აშშ-ის, გაერთიანებული სამეფოს, ბელგიის, კანადის, დანიის, ესტონეთის, ფინეთის, საფრანგეთის, გერმანიის, ლატვიის, ლიეტუვას, ლუქსემბურგის, ნორვეგიის, პოლონეთის, რუმინეთის, შვედეთისა და ნიდერლანდების ერთობლივი განცხადება გავრცელდა. ტექსტს ეუთოში ამერიკის მისია ვებგვერდზე აქვეყნებს.
„ჩვენი ქვეყნები უკვე სამი ათწლეულის განმავლობაში პარტნიორობს საქართველოსა და ქართველ ხალხთან. ამ პერიოდში ჩვენ ვმუშაობდით საქართველოს სხვადასხვა მთავრობასთან, რათა მხარი დაგვეჭირა ქვეყნის დემოკრატიული ინსტიტუტებისთვის, განგვევითარებინა საქართველოს ეკონომიკა და გაგვეუმჯობესებინა განათლება ქართველი ბავშვებისთვის. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენის მტკიცე მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ უცვლელია, ჩვენ კატეგორიულად ვგმობთ “ქართული ოცნების” მიერ განხორციელებულ სასტიკ და უსამართლო ძალადობას საქართველოს მოქალაქეების მიმართ, რომლებიც თავიანთ მშვიდობიანი შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უფლებებს იყენებენ.
ჩვენ შეშფოთებულები ვართ იმით, რომ “ქართული ოცნება” კვლავ იყენებს რეპრესიულ მეთოდებს, მათ შორის თვითნებურ დაკავებებსა და ფიზიკურ ძალადობას, საკუთარი კრიტიკოსების გასაჩუმებლად. ეუთოს ჩვენი საერთო ვალდებულებების შესაბამისად, რომლებიც ითვალისწინებენ სამოქალაქო საზოგადოების გაძლიერებას და მშვიდობიანი შეკრების უფლებებისა და თვითნებური დაკავებისგან თავისუფლებას, მოვუწოდებთ საქართველოს, შეწყვიტოს ძალოვანი სტრუქტურების მიერ რეპრესიული და გადაჭარბებული ძალადობრივი ტაქტიკის გამოყენება. ასევე მოვუწოდებთ საქართველოს, დაუყოვნებლივ გაათავისუფლოს პროტესტის მონაწილეები, მედიის წარმომადგენლები, ოპოზიციის წევრები და სხვა პირები, რომლებიც მშვიდობიანი უფლებებით სარგებლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერისთვის დააკავეს. აუცილებელია, რომ ძალადობის უკანონო გამოყენებაში დამნაშავე პირებმა პასუხი აგონ.
როგორც ეუთოს მონაწილე ქვეყნები, ჩვენ განვიხილავთ ყველა მექანიზმს ეუთოს ფარგლებში, რათა მომავალშიც შევუწყოთ ხელი მდგომარეობის გამოსწორებას. ჩვენ ვურჩევთ საქართველოს, დაუბრუნდეს ევროკავშირში ინტეგრაციის გზას, რომელიც ქართველთა უმრავლესობის სურვილს შეესაბამება.
ჩვენი ქვეყნები სოლიდარობას უცხადებენ ქართველ ხალხს, მათ დემოკრატიულ და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს. ჩვენ ვაგრძელებთ მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ, მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში”, – წერია განცხადებაში.