ბჟანია აფხაზეთის დე ფაქტო არჩევნებში მონაწილეობას აღარ აპირებს – TASS

4 days ago 5

“TASS-ის” ინფორმაციით, დე ფაქტო აფხაზეთის ყოფილი პრეზიდენტი, ასლან ბჟანია 2025 წლის თებერვალში დაგეგმილ ვადამდელ დე ფაქტო საპრეზიდენტო არჩევნებში საკუთარ კანდიდატურას არ წარადგენს, მაგრამ მისი გუნდი მონაწილეობას მიიღებს.

რუსული სააგენტოს წყარო, ამბობს, რომ შესაძლოა კანდიდატად დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი, ბადრა გუნბა დასახელდეს.

14 დეკემბერს ბჟანიამ “TASS-ს” განუცხადა, რომ აპირებდა შეექმნა საკუთარი გუნდი, რომელიც მონაწილეობას მიიღებდა დე ფაქტო რესპუბლიკის 15 თებერვალს დაგეგმილ ვადამდელ საპრეზიდენტო არჩევნებში. მან კანდიდატის ვინაობა არ დაასახელა, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი გუნდი გამარჯვებას მოიპოვებს.

გარდა ამისა, დღეიდან, 17 დეკემბრიდან, საინიციატივო ჯგუფებისა და პარტიების რეგისტრაცია და საპრეზიდენტო კანდიდატების წარდგენა იწყება. ამ დროისთვის ცნობილია ოთხი შესაძლო კანდიდატის ვინაობა – ოპოზიციონერი ადგურ არძინბა, აფხაზეთის ყოფილი სავაჭრო წარმომადგენელი რუსეთში ოლეგ ბარციცი, პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელი ბადრა გუნბა, კონტროლის პალატის ყოფილი თავმჯდომარე რობერტ არშბა.


აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ყოფილმა პრეზიდენტმა, ასლან ბჟანიამ რუსულ პროსამთავრობო გამოცემა TASS-თან ინტერვიუში განაცხადა, რომ წარადგენს საკუთარ თავს მომავალ ვადამდელ არჩევნებზე.

“აფხაზეთის პოლიტიკურ ცხოვრებაში აუცილებლად მივიღებ მონაწილეობას. მე ვიცი, რომ ჩვენ მივიღებთ მონაწილეობას არჩევნებში, ჩემი გუნდი მიიღებს მონაწილეობას. მე წარვადგენ საკუთარ კანდიდატურას”, – განაცხადა ბჟანიამ ინტერვიუში.

19 ნოემბერს აფხაზეთის დე ფაქტო პარლამენტმა ბჟანიას გადადგომის შესახებ განცხადება დაამტკიცა.

“ნუჟნაია გაზეტას” ინფორმაციით, კენჭისყრაში მონაწილეობა 31-მა დეპუტატმა მიიღო, 2 ბიულეტენი ბათილად გამოცხადდა.

“ასლან ბჟანიას გადადგომას მხარი 28 დეპუტატმა დაუჭირა, ხოლო ერთმა დეპუტატმა ხმა წინააღმდეგი მისცა. პარლამენტმა კენჭისყრის შედეგები დაამტკიცა”, – წერს ტელეგრამ არხი.

დე ფაქტო პრეზიდენტის მოვალეობას დე ფაქტო ვიცე-პრეზიდენტი, ბადრა გუნბა შეასრულებს.

იქამდე, 15 ნოემბერს დაწყებული პროტესტის ფონზე ასლან ბჟანიამ განაცხადა, რომ დე ფაქტო ოპოზიციის მოწოდებების მიუხედავად, გადადგომას არ აპირებდა, თუმცა, მოგვიანებით მხარდამჭერებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ მზად არის,  გადადგეს მას შემდეგ, როდესაც პროტესტის მონაწილეები სოხუმის სამთავრობო შენობების კომპლექსს დატოვებენ. გარდა ამისა, ბჟანიამ აღნიშნა, რომ მზად არის, შემდგომ არჩევნებზე საკუთარი კანდიდატურა კვლავ წარადგინოს.

პროცესებს წინ უძღოდა ოპოზიციის პროტესტები რუსეთთან საინვესტიციო შეთანხმების გამო, რომელსაც ოპოზიცია ეწინააღმდეგებოდა. კანონპროექტი უკვე უკან გაიწვიეს. პროტესტების დროს ოპოზიციის მხარდამჭერებმა დაიკავეს „სახელმწიფო შენობები“, ასევე შეანგრიეს დე ფაქტო პარლამენტის ჭიშკარი. საპოლიციო ძალებმა მათ წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზიც გამოიყენეს.რუსეთისა და  აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის მთავრობებმა ხელი მოაწერეს შეთანხმებას, რომელიც რუსულ კომპანიებს აფხაზეთში საინვესტიციო პროექტების განხორციელების საშუალებას აძლევს.აღნიშნულ შეთანხმებას ეწინააღმდეგებიან აფხაზური საზოგადოებრივი და პოლიტიკური ორგანიზაციების ლიდერები.დოკუმენტს ხელი მოაწერეს დე ფაქტო ვიცე-პრემიერმა, აფხაზეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ეკონომიკის მინისტრმა კრისტინა ოზგანმა და რუსეთის ეკონომიკური განვითარების მინისტრმა მაქსიმ რეშეტნიკოვმა.
სრულად წაკითხვა