ბლინკენი: ნატო ახლა უფრო ძლიერი, უფრო დიდია და მზად არის გამოწვევებისთვის

1 week ago 10

ნატო ახლა უფრო ძლიერი, უფრო დიდია და საკუთარ არსთან უფრო მეტად არის შესაბამისობაში, ვიდრე აქამდე - აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა, ეს განცხადება სახელმწიფო დეპარტამენტში, ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრის დროს გააკეთა.

შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა, ალიანსის 75 წლიან წარმატებაზე ისაუბრა, ხაზი გაუსვა ალიანსის მიერ ბოლო წლებში მიღწეულ პროგრესს და ლიდერებოსთვის მადლობა გადაუხადა გენერალურ მდივანს, რომელიც ამ პოზიციაზე, მიმდინარე წლის სექტემბრამდე დარჩება.

“მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, ქვეყნები გაერთიანდნენ და გადაწყვიტეს, რომ მეტი გლობალური ხანძარი აღარ გვენახა. ერთ-ერთი გზა, რითიც მათ ეს გააკეთეს, 75 წლის წინ, იყო თავდაცვის ალიანსის შექმნა. წარმატების საწინდარი იყო ვალდებულება, რომელიც ამ ქვეყნებმა ერთმანეთის წინაშე აიღეს და რომელსაც ახლა 33 წევრი ქვეყანა, ერთმანეთის მიმართ იღებს, - რომ თავდასხმა ერთზე, არის თავდასხმა ყველაზე - აგრესიის ყველაზე ძლიერი შემაკავებელი საშუალება. აგრესიის თავიდან აცილების საუკეთესო გზა, უპირველეს ყოვლისა, სწორედ ეს ვალდებულებაა, რადგან აგრესორს ესმის, რომ თუ ის თავს დაესხმება ერთ ქვეყანას, ყველასთან ბრძოლა მოუწევს. სწორედ ამიტომ, 75 წლის შემდეგ, ნატო არის ყველაზე წარმატებული თავდაცვითი ალიანსი მსოფლიოს ისტორიაში. და ასევე სწორედ ეს არის ის, რის გამოც უფრო მეტ ქვეყანას სურს გაწევრიანება. ეს ფუნდამენტურად მარტივია - საუბარია ომების თავიდან აცილებაზე, საუბარია კონფლიქტების თავიდან აცილებაზე, საუბარია იმაზე, რომ ჩვენი ხალხი იყოს უფრო უსაფრთხოდ და დაცული, რათა მათ აკეთონ ის, რაც საჭიროა უფრო ძლიერი, გამძლე ქვეყნების ასაშენებლად, - შესაძლებლობებით, პროგრესით და მთელი თავისი ხალხის სიყვარულით“, - განაცხადა ბლინკენმა.

სახელმწიფო მდივანმა, ალიანსის ბოლოდროინდელ წარმატებებზე საუბრისას, ასევე ხაზი გაუსვა პრეზიდენტ ჯო ბაიდენის ლიდერობის მნიშვნელობას. ბაიდენის თაოსნობით, შეერთებული შტატების ლიდერეობის მნიშვნელობაზე, ასევე ისაუბრა ნატოს გენერალურმა მდივანმა.

„ამ საიმიტზე ვზეიმობთ ისტორიაში ყველაზე წარმატებულ ალიანსს, მაგრამ ასევე მიღებული იქნება მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მომავლისთვის, - თავდაცვის შესახებ, უკრაინისა და აზია-წყნარ ოკეანეში ჩვენი პარტნიორების შესახებ. რა თქმა უნდა, ვერც ერთი ეს შესაძლებელი ვერ იქნებოდა, შეერთებული შტატების, პრეზიდენტის, ორივე თქვენგანის ლიდერობის გარეშე“, - თქვა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა კიდევ ერთხელ განაცხადა, რომ სამიტის ფარგლებში, მომავალ დღეებში, ალიანსი უკრაინასთან დაკავშირებით მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს მიიღებს. მისი თქმით, ამ გადაწყვეტილებების აუცილებლობას, კიდევ უფრო ხაზგასმით აჩვენებს, მიმდინარე კვირაში, კიევში მდებარე ბავშვთა საავადმყოფოზე რუსეთის სარაკეტო თავდასხმა.

მანამდე, იენს სტოლტენბერგმა, თავდაცვის მრეწველობის ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას თქვა, რომ ალიანსის მიზანია, თავდაცვის ინდუსტრიების გაძლიერება და ამისთვის, წევრმა ქვეყნებმა, თავდაცვაზე მთლიანი შიდა პროდუქტის მინიმუმ 2% უნდა დახარჯონ.

„ათი წლის წინ შეთანხმებული დეკლარაციის სულისკვეთება იყო ის, რომ ჩვენ ვისწრაფვით მშპ-ის 2%-ის თავდაცვაზე მიმართვისკენ. ამან დიდი განსხვევბა მოგვცა. ახლა ჩვენ ეს შევცვალეთ იმით, რომ 2% უნდა იყოს მინიმუმი. ასე რომ, ახლა 2% არა თუ ერთგვარი ჭერია, არამედ, ახლა 2% არის ჩვენი თავდაცვის ხარჯების საწყისი ნიშნული. ასე რომ, ჩვენ არ ვართ თვითკმაყოფილნი, - რასაც ახლა ვაკეთებთ, ეს არ არის საკმარისად კარგი, - მეტს გავაკეთებთ“, - განაცხადა სტოლტენბერგმა.

მისი თქმით, დაპირება, რომ ამ მიმართულებით მეტი ინვესტიცია განხორციელდება, ასევე აისახება გადაწყვეტილებაში, რომელსაც ამ კვირაში, ნატოს სამიტის ფარგლებში ალიანსი მიიღებს. „ნატოს ყველა მოკავშირე ხელს მოაწერს ახალ თავდაცვით-სამრეწველო ვალდებულებას და ეს იქნება ვალდებულება, რომელიც ხელს შეუწყობს ჩვენი ინდუსტრიების გაძლიერებას, ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში, რათა იყოს უფრო ინოვაციური და ქმედუნარიანი“, - თქვა სტოლტენბერგმა.

გენერალურმა მდივანმა, ასევე ისაუბრა პარტნიორებთან თანამშრომლობის მნიშვნელობაზე და ამ კუთხით ხაზი გასუვა პროექტებს, რომლებსაც ალიანსი კიევთან ერთად, უკრაინის თავდაცვის ინდუსტრიის გასაძლიერებლად წამოიწყებს.

ნატოს 75-ე, საიუბილეო სამიტი ვაშინგტონში დღეს დაიწყო და 11 ივლისს დასრულდება.

სრულად წაკითხვა