„დე, პირველ რიგში ბოდიშს გიხდი, მესმის როგორ ნერვიულობ, ერთმანეთი გააგულიანეთ, აქედან ძალიან ბევრ დადებითს გამოვიტან”, - დაწერა 19 წლის ზვიად ცეცხლაძემ ფურცლის ნაგლეჯზე და ციხიდან დედას, ნარგიზ დავითაძეს გაუგზავნა.
ნარგიზი, ქმართან ზურაბ ცეცხლაძესთან ერთად ყოველ დღე საპროტესტო აქციაზე დგას, მოითხოვს დაკავებულების გათავისუფლებას და ხელახალ არჩევნებს.
„ასე მგონია ზვიადს ვუღალატებ, აქციებზე რომ არ წავიდე, მის ნაცვლად უნდა ვიყო იქ, ახალგაზრდების მაგალითი უნდა გავხდე. ბევრი მოდის და მეუბნება, შენ რომ აქ დგახარ მე სახლში ვეღარ დავრჩებიო”, - ეუბნება რადიო თავისუფლებას ნარგიზ დავითაძე.
სტუდენტი და აქტივისტი, ზვიად ცეცხლაძე 4 დეკემბერს ქუჩაში დააკავეს, იმ დროს როცა, უნივერსიტეტიდან გამოსული მეგობარს აცილებდა. მას პროკურატურა 28 ნოემბერს დაწყებულ პროევროპულ აქციებზე ჯგუფური ძალადობის ორგანიზებაში ადანაშაულებს. ახალგაზრდას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ზვიად ცეცხლაძის ოჯახის წევრებმა მისი დაკავების შესახებ „დაფიონის“ გვერდიდან შეიყვეს.
„დაფიონი“ ახალგაზრდული მოძრაობაა, რომელიც ზვიად ცეცხლაძემ სხვა ბათუმელ ახალგაზრდებთან ერთად უკრაინაში ომის დაწყებიდან მალევე დააფუძნა.
„დაფიონი ნიშნავს დაისს. სამწუხაროდ, დღევანდელ რეალობას ჩვენ სიბნელედ აღვიქვამთ. ეს რეალობა ცოტა უფსკრულისკენ მიმავალია, მაგრამ ჩვენი მოძრაობის ლოგო არის არწივი და ბორჯღალი. ბორჯღალი მზეა, რომელსაც ძლიერი ანუ არწივი ამოიყვანს, ჩვენ ვცდილობთ, რომ ამ წყვდიადიდან გამოვიდეთ, ახალგაზრდობა იქნება ის, ვინც ცვლილებებს მოიტანს“, - ასე ახსნა ზვიად ცეცხლაძემ სახელი და მიზნები 2 წლის წინ, როდესაც მოძრაობა შექმნა.
ზვიად ცეცხლაძე საზოგადოებისა და ჟურნალისტების ყურადღების ცენტრში სწორედ „დაფიონის“ აქციებით მოხვდა.
„დაფიონმა“ ერთ-ერთი პირველი დიდი აქცია ბათუმის პორტში გამართა, როცა იქ რუსული საკრუიზო გემი გაჩერდა რამდენიმე საათით. ეს მოძრაობა იდგა სხვა სტუდენტურ გაერთიანებებთან ერთად ე.წ. აგენტების კანონის წინააღმდეგ სტუდენტური პროტესტის „დაღალე რეჟიმის“ ავანგარდში.
ზვიად ცეცხლაძე და დაფიონის წევრები კანონის განხილვის პარალელურად, პროტესტის ნიშნად ყოველ შაბათს, დილის 9 საათზე, თსუ- თან მიდიოდნენ. ამ დროს იწყებოდა პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის ლექცია „საქართველოს საკონსტიტუციო სამართალი“ და ის უნივერსიტეტში მიდიოდა დაცვის თანხლებით.
