გერმანიის პოლიცია აფრთხილებს ფირმებს რუსი თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს მხრიდან შესაძლო საბოტაჟის შესახებ

2 days ago 4

გერმანიის სისხლის სამართლის ფედერალური პოლიცია (BKA) აფრთხილებს კომპანიებს, რომ მათ თანამშრომლებსა და კონტრაქტორებს შორის, შესაძლოა, იყვნენ პირები, რომელთაგან მოსალოდნელია საბოტაჟი რუსეთის სახელმწიფოს სახელით, - ნათქვამია კონფიდენციალურ დოკუმენტში, რომელსაც Reuters-ი 19 დეკემბერს გაეცნო.

დანაშაულებრივი მოქმედებები შეიძლება იყოს "ჯაშუშობას და პროპაგანდა, ასევე საბოტაჟი, რამაც შეიძლება საფრთხე შეუქმნას ან შეაფერხოს მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურისა და კომპანიების მუშაობა", ნათქვამია დოკუმენტში. თუმცა, ყურადღება უნდა მიექცეს უფრო მცირე ქმედებებსაც, როგორიცაა უნებართვო ფოტოები და ვიდეო ჩანაწერები, კომპანიის ტერიტორიაზე უკანონო შეღწევა, გრაფიტი, ხანძარი და აფეთქებები, თუ ისინი "ხდება ისეთ ვითარებაში, რომელიც შეიძლება ემსახურებოდეს რუსეთის ინტერესებს", დასძენს დოკუმენტი.

ბერლინში რუსეთის საელჩოსთან დაკავშირება კომენტარის მიღების მიზნით, ვერ მოხერხდა.

რუსეთი უარყოფს ბრალდებებს დასავლეთის ქვეყნებში საბოტაჟის შესახებ და დასავლეთს რუსეთის შიგნით უთანხმოების დათესვის მცდელობაში ადანაშაულებს.

გერმანიის პოლიცია ამასთან მიუთითებს დრონების უნებართვო ფრენებზე ისეთი ობიექტების თავზე, რომელთა შორისაა სამხედრო ობიექტები, ბუნებრივი თხევადი გაზისა და ნავთობის ტერმინალები, საზღვაო ნავსადგურები და სატრანსპორტო ფირმები - როგორც ბოლო თვეებში რუსეთის სახელმწიფოებრივი სტრუქტურების მხრიდან სავარაუდო საბოტაჟის მაგალითებზე.

ამანათები, რომლებიც წელს აფეთქდა სატრანსპორტო საწყობებში მთელ ევროპაში, "სავარაუდოდ, (რუსეთის) სახელმწიფოს სახელით იყო გაგზავნილი სატვირთო მომსახურების კომპანიებისა და სხვა სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის დაზიანების მიზნით", განაცხადა BKA-მ.

დოკუმენტი აფრთხილებს კომპანიებს რუსეთის მცდელობების შესახებ, "დაუკავშირდნენ ცალკეულ თანამშრომლებს, მაგალითად, სოციალური მედიის საშუალებით, მათზე გავლენის მოხდენის, მგრძნობიარე ინფორმაციის მოპოვების ან სავარაუდო შიდა დამნაშავეების გადაბირების მიზნით."

გერმანიის საგარეო დაზვერვის სამსახურის ხელმძღვანელმა, ბრუნო კალმა, გასულ თვეში განაცხადა, რომ რუსეთის დივერსიულმა მოქმედებებმა დასავლეთის ობიექტების წინააღმდეგ, საბოლოოდ, შეიძლება აიძულოს ნატო, განიხილოს ალიანსის მე-5 მუხლის ურთიერთდაცვის პუნქტის გამოყენების შესაძლებლობა. ამ მუხლის თანახმად, თუ ნატოს წევრზე ხორციელდება თავდასხმა, ალიანსის დანარჩენი წევრები ვალდებული არიან, დაეხმარონ მას საპასუხო მოქმედებაში.

სრულად წაკითხვა