„გაითხოვეთ რუსული კანონი“ — განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები

5 days ago 6

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები დღეს, 15 მაისს გავრცელებულ მიმართვაში ამბობენ, რომ დუმილი ქვეყნის ღალატის ტოლფასია. ისინი ეწინააღმდეგებიან რუსულ კანონს და მკაცრად მოითხოვენ პარლამენტისგან, უკან გაითხოვოს ის.

„ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები, ვეწინააღმდეგებით „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონის ხელმეორედ ინიციირებას. მკაფიოდ და მკაცრად მოვითხოვთ საქართველოს პარლამენტისგან, გამოითხოვოს „რუსული კანონი“. ასევე, დაუყოვნებლივ შეწყდეს მშვიდობიანი აქციის მონაწილეების დარბევა, გათავისუფლდნენ აქციებზე უკანონოდ დაკავებული ადამიანები და სასწრაფოდ გამოძიებული იქნას აქციებზე მიზანმიმართული და დაგეგმილი ძალადობის ფაქტები.

ასევე, ჩვენთვის საგანგაშოა ის ფაქტი, რომ ეს კანონპროექტი ოკუპანტი რუსეთის წინააღმდეგ კი არ არის მიმართული, არამედ მისი სამიზნე ჩვენი დასავლელი პარტნიორი და მეგობარი ქვეყნები არიან. ამიტომაც, მოვითხოვთ, ხელისუფლების წარმომადგენლებმა დაუყოვნებლივ შეწყვიტონ ანტიდასავლური რიტორიკა და პასუხისმგებლობით მოეკიდონ კანონთან მიმართებით საქართველოს დასავლელი პარტნიორების განცხადებებსა და მოსაზრებებს,“ — წერია სტიპენდიატების მიმართვაში.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები აცხადებენ, რომ რუსული კანონი ეწინააღმდეგება თავისუფლების, თანასწორობის, ინკლუზიურობის ფუნდამენტურ ღირებულებებს. შეიცავს რისკებს მომავალში ქაოსისა და დაპირისპირების შესაქმნელად.

მათი აზრით, ის შექმნის ხელსაყრელ გარემოს:

  1. საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის შეჩერებისთვის;
  2. ვიზა ლიბერალიზაციის გადასახედად და სანქციებისთვის;
  3. დემოკრატიულ და სამართლებრივ სახელმწიფოებთან თანამეგობრობისა და დიპლომატიური ურთიერთობების გაუარესებისთვის;
  4. ყველაზე მოწყვლადი და დაუცველი ჯგუფების კიდევ უფრო მეტად დისკრიმინაციისთვის;
  5. თავისუფალი მედიის და აზრის გაქრობისთვის;
  6. განათლების, მეცნიერების, კვლევების შეზღუდვისა და შემცირებისთვის;
  7. შემოქმედებით სფეროში ტოტალური კონტროლის დაწესებისთვის;
  8. შრომითი უფლებების დარღვევების ლეგალიზებისთვის;
  9. ეკონომიკური და სოციალური პირობების გაუარესებისთვის;
  10. სოფლის მეურნეობაში, წარმოებაში დაწყებული პროცესების შეჩერებისთვის;
  11. გარემოს დაცვის საკითხებში მნიშვნელოვანი უკუსვლისთვის.

„ეს ჩამონათვალიც კი სრულად ვერ ასახავს ზიანის იმ მასშტაბს, რომელიც კანონის ამოქმედებას მოჰყვება,“  წერია განცხადებაში.

განათლების საერთაშორისო ცენტრის სტიპენდიატები წერენ, რომ მაღალკვალიფიციურ კადრებს შორის, რომლებიც მასობრივად ტოვებენ საქართველოს, ათობით სტიპენდიატი პოლიტიკური თავშესაფრის მაძიებელი გახდა ბოლო წლებში.

„საქართველოს მოსახლეობამ რუსეთის ორასწლიანი ოკუპაციის მანძილზე დიდი მსხვერპლი გაიღო განვითარებულ სამყაროში ადგილის მოსაპოვებლად. […] რუსული კანონის მიღებით, საქართველოს პარლამენტი ეწინააღმდეგება საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობის ნებას და კონსტიტუციით გარანტირებულ ევროატლანტიკურ არჩევანს. ეს კანონი არ არის შესაბამისობაში ქართველი ხალხის მისწრაფებებთან და ის დაუყოვნებლივ უნდა იქნას გამოთხოვილი. სწორედ ამიტომ, ჩვენ, განათლების საერთაშორისო ცენტრის პროგრამებში გამარჯვებული სამაგისტრო, სადოქტორო და კვალიფიკაციის ამაღლების პროგრამების სტიპენდიატები, მოგმართავთ საქართველოს პარლამენტს, დაუყოვნებლივ გამოითხოვოთ რუსული კანონი!“ — წერენ სტიპენდიატები.

მიმართვას ამ დროისთვის [18:00]  130-ზე მეტი ადამიანი აწერს ხელს.


საქართველოს პარლამენტმა 14 მაისს რუსული კანონი მესამე მოსმენით დაამტკიცა. კენჭისყრაში მონაწილეობა 116-მა დეპუტატმა მიიღო. მათგან, რუსული კანონის მიღებას მხარი 84-მა დეპუტატმა დაუჭირა.

რუსული კანონი ახლა პრეზიდენტს ხელმოსაწერად უნდა გაეგზავნოს. აღნიშნულ საკითხზე სალომე ზურაბიშვილს პოზიცია ცნობილია. პრეზიდენტი გეგმავს, რომ კანონს ვეტო დაადოს, თუმცა „ქართულ ოცნებას“ პარლამენტში საკმარისი მანდატები აქვს იმისათვის, რომ პრეზიდენტის ვეტო დაძლიოს.

სრულად წაკითხვა