გიორგი გვიმრაძემ დატოვა ახალი ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი საზოგადოებრივ მაუწყებელზე

2 weeks ago 14

გიორგი გვიმრაძემ დატოვა საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი და მიმდინარე ამბების ბლოკის დირექტორის პოსტი.

ეს ინფორმაცია, რაც რადიო თავისუფლებას ინფორმირებულ წყაროზე დაყრდნობით ჰქონდა, საზოგადოებრივი მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში დაუდასტურეს 4 დეკემბერს.

გვიმრაძე ამ პოზიციაზე 2015 წლის ოქტომბრიდან მუშაობდა.

მაუწყებლის კომუნიკაციების სამსახურში არ აზუსტებენ მისი გადაწყვეტილების მიზეზს.

რადიო თავისუფლება ცდილობს თავად გიორგი გვიმრაძესთან დაკავშირებას და მიზეზის გარკვევას.

4 დეკემბერს 12:00 საათზე მან ფეისბუკზე დაწერა, რომ ის არის „პასუხისმგებელი“ ინტერვიუზე კიმბერლი ლოუსთან, რომელიც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა საზოგადოებას გააცნო, როგორც აშშ-ის მომავალი პრეზიდენტის ადმინისტრაციის შესაძლო წარმომადგენელი ევროკავშირში, - როდესაც ეს ინფორმაცია არ დასტურდება.

„ამ ინტერვიუს გარკვეული ნაწილების გამოქვეყნებაზე, პასუხისმგებელი ვარ მე და მხოლოდ მე და არავინ ჩემს გარდა“, - დაწერა გვიმრაძემ.

ამავე დროს, გვიმრაძე ამბობს, რომ ლოუს პირადად ის ესაუბრა: „არ თქმულა, რომ ის არის მომავალი ადმინისტრაციის წარმომადგენელი, ის შეიძლება გახდეს, რასაც თავად ამბობს ამ ეტაპზე მხოლოდ. და სწორედ ამიტომ, ითქვა რომ შესაძლოა იყოს. თუმცა ის რომ რესპუბლიკური პარტიის წევრია და თან კენჭს იყრიდა სენატში ეს ადვილად იძებნება. მისი კავშირები, ტრამპის მომავალი ადმინისტრაციის უკვე დასახელებულ წევრებთან, ასევე იძებნება. ამის გარდა, ქალბატონი კიმბერლი, არაფერს ამბობს ისეთს რაც არ უთქვამს ტრამპთან დაახლოებულ სხვა ადამიანებს. ამდენად მისი გამონათქვამები, დიდწილად თანხვედრაშია ტრამპის პოლიტიკის ძირითად გზავნილებთან და ეს არის მნიშვნელოვანი“, - დაწერა მან.

კიმბერლი ლოუ შესახებ არ იძებნება ინფორმაცია არც მისი რაიმე ფორმით ტრამპის ადმინისტრაში შესაძლო დასაქმებაზე და არც ევროკავშირში შესაძლო წარმომადგენლობაზე. ინტერვიუში, რაც საზოგადოებრივმა მაუწყებელმა გაავრცელა, იგი ამბობს, რომ „შეერთებულ შტატებში იყო გარკვეული ქმედებები, რომლებიც ძალიან უსამართლო გახლდათ საქართველოს მიმართ“.

ამ ინტერვიუდან ციტატები სხვა პროსახელისუფლებო ტელეარხებმაც გაავრცელეს, მათ შორის „იმედმა“: „ტრამპის ახალ ადმინისტრაციასთან ერთად, აშშ-სა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაუმჯობესდება და ჩვენ ვაპირებთ, დაგეხმაროთ ევროკავშირთან მოლაპარაკებების კვლავ გახსნაში“, - ამბობდა ლოუი.

გადაწყვეტილებამდე ოთხი დღით ადრე, 30 ნოემბერს გიორგი გვიმრაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობაში პროტესტის ნიშნად შესულ მოქალაქეს, ჟურნალისტ ნინია კაკაბაძეს ხელი ჰკრა.

„გვიმრაძესთან მივედი და პასუხს ვთხოვდი კადრებზე, რაც პირველი არხის ეთერში გავიდა. ვეკითხებოდი, რატომ მოხდა ეს კადრები მათ ეთერში, ამაზე გაღიზიანდა ძალიან, თითი მივადე და ამაზე აყვირდა - ხელს ნუ მახლებო, მკრა ხელი და მეც დავარტყი სახეში. მაგინებდა, საცემად იწევდა, ხელი მოიქნია კიდევაც, უბრალოდ გააკავეს“, - თქვა კაკაბაძემ.

იმავე დღეს, გარდა ნინია კაკაბაძის ეპიზოდისა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორმა შეურაცხყოფა მიაყენა შენობაში მყოფ ქალს.

„შეგიძლია, ამილოკო... რატო, ვითომ, არ იცი?.. მაგარი დარწმუნებული ვარ, მაგარს ლოკავ“, - უთხრა გვიმრაძემ მოქალაქეს.

გვიმრაძეს, მაუწყებლის ახალი ამბების ბლოკის დირექტორობის გარდა, მიჰყავდა გადაცემა „42-ე პარალელი“.

სრულად წაკითხვა