კობახიძის ერთ-ერთ ლექციაზე ზვიად ცეცხლაძემ საქართველოსა და ევროკავშირის დროშებშემოხვეულმა სცადა შესვლა, პრემიერ-მინისტრის დაცვამ ის აუდიტორიაში არ შეუშვა.
ცეცხლაძე ამ უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტის მეორე კურსის სტუდენტია, ირაკლი კობახიძე კი მისი ლექტორი.
„იურიდიულზე იმიტომ ჩააბარა, რომ კარგად შეესწავლა კანონმდებლობა, თავის დაცვის უნარი ჰქონოდა და არავის მოეტყუებინა“, - ამბობს ზვიად ცეცხლაძის უფროსი და ბარბარე შავაძე და ამატებს:
„დაკავებას მომზადებული შეხვდა, არ გაკვირვებია, როგორც ჩანს, ირაკლი კობახიძის წინააღმდეგ საპროტესტო აქციების გამართვისას დაადგეს თვალი და მომენტს ეძებდნენ“.
ზვიად ცეცხლაძეს 6 დეკემბერს მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძემ პატიმრობა შეუფარდა. მასთან ერთად დააპატიმრეს კიდევ 7 ადამიანი. აქედან ორს: ვეფხია კასრაძესა და ვასილ კაძელაშვილს ზვიადის მსგავსად ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას ედავებიან, დანარჩენ ხუთს მათ შორის 19, 20 და 21 წლის ახალგაზრდებს ძალადობაში მონაწილეობას.
28 ნოემბრიდან დღემდე სისხლის სამართლის საქმეებზე, მათ შორის ჯგუფური ძალადობის ორგანიზებისა და მონაწილეობის, ასევე, პოლიციელზე თავდასხმის მუხლებით 40-მდე დემონსტრანტი დააკავეს. მათ შორის არიან სტუდენტები, მსახიობები, პოლიტიკური პარტიების წევრები, აქტივისტები. ყველა მათგანს სასამართლომ პატიმრობა შეუფარდა. მოგვიანებით ერთ არასრულწლოვანს, რომელსაც ცეცხლმოკიდებული ნივთის პარლამენტისთვის სროლა ედებოდა ბრალად, პატიმრობა მამის მეთვალყურეობით შეუცვალეს. ამ ყველა საქმეს სასამართლო მომავალი წლის იანვრამდე აღარ განიხილავს.
პროკურატურის მტკიცებით, 19 წლის სტუდენტი, ზვიად ცეცხლაძე ძალადობას სხვებთან ერთად გეგმავდა და ხელმძღვანელობდა და 2024 წლის 30 ნოემბერს მან საჯარო სივრცეში გააცნო სხვებს თავისი გეგმები.
„განსაზღვრა ადგილები, სადაც …ხელსაყრელი იქნებოდა სამართალდაცველებისთვის წინააღმდეგობის გაწევა და თავდასხმა. ინსტრუქტაჟი ჩაუტარა, სად და როგორ იყო უკეთესი ბარიკადების მოწყობა, რა დროსაც გამოიყენებდნენ მავთულხლართებს და ჩახერგავდნენ გზებს.
მან ძალადობაში მონაწილეებს დაავალა, დაემზადებინათ ფარები ლურსმნები და სხვა ნივთები და მოუწოდა ძალადობრივი მოქმედებებისკენ, რომ წყობიდან გამოეყვანათ ვიდეოჩამწერები, ასევე მოუწოდა კვლავ გაეგრძელებინათ უფრო ძლიერი მოქმედების მქონე პიროტექნიკისა და ქვების გამოყენება“, - თქვა ბრალდების მხარემ სასამართლო პროცესზე.
ბრალის წარდგენამდე პოლიციამ გაჩხრიკა ზვიად ცეცხლაძის ნაქირავები ბინა, სადაც ის უნივერსიტეტში ჩაბარების შემდეგ ცხოვრობს. ჩრეკაზე დასწრების უფლება არ მისცეს ადვოკატს, დავით ჭიკაიძეს, რაც კანონის დარღვევაა.
