პარტია „გახარია საქართველოსთვის“ წევრის, ბერდია სიჭინავას განცხადებით, გიორგი გახარიას თავს 10-მდე პირი დაესხა.
მისი თქმით, თავდასხმის მომენტში გახარია მარტო იმყოფებოდა.
„როგორც თქვენთვის კარგადაა ცნობილი, არჩევნებამდე რამდენიმე დღით ადრე, ბიძინა ივანიშვილი ანგარიშსწორებით საჯაროდ დაემუქრა გიორგი გახარიასა და მის გუნდს.
გუშინ, გიორგი გახარია იმყოფებოდა ბათუმში, დაკავებული ახალგაზრდების და ჟურნალისტების, რეჟიმის სინდისის პატიმრების მხარდასაჭერად.
ივანიშვილის დავალებით, რომელიც ყველა უღირსი მეთოდით ცდილობს რეჟიმის გადარჩენას, ღამის საათებში, სასტუმრო „შერატონის“ ლობიში გიორგი გახარიაზე განხორციელდა ორგანიზებული თავდასხმა. თავდასხმისას, გიორგი გახარია იმყოფებოდა მარტო, რა დროსაც მას ლაჩრულად, როგორც ეს მათი ცხოვრების წესია, თავს დაესხა 10-მდე პირი.
სასტუმრო „შერატონის“ მთელი პერიმეტრი, აღჭურვილია ვიდეოსამეთვალყურეო საშუალებებით, რაც სასტუმროს ადმინისტრაციამ ზეპირსიტყვიერად ადგილზევე დაგვიდასტურა და მზაობა გამოხატა მათი გამოძიებისთვის გადასაცემად.
სამართალდამცავებს უკვე შეუძლიათ ამ დანაშაულის 24 საათში გახსნა, შესაბამისად, ველოდებით გამოძიების შედეგებს. დანარჩენზე ვისაუბრებთ ამის შემდეგ.
გიორგი გახარიას ჯანმრთელობის მდგომარეობა არის დამაკმაყოფილებელი, მკურნალობს სახლში.
ჩვენი ბრძოლა ამ მოძალადე რეჟიმის დასამარცხებლად გრძელდება გამარჯვებამდე. ორგანიზატორსა და თავდამსხმელებს, აბსოლუტურად ყველა მათგანს გაეცემა შესაბამისი პასუხი“, – განაცხადა ბერდიამ სიჭინავამ.
გასულ ღამით ბათუმში, სასტუმრო „შერატონში” ყოფილ პრემიერ-მინისტრსა და პარტია „საქართველოსთვის“ ლიდერ გიორგი გახარიას სცემეს.
შსს-მ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. „გახარია საქართველოსთვის“ წევრი ნათია მეზვრიშვილი კი წერს, რომ იკვეთება მტკიცებულებების განადგურება.
მომხდარზე ინფორმაცია თავდაპირველად მთის ამბები/საქართველოს ამბების რედაქტორმა, გელა მთივლიშვილმა გაავრცელა.
„რუსული რეჟიმის პარლამენტის და აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატები (დაზუსტებით — დიმიტრი სამხარაძე, გიორგი მანველიძე) და სხვები (სავარაუდოდ ვარლამ ლიპარტელიანი) ჯგუფურად თავს დაესხნენ გიორგი გახარიას — ყოფილ პრემიერს, მანამდე ჩვენს მეგობარს, რომელიც ამავე სასტუმროში იყო დაბინავებული. გახარია კლინიკაშია გადაყვანილი“, — წერს მთივლიშვილი სოციალურ ქსელში.
გიორგი მანველიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს ყოფილი წევრია, დღეს ის აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრის მოადგილის პოსტს იკავებს.
კლინიკის მორიგე ექიმის განმარტებით, გახარიას აქვს ცხვირის ძვლის მოტეხილობა და ტვინის შერყევა. მისი მდგომარეობა სტაბილურია და გახარიამ თავისი სურვილით დატოვა კლინიკა.
„ოცნების“ ეს წევრები, გახარიამდე გარკვეული პერიოდით ადრე, ამავე სასტუმროს ლობიში თავს დაესხნენ ჟურნალისტ ზვიად ქორიძეს, პოლიცია კი გამოძახებაზე დაგვიანებით მივიდა.