“ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ავადაა” – ლევან ლორთქიფანიძე

2 weeks ago 7

3

პოლიტოლოგი, ლევან ლორთქიფანიძე, ინტერპრესნიუსთან ამბობს:

– ქუჩაში მიმდინარე პოლიტიკური პროცესების განმსაზღვრელი განზომილება საგარეო პოლიტიკა და ქვეყნის მოწყობის წესი გახლავთ. „ქართული ოცნებისთვის“ საკუთარ ამომრჩეველსაც კი არ მიუცია მანდატი იმისა, რომ 2028 წლამდე ევროკავშირთან მოლაპარაკებებზე უარი თქვას. არავის ამ ქვეყანაში, მათ შორის არც ხელისუფლების მომხრეებს არ მოსწონთ, რომ მთავრობის ყველა საგარეო პოლიტიკური გადაწყვეტილება იმსახურებს დასავლეთის სახელმწიფოების გაღიზიანებას, უმწვავეს კრიტიკას და რუსეთის პრეზიდენტებისა თუ სხვა მაღალჩინოსნების ხოტბას.

ივანიშვილის გუნდმა ზურგი აქცია ევროკავშირს, სტრატეგიული პარტნიორობა ჩაშალა შეერთებულ შტატებთან და მარტო რჩება აღმოსავლური დესპოტიებისა და პოსტსაბჭოთა დიქტატურების წინაშე. აღნიშნული განზომილება განაპირობებს იმ უმწვავეს კონფლიქტს, რომელიც ამჟამად დედაქალაქის ქუჩებში მიმდინარეობს. ამ პროცესების მეორე განზომილება დემოკრატიის საკითხს უკავშირდება. ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკურად ავადაა, მას სურს გადაწყვეტილებების სრულიად მარტო მიღება, არავის უწევს ანგარიშს, ნებისმიერ კრიტიკასა და წინააღმდეგობას მტრობად თუ ღალატად აფასებს.

ავტოკრატის აზრით, მის წინააღმდეგ წასვლა საქართველოს წინააღმდეგ წასვლას ნიშნავს. აქედან გამომდინარე, მზად არის გააცამტვეროს ყველა ოპონენტი, სასტიკად მოსპოს ყველა რესურსი, რომელიც ოპონენტებს უპყრიათ ხელთ. მაშასადამე, ივანიშვილი უკანმოუხედავად, აქტიურად, უმუხრუჭოდ დაადგა კლასიკური ავტორიტარიზმის მშენებლობის გზას, რასაც მოსახლეობა, განსაკუთრებით მისი ახალგაზრდული, განათლებული ნაწილი არ ეგუება და მწვავედ აპროტესტებს. ამ გზაზე ყველაფერი მოსულა, პრევენციებიც და რეპრესიებიც.

სრულად წაკითხვა