გერმანიის ბუნდესტაგის 4 პოლიტიკური ჯგუფის საგარეო საქმეთა სპიკერები საქართველოსთან დაკავშირებით ერთობლივ განცხადებას ავრცელებენ და გმობენ „ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებას, შეწყვიტოს ძალისხმევა ევროკავშირთან გაწევრიანების მოლაპარაკებების დასაწყებად.
„ეს წარმოადგენს გადახვევას საქართველოს ყველა წინა მთავრობის პოლიტიკიდან და ქართველი ხალხის აბსოლუტური უმრავლესობის ევროპულ მისწრაფებებიდან. სამწუხაროდ, იმის ნაცვლად, რომ გამოიყენოს ისტორიული შესაძლებლობა და რეფორმების ვალდებულებების შესრულებით გაწევრიანების პროცესი წინ წაიწიოს, „ქართულმა ოცნებამ“ მზარდი ავტორიტარული და ანტიევროპული კურსი აიღო. 2024 წლის 26 ოქტომბრის საპარლამენტო არჩევნებზე დამოუკიდებელი დამკვირვებლების მხრიდან იყო არაერთი მინიშნებას სერიოზული მანიპულირების შესახებ. საპროტესტო აქციები საქართველოში უკვე კრიტიკულ ზღვარზეა. პოლიციამ დემონსტრანტების დასაშლელად ცრემლსადენი გაზი, წყლის ჭავლი და რეზინის ტყვიები გამოიყენა. რამდენიმე ასეული ადამიანი დააკავეს, მათი უმეტესობა ძალადობისა და არაადამიანური მოპყრობის შესახებ საუბრობს. არსებობს ძალაუფლების მქონე პირების მხრიდან რეპრესიების გაზრდის რისკი“, — ნათქვამია ფრაქციების განცხადებაში.
განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ საქართველოს საპარლამენტო არჩევნებზე დაშვებული არ იყოს ეუთოს გრძელვადიანი დაკვირვება, რაც სიმართლეს არ შეესაბამება. ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (ODIHR) სადამკვირვებლო მისია ოფიციალურად იქნა მოწვეული საქართველოს მთავრობის მიერ. მისიაში შედიოდა 12 საერთაშორისო ექსპერტი და 30 გრძელვადიანი დამკვირვებელი, რომლებიც 19 სექტემბრიდან გადანაწილდნენ ქვეყნის მასშტაბით. არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე კი 350 მოკლევადიანი დამკვირვებელი დაემატათ. ეს პრაქტიკა არ განსხვავდება სხვა არჩევნებზე ოდირის სადამკვირვებლო მისიის წარმომადგენლობისგან.
გერმანელი დეპუტატები გმობენ დემონსტრანტების მიმართ ძალადობას და აცხადებენ, რომ ყველა ძალადობრივი აქტი უნდა იყოს გამოძიებული და პასუხისმგებელი პირები პასუხისმგებელნი უნდა იყვნენ.
„ახლა საჭიროა არის პლურალისტური პროცესი დემოკრატიული პრინციპების აღდგენისა და კონსოლიდაციის მიზნით, რომლის დასასრულს შეიძლება ჩატარდეს თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნები“, — ნათქვამია განცხადებაში.
განცხადებას ხელს აწერენ „თავისუფალი დემოკრატიული პარტიის“ საგარეო პოლიტიკის სპიკერი ულრიხ ლეხტე, მემარჯვენე ცენტრისტული ქრისტიან-დემოკრატიული და კონსერვატიული პოლიტიკური ჯგუფების ალიანსის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელი იურგენ ჰარდტი, სოციალ-დემოკრატების საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის წარმომადგენელი ნილს შმიდი და ალიანსი 90/მწვანეთა საპარლამენტო ჯგუფის საგარეო პოლიტიკის სპიკერი დებორა დიურინგი.