შსს-ში განაცხადეს, რომ ზვიად ცეცხლაძის სახლში „მოლოტოვის კოქტეილები“ ნახეს. ცეცხლაძემ ოქმს ხელი არ მოაწერა:
„ჩხრეკის ოქმში წერია, რომ ამოღებულია 5 ცალი შუშის ბოთლი გაურკვეველი მასით და ამ ბოთლში ჩადებული მოგრძო ფორმის ნაჭერი, შუამდე სავსე, ზვიად ცეცხლაძე ამბობს, რომ ეს ნივთები სახლში არ ყოფილა და მისი თვალთახედვის არეალში არ მოხვდა ყველა ის ოთახი, რომელსაც ჩხრეკდნენ”, - ამბობს ადვოკატი.
ზვიად ცეცხლაძის წინააღმდეგ პროკურატურის მთავარი მტკიცებულება ვიდეოჩანაწერია, რომელიც მოძრაობა „დაფიონმა“ თავად გამოაქვეყნა 30 ნოემბერს. 15 წუთიანი ვიდეო სპეცრაზმის სისასტიკეზე საუბრით იწყება. ზვიად ცეცხლაძეს არ უკეთია სათვალე და გახეთქილი აქვს ტუჩი, აქტივისტი ყვება როგორ მოაქციეს აქციის დაშლისას რობოკოპებმა ის და სხვა დემონსტრანტები ალყაში, წაართვეს სათვალე და ჩაარტყეს სახეში წიხლი.
ამის შემდეგ, ზვიად ცეცხლაძე ამბობს:
„უნდა ავიღოთ კონკრეტული ლოკაცია და დავიწყოთ ბარიკადების შენება, აუცილებლად უნდა იყოს კოცონი, სასურველია თუ ნახშირი დაიწვება, რადგან ნახშირის გამოყოფილი ბოლი აირწინაღის როლს თამაშობს, ცეცხლით ასევე წყლის ჭავლით დასველების შემდეგ შრები და უფუნქციო აღარ ხარ. ბარიკადებად ყველაფრის გამოყენება შეიძლება, რასაც ადგილზე ნახავთ... სასურველია მავთულხლართები იმიტომ, რომ მაგათი გაჭრა-გარღვევა რთულია.
სხვადასხვა მეთოდებია ბლოკირების, მაგრა მაგის გარდა, კარგი იქნება გვქონდეს ელემენტარული თავდაცვის საშუალებები: ეს არის ქოლგა, რომელიც რეზინის ტყვიებისგან დაგიცავთ, ფარები, ცოტა რთულია დამზადება, მაგრამ არც ისე. 8-სანტიმენტრიანი ფანერი რომ აიღოთ ჩვეულებრივად რეზინის ტყვიებსაც გაუძლებს და ბიტებსაც. თუ საჭირო იქნება გაჩვენებთ, როგორ უნდა ავაწყოთ, მაიდანზე ეგ ჰქონდათ, რეზინის ტყვიებისგან და ბიტებისგან იცავს, სპეცრაზმისთვისაც რთულია გვერდი აგიაროს, თუ ერთ კოლონად დგახარ.
გზების ჩახერგვას რაც შეეხება, ბარიკადების წინ აუცილებლად უნდა იყოს ეკლიანი ლურსმნიანი მავთულხლართები დაყრილი, რომ ტექნიკას გაუჭირდეს მოახლოება.... უკრაინაში იყენებდნენ საკვებ ზეთს, ბოთლებში ასხამდნენ და ყრიდნენ, რობოკოპების აღჭურვილობა არის სრიალა, გადაადგილება უჭირთ და წაქცევის ალბათობა დიდია. ამიტომაა კარგი კვერცხები და საღებავები და თუ შერეულია კვერცხი და საღებავი უკეთესია. ლაზერებიც მაგარია. წუხდებიან. კამერები რომ არის რამე უნდა მოვიფიქროთ, უნდა დავფაროთ, ფეინთბოლის იარაღითაც შეიძლება დაფარვა, მოტეხვა საჭირო არ არის.
