ბარსელონასა და რეალის ფანები, ხელოვანები - თბილისში სხვადასხვა ჯგუფი მსვლელობებს აწყობს

1 week ago 7

საპროტესტო დემონსტრაციების მე-18 დღე სხვადასხვა ინტერესთა ჯგუფის მსვლელობებით გრძელდება. ყველა მათგანი გეგმავს, საღამოს რუსთაველის გამზირზე პარლამენტთან გაერთიანდეს.

15 დეკემბერს თბილისის ქუჩებში დაიწყო ხელოვანების, რესტავრატორების, ხელოვნებათმცოდნეების, არჩევნებზე დამკვირვებელთა მარშები.

17:00 საათიდან თბილისში, ფილარმონიიდან პარლამენტის მიმართულებით დაიწყო ისტორიული კონკურენტების, საფეხბურთო კლუბების, ესპანური მადრიდის რეალისა და ბარსელონას, გულშემატკივრების ერთობლივი მსვლელობა.

მსვლელობა, ბოლო დღეებისა და კვირების განმავლობაში სხვა არაერთი მსვლელობის მსგავსად. პროევროპული საპროტესტო დემონსტრაციების ნაწილია.

დემონსტრანტებმა მიიტანეს ბანერები წარწერებით: „თუ რეალი და ბარსელონა გაერთიანდნენ, საქართველოც გაერთიანდება“, „ჩვენ ერთმანეთი გვეზიზღება, მაგრამ თქვენ უფრო გვეზიზღებით“.

დაგეგმილია ცხოველთამოყვარულების ერთობლივი მსვლელობაც.

საღამოს, ტრადიციულად, ყველა მათგანი გაერთიანდება პარლამენტის წინ, რუსთაველის გამზირზე.

პარლამენტის შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე - მთავარი საპროტესტო ადგილზე, - წინა საღამოს თბილისის მერიას ნაძვის ხის ანთების ღონისძიება ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა გადადო.

ჯერ უცნობია, როდის გეგმავს მერია ნაძვის ხის ანთებას.

დემონსტრანტები კი პროტესტს აგრძელებენ - ისინი აპროტესტებენ ირაკლი კობახიძის მიერ 28 ნოემბერს გამოცხადებულ გადაწყვეტილებას, რომლის მიხედვითაც „ქართული ოცნება“ 2028 წლის ბოლომდე ევროკავშირთან არ დააყენებს საქართველოს წევრობაზე მოლაპარაკების გახსნის საკითხს.

დემონსტრაციებზე 400-ზე მეტი ადამიანი დააკავეს. მათ უმრავლესობას ფიზიკურად გაუსწორდნენ.

სრულად წაკითხვა