ბერნარდუ: "როცა ცხრილში მე-4 ხარ, სათავეს არ უყურებ"

2 weeks ago 10

"მანჩესტერ სიტიმ" პრემიერ ლიგის წინა ტურში "ნოტინგემ ფორესტი" კი დაამარცხა, მაგრამ გამარჯვების გზებზე დაბრუნებამ დიდხანს ვერ გასტანა. "ქალაქელები" გუშინ "კრისტალ პალასს" ესტუმრნენ და ფრე 2:2 ითამაშეს. პეპ გვარდიოლას გუნდი ორჯერ აგებდა და ერლინგ ჰოლანდისა და რიკო ლუისის გოლებით თამაშში ორივეჯერ დაბრუნდა, ოღონდ 84-ე წუთზე რიკომ წითელი ბარათი მიიღო და მათ მოსაგებად წასვლა ვეღარც შეძლეს.

"სელსჰარტ პარკზე" ფრედ დასრულებული მატჩი "სიტიზენების" პორტუგალიელმა ვარსკვლავმა, ბერნარდუ სილვამ შეაფასა.

"ჩვენ "მანჩესტერ სიტი" ვართ. ფრე ყოველთვის დაკარგულ 2 ქულას ნიშნავს, მაგრამ ერთი ქულა ნულს სჯობს. ბედნიერები არ ვართ. ბედნიერები არ ვართ არც ამ მდგომარეობით და არც ნებისმიერი მატჩით, სადაც მხოლოდ ქულას ვიღებთ. ამაზე გაცილებით უკეთესები უნდა ვიყოთ.

"სიტის" სტანდარტისგან ძალიან შორსაა ყაიმით კმაყოფილება. ეს გუნდი ასე არ აგვიშენებია. იმედგაცრუებულები ვართ.

ახლა დეკემბერია. რა თქმა უნდა, ვისურვებდით, რომ პრემიერ ლიგაში სხვანაირი სიტუაცია გვქონოდა. ვიტყოდი, რომ თუ ფეხბურთელები დროულად გამოჯანმრთელდებიან, ჩამორჩენის აღმოფხვრა შეგვიძლია, თუმცა ახლა ჩვენი სადარდებელი სხვა რამაა. როცა ცხრილში მე-4 ან მე-5 ხარ, სათავეს არ უყურებ.

მომდევნო მატჩის მოგებაზე უნდა ვიფიქროთ, რადგან წინა თვე-ნახევარი კარგი ნამდვილად არ ყოფილა," - თქვა სილვამ.

პრემიერ ლიგის მოქმედი ჩემპიონები სატურნირო ცხრილში მე-4 ადგილს იკავებენ და ლიდერ "ლივერპულს" 8 ქულით ჩამორჩებიან, ოღონდ მერსესაიდელებს ერთით ნაკლები მატჩი აქვთ ჩატარებული.

ინგლისის ჩემპიონატში "სიტის" შემდეგი შეხვედრა 15 დეკემბერს, თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება. "ქალაქელთა" მეტოქე "მანჩესტერ იუნაიტედი" იქნება.

სრულად წაკითხვა