ეს თავდაცვის მეთოდები იყო, თავდასხმას რაც შეეხება, ძალიან მნიშვნელოვანი გამოდგა პიროტექნიკა. პიროტექნიკა შეიძინეთ ინდივიდუალურად, რადგან ჯგუფურად რომ დაიწყოთ სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობაა და აგიყვანენ, იყავით ფრთხილად, ერთხელ აუფეთქდათ...
რაიმე პატარა ჭავლის მაგვარს თუ ვნახავთ გამოსადეგია, ფეინთბოლის იარაღით მათი გადაღებვა გამოსადეგარია, უწევთ გახდა და ახალი აღჭურვილობის ჩაცმა. და ქვები როცა თავდასხმაზე გადადიან. თუ რობოკოპები არ მოდიან და გდდ-ს ხალხი მოდის, შეიძლება გვქონდეს წიწაკა, პილპილი დახურული და სროლის მერე თავი რომ ეხსნებოდეს“.
ზვიად ცეცხლაძის ეს ვიდეო 30 ნოემბერს დაფიონის ფეისბუქგვერდზე, პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა და ამ დრომდე ხელმისაწვდომია. მაყურებლებიდან რამდენიმე მას აფრთხილებს, „შეიძლება დაგაკავონ“.
ადვოკატ, დავით ჭიკაიძის თქმით, ამ ვიდეოში მთავარი ისაა, რომ ზვიად ცეცხლაძის ინტერესი არა იერიში, არამედ თავდაცვა იყო.
ამას გარდა, ზვიად ცეცხლაძე 27, 28 და 29 ნოემბერს აქციებში არ მონაწილეობდა, აჭარაში იყო, ბაბუა გარდაეცვალა. და რას ცვლის ეს ფაქტი? - ადვოკატი ხსნის:
„როდესაც ადამიანი თბილისში არ არის, აქციებში არ მონაწილეობს, თუ ეს ადამიანი ასეთი მობილიზებული და ჩართულია, რატომ არ იყო ადგილზე? პირდაპირ არ გამორიცხავს, მაგრამ განწყობას ქმნის”.
ბრალდებული სტუდენტი თავს ხელისუფლების მიზანმიმართული დევნის მსხვერპლად მიიჩნევს, მან 6 დეკემბერს, საქალაქო სასამართლოში სიტყვის უფლებით ისარგებლა:
„თუ ჩემი ვიდეომიმართვა დანაშაულია, დანაშაული ყოფილა ილიას სიტყვებიც: “რევოლუციის ნუ გეშინიათ”...
დაფიქრდით, (მიმართა პოლიციელებს - რ.თ.) რატომ გადაწყვიტა გაზაფხულის აქციებზე მოცეკვავე და მოთამაშე ახალგაზრდობამ ახლა პიროტექნიკის გამოყენება. რატომ მივიდა ეს საზოგადოება ამ აზრამდე. რა ალტერნატივა დაუტოვა, მათ შორის სასამართლომ ახალგაზრდებს, რომლებიც იბრძვიან სამშობლოსთვის?
საქართველოში დემოკრატია დასრულდა, ყველანაირი სამართლებრივი რეჟიმი გათელილია და საზოგადოებას და მათ შორის მეც, გვრჩება ერთადერთი საერთაშორისო სამართლის პრინციპის გამოყენება, რაც გვაძლევს ამბოხების უფლებას და წინააღმდეგობის გაწევის უფლებას. ჩვენი ნებისმიერი ქმედება არის წინააღმდეგობა იმისთვის, რომ შენარჩუნდეს სამართლებრივი სახელმწიფო. ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი. გავიმარჯვებთ სახელოვნად“.
ზვიად ცეცხლაძე ბათუმში იურისტების ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მას სახელი საქართველოს პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას საპატივსაცემოდ დაარქვეს. მამა, ზურაბ ცეცხლაძე ეროვნული მოძრაობის წევრი იყო.
