გაეროს უშიშროების საბჭო ასადის დამხობის შემდეგ სირიის საკითხზე იმსჯელებს

1 week ago 9

სირიის პრეზიდენტ ბაშარ ალ-ასადის მიერ ქვეყნის დატოვების შემდეგ, რაც ამბოხებულების სწრაფ წინსვლას მოჰყვა, გაეროს უშიშროების საბჭომ ორშაბათისთვის დახურულ კარს მიღმა მოლაპარაკებები დაგეგმა, რომელიც სირიაში შექმნილ ვითარებას შეეხება.

უშიშროების საბჭოს სესია მოითხოვა რუსეთმა, რომელიც ასადს სამხედრო დახმარებას 14 წლის განმავლობაში უწევდა. სესიაზე განიხილავენ მოვლენების განვითრებას, მათ შორის შესაძლო შედეგებს, რაც გოლანის მაღლობებზე გაეროს სამშვიდობო მისიას შეეხება.

კვირას ისრაელის ძალებმა დაიკავა გოლანის მაღლობებზე არსებული ბუფერული ზონა, რომელსაც გაერო აკვირდება. ისრაელის პრემიერი ნეთანიაჰუ ამბობს, რომ ეს საჭირო ნაბიჯი იყო ისრაელელების დასაცავად მას შემდეგ, რაც სირიის ძალებმა თავისი პოზიციები მიატოვა.

კრემლის პრესმდივანმა პესკოვმა ჟურნალისტებს უთხრა, რომ პუტინმა ასადს თავშესაფარი მიანიჭა. მან თქვა, რომ პუტინი ასადთან შეხვედრას არ გეგმავს და მისი ადგილსამყოფელის შესახებ კომენტარის გაკეთებაზე უარი თქვა. კვირას რუსულმა ახალი ამბების სააგენტოებმა თქვეს, რომ ასადი და მისი ოჯახი მოსკოვში ჩავიდა.

თურქეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ მისი ქვეყანა იმედოვნებს, რომ „ახალ სირიას“ მეზობლებთან კარგი ურთიერთობა ექნება და რეგიონის სტაბილურობას დაეხმარება.

ჩინეთის საგარეო უწყებამ განაცხადა, რომ „სირიის მომავალი და ბედი, სირიელმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს.“

„შეერთებული შტატები მტკიცედ უჭერს მხარს ხელისუფლების მშვიდობიან გადაცემას პასუხისმგებლიანი სირიული მთავრობისთვის, რაც სირიელების მიერ მართული და ჩართულობის ხასიათის მქონე პროცესის მეშვეობით მოხდება", - თქვა შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანმა.

სახელმწიფო მდივანმა ასევე განაცხადა, რომ შეერთებული შტატები მხარს დაუჭერს საერთაშორისო ძალისხმევას, რათა ასადს და სხვებს პასუხი აგებინონ სირიელი ხალხის წინააღმდეგ უსამართლო მოპყრობაზე და სამოქალაქო პირების დაკავებაზე, როგორიცაა ამერიკელი ჟურნალისტი ოსტინ ტაისი.

ასადს ბრალი ედებოდა ომის დანაშაულებში და დანაშაულებში კაცობრიობის წინააღმდეგ, მათ შორის 2013 წელს დამასკოს გარეუბანში ქიმიური იარაღის გამოყენებით თავდასხმაში.

ამბოხებულებს მეთაურობს დაჯგუფება ჰაიათ თაჰრირ ალ-შამი, რომელიც ალ ყაიდასგან წარმოიშვა და შეერთებული შტატები და გაერო ტერორისტულ ორგანიზაციად მიიჩნევს.

ქვეყანაში მწვავე დაპირისპირებაა. თურქეთის მიერ მხარდაჭერილი ოპოზიციის მებრძოლები, ჩრდილოეთში შეერთებული შტატების მიერ მხარდაჭერილ ქურთების ძალებს ებრძვიან და დაჯგუფება „ისლამური სახელმწიფო“ ზოგიერთ შორეულ რაიონში ჯერ კიდევ აქტიურობს.

სრულად წაკითხვა