გერმანიის კანცლერ ოლაფ შოლცს პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა

6 days ago 7

გერმანიის პარლამენტმა ფედერალურ კანცლერ ოლაფ შოლცს უნდობლობის ვოტუმი გამოუცხადა კოალიციური მთავრობის დაშლის შემდეგ.

შოლცს ნდობა გამოუცხადა 733-დან მხოლოდ 207-მა დეპუტატმა - მისი სოციალ-დემოკრატიული პარტიის (SPD) წარმომადგენლებმა. უნდობლობას მხარი დაუჭირა 394-მა, თავი შეიკავა 116-მა დეპუტატმა. ნდობის მოსაპოვებლად საჭირო იყო 367 ხმის მიღება.

შოლცის კაბინეტისთვის უნდობლობის გამოცხადება მოსალოდნელი იყო. პოლიტიკოსები უკვე შეთანხმდნენ ბუნდესტაგის ვადამდელი არჩევნების წინასწარ თარიღზე - 23 თებერვალზე.

კენჭისყრამდე შოლცი დეპუტატებს ესაუბრა. „პოლიტიკა არ არის თამაში“, - თქვა მან და თავისუფალი დემოკრატიული პარტია (FDP) დაადანაშაულა კოალიციის დაშლაში, რომელშიც ასევე შედიოდნენ სოციალ-დემოკრატები და მწვანეები. შოლცი ასევე გამოვიდა ქვეყნის თავდაცვაში „მასშტაბიანი ინვესტიციების“ მოწოდებით და პირობა დადო, რომ გერმანია დარჩება „უკრაინის ყველაზე ძლიერი მხარდამჭერი ევროპაში“. ამასთან, კანცლერმა თქვა, რომ ის არასოდეს „გაგზავნის ამ ომში გერმანელ ჯარისკაცებს“ და კონფლიქტს არ გააღვივებს.

ნდობის ვოტუმის თაობაზე კენჭისყრა თავად შოლცმა მოითხოვა მას შემდეგ, რაც მან ნოემბერში ფინანსთა მინისტრი კრისტიან ლინდნერი გაათავისუფლა ბიუჯეტის დაფინანსების თაობაზე უთანხმოების გამო. ლინდნერი ასევე თავისუფალი დემოკრატიული პარტიის ლიდერია. ამის შემდეგ კოალიცია დაიშალა.

ახლა გერმანიის პრეზიდენტმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა პარლამენტი უნდა დაითხოვოს. ამისათვის მას 21 დღე აქვს, თუმცა, სავარაუდოდ, გადაწყვეტილება სწრაფად იქნება მიღებული და ვადამდელი არჩევნები 23 თებერვალს გაიმართება.

გამოკითხვებით თუ ვიმსჯელებთ, წინასაარჩევნო კამპანიაში ლიდერობს კონსერვატიული ბლოკი ქრისტიანულ-დემოკრატიული კავშირი/ქრისტიანულ-სოციალური კავშირი (CDU/CSU), რომლის ხელმძღვანელია ფრიდრიხ მერცი. ბლოკი მხარს უჭერს თავდაცვის ხარჯების გაზრდას და უკრაინის აქტიურ დახმარებას და მტკიცედ უარყოფს სამშვიდობო მოლაპარაკებების ვარიანტს კრემლის პირობებით. ასევე, გამარჯვების შემთხვევაში, მერცმა არ გამორიცხა უკრაინისთვის გერმანული რაკეტა Taurus-ის მიწოდება, რასაც კიევი დიდი ხანია ითხოვს, რათა შეძლოს ინფრასტრუქტურის დაცვა რუსეთის თავდასხმებისგან.

მესამე ადგილზეა შოლცის სოციალ-დემოკრატიული პარტია, მეოთხეზე კი მისი კიდევ ერთი ყოფილი პარტნიორი კოალიციაში - მწვანეები.

გამოკითხვები მეორე ადგილს ანიჭებს მემარჯვენე პოპულისტურ პარტიას ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD). თუმცა, მასთან ერთად მთავრობის შექმნა არავის სურს.

გერმანიაში კანცლერისადმი ნდობის თაობაზე კენჭისყრა იშვიათობაა. ამჟამინდელი კენჭისყრა მეექვსეა ქვეყნის ომისშემდგომ ისტორიაში.

სრულად წაკითხვა