„გამსახურდიას ფანია...”, - ამბობს ბარბარე შავაძე და 13 წლის ზვიად ცეცხლაძის ჩანაწერს გვიგზავნის მისი დღიურიდან.
„პროპაგანდა მართლა მუშაობს, ტვინის გამორეცხვა მიდის და მე ამაში მაშინ დავრწმუნდი, როცა თბილისში ჩამოვედი. ზვიადს უკვე საფრთხე ემუქრებოდა, ის პერიოდია აქტივისტებს რომ ტელეფონზე ურეკავდნენ, ემუქრებდნენ, ხვდებოდნენ, აშინებდნენ. სტრესი გადაგვატანინეს... აქციაზე გავედი და ხალხის ზღვა დავინახე, მოვედი სახლში, გადავრთე იმედზე და არაფერი ხდებოდა“, - ეუბნება „რადიო თავისუფლებას“ ნარგიზ დავითაძე, ზვიად ცეცხლაძის დედა, რომელიც თავიდან არ იყო „აგენტების შესახებ კანონის“ მიღების წინააღმდეგი.
2024 წლის მაისში ზვიად ცეცხლაძის მშობლებს უცხო ნომერიდან დაურეკეს და შვილის სიცოცხლის მოსპობით დაემუქრნენ. ზურაბ ცეცხლაძემ ზეწოლასა და მუქარაში „ოცნების“ ხელისუფლება დაადანაშაულა.
„პირდაპირ „ოცნების“ ხელისუფლებას მივმართავ, ასეთი საშინელი ფსიქოლოგიური ტერორი ნაცებსაც არ უკადრიათ, უბრალოდ სამსახურიდან გაგვყარეს მე, ჩემი და ნარგიზ ცეცხლაძე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მოსამართლე და ჩემი ძმა რამაზ ცეცხლაძე. თქვენ ყველა წითელი ხაზი გადაკვეთეთ როცა შვილის უსაფრთხოებაზე დამემუქრეთ, ამიტომ მოგიწოდებთ დროულად შეწყვიტოთ არაადამიანური ზეწოლა და მუქარა ჩემს ოჯახზე, სხვა შემთხვევაში ყველაფერზე პასუხისმგებლობა დაგეკისრებათ თქვენ“, – დაწერა ზურა ცეცხლაძემ.
აგენტების კანონის მეორე ცდაზე დამტკიცებიდან მალევე, ზვიად ცეცხლაძე ოჯახის წინააღმდეგობის მიუხედავად უკრაინაში წავიდა და „ქართული ლეგიონში“ სამხედრო წრთვნა გაიარა.
ამ გადაწყვეტილებამდე ცეცხლაძემ თქვა, რომ საქართველოს თავდაცვის სამინისტროს მიმართა და რეზერვში ჩაწერა მოითხოვა. თავდაპირველად დათანხმდნენ, თუმცა ჯარში წასვლის წინა დღეს დაურეკეს - ვეღარ წაგიყვანთ, ადგილები შეივსოო. ზვიად ცეცხლაძისთვის ეს იყო კიდევ ერთი ნიშანი, რომ ის პოლიტიკური ნიშნით დევნის მსხვერპლი იყო.
უკრაინიდან დაბრუნების შემდეგ, 2024 წლის არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე აჭარის პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის პოსტიდან გაათავისუფლეს ზვიად ცეცხლაძის მამა. ზურაბ ცეცხლაძემ თქვა, რომ „ეს იყო პოლიტიკურად მოტივირებული გადაწყვეტილება და ხელისუფლების პასუხი მისი და შვილის აქტივიზმზე“. აჭარის უმაღლეს საბჭოში განაცხადეს - პოლიტიკური დევნა არ ყოფილა, არჩევნები ჩატარდა და ცეცხლაძეს მხარი არ დაუჭირესო.
