“გამიზნულად ესხმიან თავს კრიტიკული მედიის ჟურნალისტებს” – პროტესტი გორში 

3 weeks ago 10

“ჩვენს კოლეგებზე ძალადობა არ არის შემთხვევითი, ისინი გამიზნულად ესხმიან თავს კრიტიკული  მედიის ჟურნალისტებს”, – ამბობენ გორელი ჟურნალისტები და დაზარალებულ კოლეგებს სოლიდარობას უცხადებენ. 

მედიის წარმომადგენლები თანხმდებიან, რომ  ძალადობრივი რეჟიმი ყველა საშუალებით ცდილობს კრიტიკული მედიის ხმა ჩაახშოს, რადგან საზოგადოების ნაწილმა ვერ გაიგოს სიმართლე და ვერ დაინახოს, როგორ უსწორდება ფიზიკურად სპეცრაზმი მშვიდობიან მოქალაქეებს. 

ეს ხელისუფლება გვისწორდება ყველას, ვინც მათ ხელისუფლებას არ ძალაუფლებას და პროპაგანდას ვებრძვით. ვაძლიერებთ ქართული სახელმწიფოს სუვერენიტეტს, ევროპულ მომავალს“,  – ამბობს ტელეკომპანია “ფორმულას” ჟურნალისტი, ლადო ბიჭაშვილი. 

მისი აზრით, ახლა მნიშვნელოვანია დუმილი დაარღვიონ სამთავრობო მედიების ჟურნალისტებმაც და სოლიდარობა გამოუცხადონ კოლეგებს.

მხოლოდ სპეცრაზმი არ აძლიერებს ამ ხელისუფლებას, მათ აძლიერებენ ჩვენი კოლეგებიც, ვინც ამ პროპაგანდას უწყობენ ხელს და აქედან გამომდინარე, როდესაც სიცოცხლის ფასად დაუჯდა გურამ როგავას მუშაობა აქციაზე, რომელიც იმართება ქვეყნის ევროპული მომავლისთვის, ამ დროს ვიღაც კომფორტის ზონიდან ვერ გამოდის და ვერ გმობს ძალადობას, რაც უპატიებელია” – ამბობს ლადო ბიჭაშვილი.

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ ბოლო წლების განმავლობაში სამსახუროებრივი მოვალეობის შესრულების დროს მათზე ფიზიკურ ძალადობას უკვე სისტემატური სახე მიეცა.

კარგად ვიცი, რაც არის, როდესაც პროფესიული მოვალეობის დროს ფიზიკურად გისწორდებიან. არანაირი გამართლება არ აქვს იმ ფაქტა, რომ ჟურნალისტები, ვინც ვასრულებთ ჩვენს მოვალეობას, ფიზიკურად გვისწორდებიან და ხელს გვიშლიან. ვგმობ და ვითხოვ ყველა სასტიკად დაისაჯოს, ვინც უდანაშაულო ადამიანებზე, ჟურნალისტებზე ხელს წევს ამ დღეების განმავლობაში“, – ამბობს “TV მონიტორინგის” ჟურნალისტი ბექა პირველი.

ჟურნალისტები ფიქრობენ, რომ მათზე ფიზიკური თავდასხმა ხელისუფლების წინასწარ შედგენილი გეგმაა, რომელსაც სპეცრაზმისა და რობოკოპების ხელით ასრულებს. 

“​არავის არ უნდა ეგონოს, რომ შემთხვევით გახდნენ ეს ჟურნალისტები სპეცრაზმელების თავდასხმის მსხვერპლნი. ზუსტად იციან, ვის ურტყამენ, რატომ ურტყამენ. მათ დავალებული აქვთ გაუსწორდნენ კრიტიკული მედიის წარმომადგენლებს, იმ ადამიანებს, ვინც არ საუბრობენ იმ ხმაში, რა ხმაშიც სურს “ქართული ოცნების” რეჟიმს რომ ისაუბრონ, მაგრამ ეს ბრძოლა ჩვენი ქვეყნის სასარგებლოდ დასრულდება, რომლის მომავალი არასდროს არ იქნება რუსეთში“, – ამბობს გიორგი ახალკაცი, “მთავარის” ჟურნალისტი. 

ხელისფულების მიერ მშვიდობიანი მოქალაქეების ცემასა და დაკავებას, აპროტესტებენ პედაგოგებიც. ისინი სოლიდარობას უცხადებენ ჟურნალისტებს და მიაჩნიათ, რომ ახლა ყველა მასწავლებელმა ხმა უნდა აიმაღლოს, რადგან დაანახონ მოსწავლეებს, რას ნიშნავს თავისუფლებისთვის ბრძოლა. 

ჩვენ სკოლაში ბავშვებს ვასწავლით, როგორ უნდა დაიცვან კონსტიტუცია, როგორ უნდა დაიცვან კანონი და სამართალი. ვასწავლით “არა ძალადობას” და ამ დროს ვხედავთ ხელისუფლების მხრიდან წამებას, საკუთარი მოქალაქეების დასახიჩრებას. მივმართავ პოლიციელებს, ვისაც კიდევ შერჩენიათ სინდისი, გაემიჯნონ ამ ყოვლად უსამართლო ქმედებებს და ნუ დაემსგავსებიან რუსებს, რომლებიც რობოკოპების ფორმებში არიან. მიჭირს აღქმა, რომ ესენი ჩვენი მოქალაეები არიან, მგონია რომ არიან რუსი ჯალათები. მე ვიცნობ ბევრ პოლიციელს, ისინი ჩვენი მოსწავლეები არიან, მგონია, რომ ისინი არასდროს იკადრებენ ამ ყველაფერს, გაემიჯნეთ საჯაროდ“, – ამბობს პედაგოგი ლიზა ყაზიშვილი​​.

მედიის წარმომადგენლებმა და მოქალაქეებმა საპროტესტო აქცია გორში, შიდა ქართლის სამხარეო პოლიციის შენობასთან გამართეს.

სრულად წაკითხვა