გიორგი ახობაძეს, რომელიც აცხადებს, რომ ნარკოტიკი ჩაუდეს, წინასწარი პატიმრობა შეუფარდეს

1 week ago 6

აქციაზე ერთ-ერთ დაკავებულ დემონსტრანტს, გიორგი ახობაძეს, რომელსაც ნარკოდანაშაულს ედავებიან, სასამართლომ, აღკვეთის ღონისძიების სახით, წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

გადაწყვეტილება მოსამართლე ლელა მარიდაშვილმა მიიღო. მან გაითვალისწინა პროკურორ შმაგი გობეჯიშვილის მტკიცება, რომ არსებობდა საფრთხე დაკავებულის მხრიდან ახალი დანაშაულის ჩადენის, მტკიცებულებების განადგურებისა და მიმალვის.

გიორგი ახობაძე პროფესიით ექიმია. მის წინააღმდეგ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ნარკოტიკული საშუალების უკანონო დამზადება, წარმოება, შეძენა, შენახვა, გადაზიდვას ან გადაგზავნას გულისხმობს. მას 8-დან 20 წლამდე ან უვადო პატიმრობა ემუქრება.

როგორც ახობაძემ ადვოკატთან პირველივე შეხვედრისას გაიხსენა, მისი დაკავებისას ვიდეოგადაღება არ მიმდინარეობდა და დაკავებისას იგრძნო, როგორ ჩაუცურეს ჯიბეში რაღაც. ის მეგობართან ერთად თამარ მეფის მიმდებარე ტერიტორიაზე მოძრაობდა, როცა საპატრულო პოლიციამ გააჩერა. ახობაძე მესამე დღეა შიმშილობს.

სრულად წაკითხვა