნაბიჯი იყო პასუხი შერჩევით და უსამართლო დევნაზე.

”ბრალდებები მხოლოდ მას შემდეგ გაჩნდა, რაც კონგრესში ჩემზე თავდასხმა რამდენიმე ჩემმა პოლიტიკურმა ოპონენტმა წამოიწყო, რომლებიც [პრეზიდენტად] ჩემს არჩევას ეწინააღმდეგებოდნენ”, - თქვა ბაიდენმა.

განცხადებაში პრეზიდენტმა იმედი გამოთქვა, რომ „ამერიკელები გაიგებენ, თუ როგორ მივიდა მამა და პრეზიდენტი ამ გადაწყვეტილებამდე“.

”მთელი ჩემი კარიერის განმავლობაში, მე მივყვებოდი მარტივ პრინციპს: ამერიკელ ხალხს, უბრალოდ, სიმართლე უთხარი. ისინი სამართლიანად მოგეპყრობიან. აი, სიმართლე: მე მჯერა მართლმსაჯულების სისტემის, მაგრამ ასევე მჯერა იმის, რომ როცა მას შევეჭიდე, პროცესი უხეში პოლიტიკით დაინფიცირდა და ამან მართლმსაჯულებაში შეცდომა გამოიწვია", - თქვა ბაიდენმა.

ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა, ბაიდენის ნაბიჯი გააკრიტიკა და ის "მართლმსაჯულების ბოროტად გამოყენებად" შეაფასა.

თუმცა, ტრამპმაც შეიწყალა ოჯახის წევრი თავისი საპრეზიდენტო ვადის ბოლოსკენ. მან ქალიშვილის ქმრის, ჯარედ კუშნერის მამა შეიწყალა - ჩარლზ კუშნერი. ტრამპის მიერ შეწყალებულთა შორის ასევე იყვნენ მისი ყოფილი თანამებრძოლები: მაიკლ ფლინი - ყოფილი მრჩეველი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში; პოლ მანაფორტი - საპრეზიდენტო კამპანიის ყოფილი მენეჯერი; სტივ ბენონი - კამპანიის ყოფილი სტრატეგი და ჯორჯ პაპადოპულუსი - კამპანიის მენეჯერის ყოფილი მოადგილე.

ჰანტერ ბაიდენის ბრალდებები

2024 წლის 5 სექტემბერს, პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ვაჟმა ჰანტერმა, გადასახადებთან დაკავშირებულ ფედერალურ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო, რათა, მისი თქმით, სულ ერთი თვის წინ, იარაღის საქმეზე მსჯავრდების შემდეგ, ოჯახი კიდევ ერთი მტკივნეული და სამარცხვინო კრიმინალური სასამართლო გარჩევის წინაშე არ დაეყენებინა.

ჰანტერ ბაიდენმა გადაწყვიტა პროკურორებთან შეთანხმების პრივილეგიაზე უარის თქმით, თავი დამნაშავედ ეცნო ნაკლებად მძიმე და ასევე სისხლის სამართლის ბრალდებებზე. ჰანტერ ბაიდენმა ეს გადაწყვეტილება მიიღო რამდენიმე საათში მას შემდეგ, რაც ნაფიც მსაჯულთა შერჩევის პროცესი უნდა დაწყებულიყო საქმეზე, რომელშიც მას ბრალი, სულ ცოტა, 1.4 მილიონი დოლარის ოდენობის გადასახადებისგან თავის არიდებაზე ედება.

ამავე წლის ივნისში, იარაღის უკანონო ფლობის თაობაზე კრიმინალური მსჯავრდების შემდეგ, პრეზიდენტის ვაჟს პოტენციური თავისუფლების აღკვეთა ემუქრებოდა. სასამართლო პროცესზე გამოაშკარავდა შეულამაზებელი და უღირსი დეტალები ნარკოტიკ კოკაინზე მისი დამოკიდებულების შესახებ. მოსალოდნელი იყო, რომ გადასახადებთან დაკავშირებული სასამართლო პროცესი, პოტენციურად, კიდევ უფრო საზარელ დეტალებს და ასევე ჰანტერ ბაიდენის უცხოეთში წარმართული ბიზნეს გარიგებების დეტალებს წარმოაჩენდა. ეს დეტალები ოპონენტმა რესპუბლიკელებმა გამოიყენეს, რათა დემოკრატი პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის მთელი ოჯახი "კორუმპირებულად" დაეხასიათებინათ.

57 წლის ჰანტერ ბაიდენმა, მოსამართლის მიერ წაკითხულ 9 ბრალდებაზე, სწრაფად გასცა პასუხი: „დამნაშავე ვარ“. ბრალი 17 წლამდე პატიმრობას ივალისწინებს, მაგრამ სასჯელის შეფარდების ფედერალური ინსტრუქციებით, შესაძლოა, ბევრად ხანმოკლე პატიმრობა შეფარდებოდა. მას 1.35 მილიონ დოლარამდე ჯარიმებიც ემუქრებოდა. სასჯელის შეფარდება 16 დეკემბრისთვის იყო ჩანიშნული.

სრულად წაკითხვა