ზვიად ცეცხლაძეს პროტესტი არც ერთ ეტაპზე შეუწყვეტია. საპარლამენტო არჩევნების შემდეგ, მელიქიშვილზე მიმდინარე ღამისთევის აქციის დროს, ის სხვა სტუდენტებთან ერთად თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში შევიდა, ერთ-ერთი აუდიტორია დაიკავა და უნივერსიტეტის რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომა მოითხოვა, მას მერე, რაც აქციის დაშლისას პოლიციელებმა უნივერსიტეტის ეზო გამოიყენეს.
აქტივისტის ოჯახს სამართლიანი სასამართლოს იმედი არ აქვს. მშობლები ფიქრობენ, რომ მათი შვილის თავისუფლების საკითხი პოლიტიკურ პროცესებზეა მიბმული.
„"შეიარაღებული თავდასხმა“, "აფეთქებების ორგანიზება“... 19 წლის არის ეს ბიჭი, ალბათ, ბინ ლადენსაც შეშურდებოდა ისეთი ბრალდება წაუყენეს. აქედან გამომდინარე, მიმაჩნია, რომ ამ სასამართლოში რთული იქნება კი არა, გამორიცხულია რაიმე ობიექტურობის მიღწევა მოცემულ საქმეზე. ეს არ არის სამართლებრივი პროცესი, ეს არის პოლიტიკური პროცესი. შესაბამისად, პოლიტიკური პროცესები როგორც წავა ქვეყანაში, ისე დასრულდება მისი პატიმრობის, ან გათავისუფლების საკითხი“, - ამბობს ზურა ცეცხლაძე.
ზვიად ცეცხლაძე ოჯახის წევრებს ჯერჯერობით მხოლოდ ტელეფონზე ურეკავს. უკვე გაუგზავნეს წიგნები, რომელიც ითხოვა: ერთი დეტექტივი, საქართველოს ისტორია, კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებები. ადვოკატს კი ციხეში დაწერილ წერილებს ატანს.
ბოლო წერილი, რომელიც ოჯახმა მიიღო 10 დეკემბრით თარიღდება, ადრესატი „საზოგადოებაა”.
„სასამართლოში მისული პირდაპირ საკანში მომათავსეს, მალევე ახალგაზრდა ბიჭები შემოიყვანეს ჩემს პატარა კამერაში, თვრამეტი, ცხრამეტი, ოცი წლის ბიჭები. გაირკვა, რომ თითქმის ყველას ერთ რამეს გვედავებიან, 225-ე მუხლი ჯგუფურ ძალადობას, ვის ორგანიზატორობას, ვის მონაწილეობას.
ერთმანეთი საკანში გავიცანით…ერთმანეთის ნახვამ გაგვამხნევა, ხასიათზე მოვედით, ერთმანეთს ვაგულიანებდით, ისე შევხმატკბილდით, რომ საქართველოს ჰიმნიც ვიმღერეთ. პოლიციელები გაისუსნენ, მხოლოდ ჩვენი საკნიდან გადიოდა ეროვნული ჰანგები. მეეჭვება, რომ პოლიციას როდესმე ენახოს ერთი იდეის გამო გაერთიანებული ახალგაზრდობა, რომლებიც გისოსებს მიღმაც კი მათზე თავისუფლები იყვნენ.
გაგვიყვანეს სასამართლოში, მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა მოგვისაჯა. უგულვებელყო რა ყველა სამართლის პრინციპი და ღიმილის ბიჭები საციხოდ გაგვიმეტა. საკანში დაბრუნებულს პოლიციელმა ბორკილები მომხსნა, ალბათ მის გულშიც ხდებოდა რაღაც...მაგრამ სხვა ბიჭები კვლავ ბორკილებით ისხდნენ. სოლიდარობის ნიშნად თოკით მეც დავიბი ხელები, ვისხედით ესე ბიჭები ჩაფიქრებულები, უცებ მოვიმარჯვე ასანთი და ჩამწვარი ღერებით საკნის კედელზე დავწერე მარო მაყაშვილის სიტყვები: გავიმარჯვებთ სახელოვნად“.