გახარიას უნდა მოეთმინა, მიიჩნევს კობახიძე

4 hours ago 2

"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე ბათუმში, სასტუმრო "შერატონში" მომხდარ ინციდენტზე ამბობს, რომ ყოფილმა პრემიერმა, პარტია "საქართველოსთვის" ლიდერმა, გიორგი გახარიამ წამოიწყო "ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა".

„როდესაც შენ გამხელენ და გეუბნებიან, რომ ხარ ნაცი, ხარ ჯაშუში, ამას თმენით უნდა შეხვდე. ეს ვერ მოითმინა [გიორგი] გახარიამ და მიიღო პასუხი ამასთან დაკავშირებით. მან წამოიწყო ძალადობრივი დაპირისპირება, რაც, რა თქმა უნდა, უპასუხოდ არ დარჩა. ეს არის ბუნებრივი, სამწუხარო მოვლენა, მაგრამ ბუნებრივია, გასაგებია, იყო რეაქცია ამასთან დაკავშირებით. კიდევ ერთხელ გავიმეორებ, როცა ხარ ჯაშუში და როცა ხარ ნაცი, შენ გეკისრება თმენის ვალდებულება", - თქვა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ჟურნალისტი, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ რეგიონული ოფისების მენეჯერი ზვიად ქორიძე ამბობს, რომ მას გუშინ ღამით „ქართული ოცნების” წარმომადგენლები დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე და სხვა პირები ფიზიკურად და სიტყვიერად დაუპირისპირდნენ.

ზვიად ქორიძე ბათუმში იმყოფებოდა გამოცემების, „ნეტგაზეთის” და „ბათუმელების” დამფუძნებლის და დირექტორის, მზია ამაღლობელის დაპატიმრების გამო.

ზვიად ქორიძის მონაყოლის მიხედვითვე, „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები ფიზიკურად გაუსწორდნენ ყოფილ პრემიერს, გიორგი გახარიას. ექიმის ინფორმაციით, მას ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა აქვს.

ბათუმის სასტუმრო „შერატონში“ მომხდარზე შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე, ძალადობის მუხლით დაიწყო.

სრულად წაკითხვა